ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"
ავტორი: კვარაცხელია
დასაწყისი
იმ ღამეს არ უძინია ზურას... ნუკიზე ფიქრობდა... იმ ღამეს არც ნუკის უძინია, ზურაზე ფიქრობდა. და ასე, ერთმანეთზე ფიქრში დაათენდა ორივეს...
მეორე დილით, ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული, როცა სამზარეულოში მოფუსფუსე ნუკის ზურა თავს წამოადგა. გოგონა შეაკრთო მისმა ადრიანად გამოჩენამ. გულმა რეჩხი უყო.
- გამოსამშვიდობებლად მოხვედი? - ნაღვლიანი ხმით შეეკითხა და იატაკს ჩააჩერდა.
ზურას არ გამოჰპარვია, გოგონამ "შენობით" რომ მიმართა და გული აუძგერდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნუკი უკვე თავისიანად მიიჩნევდა მას.
- ჰო. დღეს მივდივარ და დრო ვიხელთე, რომ ერთხელ კიდევ მენახე. მერე ვეღარ მოვიცლიდი.
- არ ღირდა ამისთვის დროის გამონახვა, - ჩურჩულით აღნიშნა ნუკიმ.
- თუ დროის დაკარგვა?
- ეს ერთი და იგივეა.
- მე აუცილებლად ჩამოვალ, ძალიან მალე ჩამოვალ და რაღაც მოვიფიქროთ, კარგი? - ზურამ თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი აუწია, რომ კიდევ ერთხელ ჩაეხედა მის ლამაზ თვალებში.
- როგორც გინდა, - ძლივს გასაგონი ხმით უპასუხა გოგონამ და შეხედა.
მამაკაცმა შეამჩნია, რომ მის თვალებში სიცარიელეს და იმედგაცრუებას დაესადგურებინა. გული დაეწვა.
- არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე მომენტი, როცა ახლობელ ადამიანს შორდები, - დაიწყო ნუკიმ, - ეს პროცესი ზღვის ბობოქარ ტალღებს მაგონებს, რომელიც ეს-ესაა, ნავს დაამსხვრევს და ფსკერზე ჩაძირავს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, დროზე დაამთავრო და არ გაწელო გამომშვიდობების სცენა.
ეს ზედმეტად თამამი განაცხადი იყო მისი მხრიდან. ზურას, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა ნუკისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, თუმცა ხვდებოდა, რომ გოგონას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. ის იმ ერთადერთ იმედად მოვლენილ ხავსსაც კარგავდა, რომელსაც, ეს-ესაა, მოეჭიდა. და ამწუთას იგი აღარ ჰგავდა პატარა გოგონას. ის ახლა ნამდვილი მირანდა იყო.
- მაგრამ ხანდახან ის, რაც ორ ადამიანს ერთმანეთს აშორებს, მათ ერთმანეთთან დაახლოებას უფრო უწყობს ხელს, - ახსნა დაიწყო მამაკაცმა, - ის სიძნელეები, რაც მოელით ცხოვრებაში, ბოლოს მაინც აერთიანებს ორივეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერასდროს შეხვდებოდნენ. მე და შენ ორი მარტოხელა ვართ და მაშინ შევცდით, როცა დროის ისარი წინ გადავწიეთ. ეს შორეულ წარსულში მოხდა, ჩვენი გზები სწორედ მაშინ გაიყო. სამაგიეროდ, ზღვამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს და ახლა უკვე ჩვენი ნებაა, დავიკარგებით თუ არა. გამოვცადოთ ერთმანეთი, რას იტყვი? - ჰკითხა ზურამ და მეგობრულად გაუღიმა, მაგრამ არა ნუკის, არამედ იმ პატარა გოგონას, რომელსაც წლების წინ იცნობდა.
- ძალიან შეგეჩვიე... ალბათ გამიჭირდება, - ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა ნუკიმ და მსუბუქად ჩაახველა.
- ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითი როდია, მათ შორის ჩვენი შეხვედრაც. არსებობს კეთილგანწყობა, ყურადღება, დახმარება და თანადგომა, - ზურა დაიძაბა.
გოგონა მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა.
- თქვენ მე მსწავლობთ? - კვლავ თავაზიან ფორმას დაუბრუნდა იგი.
- ცხოვრების ასე გაგრძელება არ ივარგებს, ნუკი. შენ, ფაქტობრივად, ერთ ადგილს ტკეპნი, ეს კი არაფერს მოგიტანს. ხანდახან უნდა გაიქცე, თუკი ამის საჭიროებას ხედავ. თავს ძალა უნდა დაატანო და გაიქცე, უკანმოუხედავად. არ არსებობს რეკორდი, რომლის გაუმჯობესება არ შეიძლება. ყოველთვის გამოჩნდება უკეთესი გზა...
- რაღაც არა მგონია, ეს შევძლო... არავითარი სურვილი არა მაქვს, გავაგრძელო ცხოვრება. მირჩევნია, საერთოდ არ ვარსებობდე, ვიდრე...
- გადაარჩინეთ ქალი! - უხერხული სიტუაციის განსამუხტავად მხიარულად შესძახა ზურამ და ნუკის მხრებში ჩააფრინდა, - რა გჭირს, ასე უნდა გამაცილო? იქნებ ერთი-ორი პეშვის იტირო კიდეც? ხომ გითხარი, ჩამოვალ-მეთქი.
- ჰო.
- იქამდე დაგირეკავ, მოგიკითხავ...
- მობილური არ მაქვს, - ყრუ ხმით თქვა.
- ჩემსას დაგიტოვებ, - იპოვა გამოსავალი ზურამ.
- არა, არა, რას ამბობ! - დაფეთდა ნუკი.
- ვიცი, რასაც ვამბობ. ორი ნომერი მაქვს და ორი აპარატიც. ერთს შენ დაგიტოვებ... მძევლად. ხომ უნდა გამომცადო, რამდენად ვარ სიტყვის პატრონი? აჰა... ეს ნომერი ძალიან ცოტამ იცის, ამიტომ სულ ორი-სამი ადამიანი თუ მომიკითხავს. უთხარი, მეორე ნომერზე დაურეკეთ-თქო, თუ ვინმემ მიკითხა. გამომართვი და არაფერი მითხრა, მაინც არ მოგისმენ! მეც დაგირეკავ.
ზურამ უბრალო, შავი ტელეფონი ხელში ძალით მიაჩეჩა ნუკის, შუბლზე აკოცა გოგონას, მერე თითები ნაზად ჩამოუსვა ღაწვებზე და არეული ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.
***
- ნუკი! ნუკიიიიიიიიი! - ეკას ყვირილმა არემარე გააყრუა.
შუადღე გადასული იყო. ნუკი კვლავ სამზარეულოში ტრიალებდა, კერძებს აცხელებდა სუფრის გასაწყობად. გვიან ღამით მაქსი ჰოლანდიაში მიფრინავდა და გამოსამშვიდობებელი ვახშამი უნდა გაემზადებინა. სტუმრები აღარ იყვნენ სახლში, მხოლოდ თათული დარჩა, ეკას მეჯვარე და თამარას ორი დაქალი, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ისინი ყველანი ერთად აპირებდნენ სიძის გაცილებას და დროებით უქმროდ დარჩენილი ეკასთვის ნუგეშისცემას.
- აქ ვარ, რა იყო? - გოგონამ თავი გაჰყო სამზარეულოდან და თვალებით ბიძაშვილს დაუწყო ძებნა.
- სად არის? - დოინჯი შემოიყარა ეკამ და აქოშინებული მიაჩერდა გოგონას.
- ვინ, მაქსი? წეღან გავიდნენ ეზოდან დედაშენი, მამაშენი და მაქსი.
- მაქსი კი არა, ჩემი საყურე.
- რომელი საყურე?
- მაქსმა რომ ჩამომიტანა.
- მე რა ვიცი, - მხრები დაბნეულად აიჩეჩა.
- აბა ვინ იცის? წუხელ რომ მოვიხსენი, სარკის წინ დავდე!
- საერთოდ არ შევსულვარ შენს ოთახში, იქ რა მინდოდა? - აგდებულად მიუგო ნუკიმ, - სადმე შეინახე ალბათ და არ გახსოვს, კარგად ნახე.
- რა არ მახსოვს, ქალო, გაგიჟდი? როდის იყო, რამე მავიწყდებოდა! მთელი ოთახი გადავქექე! - ბოლო ხმაზე კიოდა ეკა.
- და მაინცდამაინც მე რატომ მეკითხები? ამ სახლში ჩემ გარდა არავინაა?
- იმიტომ, რომ შენ გარდა არავინ აიღებდა, ქალბატონო! - ნიშნის მოგებით მიუგო გაკაპასებულმა პატარძალმა.
ნუკის ტუჩები მოებრიცა აღელვებისგან. სახე წაეშალა. გაფითრებულმა თავი ვერ შეიკავა და თავადაც აყვირდა.
- ახლა ქურდიც გინდათ გამხადოთ, არა? ის არ გეყოთ, მთელი ცხოვრება თქვენს მოსამსახურედ რომ ვგრძნობდი თავს? კარგი რა, მართლა და მართლა კარგი! გეყოთ ჩემი დამცირება, საკმარისია! რაკი მშობლები არ მყავს, ბიძის ოჯახში ასეთი დამცირება უნდა ავიტანო?
- რაო? რა მოსამსახურეო, რა თქვი, გაიმეორე?! ვირო მადლიო, შენზეა ნათქვამი, შე უმადურო! ეგ გვეკუთვნის შენგან? გადაყოლილია დედაჩემი შენზე, ასე უფასებ ამაგს? შენ კი... შენ ვინ ყოფილხარ საერთოდ! ახია მამაჩემზე ყველაფერი! ახლავე დააბრუნე ჩემი საყურე, ან საერთოდ გაეთრიე ამ სახლიდან!
- ჰოდა, მივდივარ! - მტკიცე ხმით დაუბრუნა პასუხი ნუკიმ მდგომარეობიდან გამოსულ ბიძაშვილს, წინსაფარი მოიხსნა, იქვე სკამზე მიაგდო და სამზარეულოდან გავარდა.
არ ახსოვს, როგორ შევიდა თავის ოთახში. ხელები უკანკალებდა მღელვარებისგან. კარადა გამოაღო, თეთრეულის ქვეშ ამოდებული ორასი ლარი გამოიღო, კვლავ სამზარეულოში შევარდა და ჯერ კიდევ ქადაგად დავარდნილ ეკას მაგიდაზე დაუგდო.
- აი, ფული შენი საყურის სანაცვლოდ. ახლა მეტი არ მაქვს, დანარჩენს მერე გამოგიგზავნი! - ზიზღით მიახალა და ისევ თავის ოთახში აბრუნდა ბარგის ჩასალაგებლად.
მორჩა! ეს ბოლო წვეთი იყო! მისი მოთმინების ფიალაც აივსო. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ ვერასდროს გადაწყვეტდა აქედან გაქცევას. ერთი სამოცი ლარიც აქვს გადანახული, წვრილი ფული. მთავარია, თბილისამდე ჩააღწიოს. იქ ნელიკოსთან მივა, თავის ერთადერთ დაქალთან. დროებით მასთან დარჩება. რაღაც სამუშაოს როგორ ვერ გამოძებნის? მიმტანადაც კი იმუშავებს, თუ საჭირო გახდება. ამასობაში ზურაც მოიკითხავს, ისიც დაეხმარება. ხომ უთხრა, შენ გვერდით მიგულეო? ჰოდა, ეგრე!
ოცი წუთის შემდეგ ნუკი თავისი სამგზავრო ჩანთით უკვე გზას ადგა. ისე წამოვიდა სახლიდან, ხუტას და თამარას დაბრუნებას არ დაელოდა, ვაითუ, გადამაფიქრებინონო. ამიტომ ჩქარობდა.
ცაზე შავი ღრუბლები გაწოლილიყო. ეტყობოდა, რომ ძლიერად გაწვიმდებოდა. ფართო ნაბიჯებს ადგამდა, რომ ტრასამდე რაც შეიძლება, სწრაფად მიეღწია, რათა არ დასველებულიყო და ავტობუსის (თუნდაც ტაქსის) გაჩერება მოესწრო. მოულოდნელად მანქანა წამოეწია და მის გვერდით გაჩერდა.
- ნუკი, საით? შემიძლია დაგეხმარო? - ნაცნობმა ხმამ გული და სული გაუთბო...
- ტაქსი გამაჩერებინე, გთხოვ...
- საით გაგიწევია?
- არ ვიცი... სულერთია, ოღონდ კი აქაურობას მოვშორდე! - ცრემლები გაურია ნათქვამს, - როგორმე თბილისამდე უნდა ჩავაღწიო.
- ტაქსით? - გაოგნდა ზურა, - იცი კი, რამდენი უნდა აქედან თბილისამდე ტაქსის? მაგდენი ფული გაქვს? მოდი, დაჯექი, მე წაგიყვან, თან გზაში დავილაპარაკოთ.
თავიდან გოგონამ თავაზიანად გააპროტესტა შემოთავაზება, მაგრამ მერე თანდათან დათმო, რადგან წვიმის პირველმა წვეთებმა უკვე დაუსველა შიშველი მხრები...
ზურას მანქანა ნელი სვლით მიყავდა, შიგადაშიგ მის გვერდით საცოდავად მობუზულ ნუკის გამოხედავდა.
- აბა? მეტყვი ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა? - დაარღვია დუმილი მამაკაცმა.
- მე ქურდი არ ვარ! - აღელვებული ალაპარაკდა გოგონა, - ამას ვერავინ დამწამებს! აღარ შემიძლია მეტის ატანა! შეურაცხყოფაც არის და შეურაცხყოფაც!
- მერედა, ვინ გითხრა, ქურდი ხარო, რა დაგაბრალეს? ვინ? - ზურამ სვლა კიდევ უფრო შეანელა.
- ეკამ საყურე დაკარგა და მე მომდგა, შენ გარდა არავინ აიღებდაო. როდის ერთხელ ამიღია რამე! ცხოვრებაში ხელი არ მიხლია მისი ნივთებისთვის! - ხმა აუკანკალდა ნუკის, ნიკაპი დაუგრძელდა. საცაა, ატირდებოდა.
- დამშვიდდი, რა განერვიულებს?
- ამ დილით არც კი შევსულვარ მის ოთახში, მაქსის მომერიდა. ვიფიქრე, მოგვიანებით დავალაგებ-მეთქი. არადა, არ მესმის, ამხელა გოგოს მე რატომ უნდა ვულაგებდე ოთახს, რას მიკეთებს თვითონ? მიეჩვია კომფორტს! უმადური! მადლობის მაგიერია? მე რომ არა, მაქსის ცოლი ვერასდროს გახდებოდა!
- ეგ რანაირად? - ეშმაკურად ჩაეღიმა მამაკაცს, თუმცა მშვენივრად იცოდა, რა წვლილიც მიუძღოდა ნუკის ეკას გათხოვებაში.
- არა უშავს, მოვა დრო და ყველაფერს მიხვდება... იმედია, - მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა გოგონამ, - კაცმა არ იცის, სად მიაგდო ის საყურე და ახლა მე უნდა ყველაფერში დამადანაშაულოს. თუ მისთვის ასეთი ძვირფასი იყო, ვერ გაუფრთხილდა? მე რა შუაში ვარ? - არ ჩერდებოდა.
- თამარამ რა თქვა ან ბიძაშენმა?
- არ იყვნენ სახლში. ბიცოლაჩემთან ისედაც აზრი არა აქვს ლაპარაკს, მაინც მის მხარეს დაიჭერდა. ბიძია კიდევ... ეჰ... - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ფანჯარაში გაიხედა.
ამასობაში თავსხმა წვიმა დაიწყო. მანქანის სახურავი წამოსული თქეშისგან ძლიერად ახმაურდა.
- რა დაუშვა?! - ცას გახედა ზურამ, - ახლა რას აპირებ?
- თუ თბილისამდე ჩამიყვან, მერე მივხედავ ჩემს თავს. ბინას ვიქირავებ, სამსახურში მოვეწყობი... თუ არადა, მაშინ სადმე გამიჩერე და რამეს გავყვები, ფული მაქვს.
- ამდენი? - გაეცინა მამაკაცს, - თან თბილისამდე ჩახვიდე, თან ბინა იქირაო, თან სამსახური იშოვო...
- მექნება!
- თბილისში ვისთან უნდა მიხვიდე, ღამე სად უნდა გაათიო?
- ჩემს მეგობართან, საბურთალოზე ცხოვრობს. თან მარტოა. დროებით მასთან დავრჩები... მერე ვნახოთ.
- იცის, რომ მიდიხარ?
- არა, არ იცის, მაგრამ პრობლემა არ არის, ნებისმიერ დროს მიმიღებს.
- შინ რომ არ დაგხვდეს? ან მარტო არ იყოს? იქნებ...
- რა იქნებ? - ნუკის შიში ჩაუდგა თვალებში.
- რა იცი, რა ხდება. იქნებ გათხოვდა, ან მეგობარი მამაკაცი გაიჩინა, ან... რა ვიცი, შენ არა თქვი, მარტო ცხოვრობსო?
- რომ გათხოვილიყო, შემატყობინებდა. მეგობარი მამაკაცი კი... - ოდნავ შეყოყმანდა, - ეგეთი არ არის, - ბრაზნარევი ტონით დააყოლა.
- როგორი ეგეთი? - მამაკაცს სიცილი აუტყდა.
ნუკი დადუმდა. რა თქვა სასაცილო? ნირწამხდარმა ტუჩი აიბზუა და კოპები შეყარა.
- მაპატიე, არ გეწყინოს. უბრალოდ, ძალიან ბავშვურად გამოგივიდა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მეგობარი მამაკაცის ყოლა "ეგეთობას" სულაც არ ნიშნავს.
გოგონა აილეწა, მაგრამ კვლავ დუმილი ამჯობინა.
- ბიძაშენი რომ მოგიკითხავს, უხერხული არ იქნება? ძებნას დაგიწყებენ, ანერვიულდებიან. გიფიქრია ამაზე?
- თავს არავინ მოიკლავს. პირიქით, გაუხარდებათ, საბოლოოდ დაისვენებენ ჩემგან!
- ხუტაც?
- ის... ის ერთადერთია, ვისაც გული შესტკივა ჩემზე. არა უშავს, მერე დავურეკავ და დავამშვიდებ.
- იმედია, იპოვნიან საყურეს, შენც შეურიგდები ეკას და უკან დაბრუნდები, - ზურა შემპარავად ლაპარაკობდა, აინტერესებდა, რამდენად გაბედული იყო მისი მირანდას გადადგმული ნაბიჯი.
- არავითარ შემთხვევაში! მორჩა, საბოლოოდ წამოვედი მათგან. თუ იპოვნიან იმ საყურეს, ხომ კარგი, თუ არადა... 200 ლარი დავუტოვე და დანარჩენს მერე გამოვუგზავნი, როგორც კი მუშაობას დავიწყებ.
- რა 200 ლარი?
- გადანახული მქონდა და მივეცი საყურის სანაცვლოდ. დანარჩენი ვერ გავიმეტე, სახარჯოდ დავიტოვე ცოტა.
- აუჰ! აბა, გაკოტრებულხარ! - გაიხუმრა ზურამ.
- არაფერიც! ეგ ფული საერთოდ არ მადარდებს. კიდევ ვიშოვი! - ჯიბრიანად პასუხობდა.
- ნუკი, გგონია, რომ ამ ყველაფერს ასე ადვილად გაართმევ თავს?
- რატომაც არა... რა, ეჭვი გეპარება? - ირიბად გამოხედა.
- თანაც ძალიან... შენ ხომ ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობ.
ნუკის ფერი ეცვალა ამ სიტყვებზე, თითქოს მტკივნეულ ადგილას დააჭირეს ფეხი. იქნებ შეგნებულად ან მიზანმიმართულად გააკეთა ზურამ ეს, რომ გოგონა მიწაზე დაშვებულიყო?
- მოდი, ასე მოვიქცეთ, - გააგრძელა მამაკაცმა, - ჩავიდეთ თბილისში, რამდენიმე დღით ჩემთან წამოდი, დარჩი, დაისვენე, ცოტა აზრზე მოდი, დაწყნარდი და მერე მოვიფიქროთ, რა ჯობია. არც ბინის ქირა გექნება გადასახდელი და არც მეგობრის შეწუხება მოგიწევს. კარგი?
- მაგრამ...
- არ გვინდა ახლა ეს "მაგრამ" და ა.შ. დამიჯერე, რასაც გეუბნები. უცხო არ ვარ, ხომ მართალია? ამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. თუ მაინცდამაინც გეუხერხულება ჩემთან ერთად ცხოვრება, შენ დარჩი და მე ჩემებთან გადავალ დროებით, სანამ რამეს მოვიფიქრებთ. გაწყობს?
გოგონას ალი წაეკიდა სახეზე. ვერც "ჰოს" ამბობდა, ვერც "არას". მასთან ცხოვრებას სიხარულით დათანხმდებოდა და მადლიერიც დარჩებოდა, მაგრამ ნათესავები როგორ შეხვდებოდნენ მის საქციელს? არ უნდოდა, ვინმესთვის საჭორაო საბაბი მიეცა.
- დროებით-მეთქი, გითხარი, - მის ფიქრს გამოეპასუხა ზურა, - შენებთან საქმეს მე მოვაგვარებ, მაგაზე არ იდარდო.
- არ ვიცი, მოვიფიქრებ, - ჩაიჩურჩულა ნუკიმ და თავი ჩაღუნა.
- რა თქვი? - მამაკაცმა წვიმის ხმაურში მისი სიტყვები ვერ გაარკვია.
- ვნახოთ, რაღაცას მოვიფიქრებ, შენი შეწუხება არ მინდა, - ხმას აუწია ნუკიმ.
- ნუ ხარ ეგრე, ძალიან გთხოვ. ცოტა გაბედული იყავი. აი, ისეთი, ქობულეთში რომ გაგიცანი... ან ისეთი, დამშვიდობების წინ რომ დაგტოვე... რომ ვერ მელეოდი... - თვალებმოწკურულმა ღიმილით შეხედა, - რაო, როგორ მითხარი? როცა ორი ადამიანი ერთმანეთს შორდება, რაო?
- არ მახსოვს, - ნუკის უკვე უხურდა ღაწვები და მთელი სხეული.
- კარგი, კარგი... არ გახსოვს და ნუ გახსოვს, - დაუთმო ზურამ, - თუ გინდა, ერთი 15 წუთით წაუძინე. როცა ჩავალთ, გაგაღვიძებ.
- არა, არ მინდა. ახლა არაფრით არ დამეძინება.
- მაშინ სადმე გავაჩეროთ და წავიხემსოთ. იდეებიც მოგვივა. მე ძალიან მშია. შენ?
- დიდი მადლობა. ახლა ლუკმა არ გადამივა ყელში.
- მაინც ვცადოთ. იქნებ მოვახერხო და გავაღვიძო შენში მადა, - ხაზგასმით წარმოთქვა ზურამ და უხერხულად შეიშმუშნა, მერე კი მაგნიტოფონი ჩართო, რათა თავისი უხერხულობა ამით დაეფარა.
- ეს არც ისე ადვილია, - ორაზროვნადვე უპასუხა გოგონამ და ძალაუნებურად გაეღიმა.
- ყოველი შემთხვევისთვის, მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, - არ დაიხია მამაკაცმა უკან.
- ვაიმე, როგორ წვიმს, არაფერი არ ჩანს, თითქოს ნისლიაო! - გულუბრყვილო შეძახილით აიცდინა მისი შეფარული "შემოტევა" ნუკიმ.
- ჰო, ამაზე იტყვიან, წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურაო, - შენიშნა მამაკაცმა, - მოგწონს ასეთი პოეტური გამოთქმები?
- კი, ძალიან... ბავშვობაში ლექსებსაც ვწერდი, - წამოცდა გოგონას და უმალ ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- რას მელაპარაკები! ამას მიმალავდი? აბა, მითხარი, როგორ ლექსებს წერდი?
ნუკის კვლავ ალმური წაეკიდა სახეზე.
- ახლა აღარ მახსოვს, ეს დიდი ხნის წინ იყო.
- ესე იგი, შეყვარებული იყავი...
- არაააა! - ტყუილზე გამოჭერილი ბავშვივით დაიმორცხვა.
- როგორ არა. გგონია, არ ვიცი, რა აწყებინებს ადამიანს ლექსების წერას?
- ამის მიზეზი მხოლოდ სიყვარული არ არის.
- 99 პროცენტი სიყვარულის ბრალია. არ მეთანხმები?
- არ ვიცი, მე მაგის გამოცდილება არ მქონია.
- როგორ, არასდროს არავინ გყვარებია?
- არა, - ნუკიმ განზე გაიხედა, რათა თვალი აერიდებინა მისკენ ეშმაკურად მომზირალი მამაკაცისთვის.
- აბა, რა გაწერინებდა ლექსებს, თამარას მზრუნველობა?
გოგონას კისკისი აუტყდა. ზურასაც გაეღიმა. გამოუცნობმა სიამოვნების ტალღამ მესამე ჭიქა კონიაკივით გაუხურა სხეული, მათრობელა იყო ეს სიცილი.
- გინდა, მე და შენ ერთად დავწეროთ ლექსი? - ზურაც გამხიარულდა.
- ახლა? - ცალი წარბი აზიდა გაკვირვებულმა.
- ჰო, ახლა. მე დავიწყებ, შენ გააგრძელე... ვცადოთ?
- არააა, ეგრე არ შემიძლია.
- ვცადოთ, შენი რა მიდის. მოიცა!.. - ზურამ წარბები შეჭმუხნა და წამით ჩაფიქრდა, მერე თვალებით გამოხედა მოლოდინით აღსავსე ნუკის და ხავერდოვანი ხმით დაიწყო.
- "მაგიჟებს ეგ შენი ტუჩები"... გააგრძელე!
ნუკიმ უნებურად ტუჩებზე ხელისგული აიფარა და მორცხვად გახედა.
- გააგრძელე, მიდი! გამოგივა! - შეაგულიანა ზურამ.
გოგონამ ჩაახველა, მერე თვალები მზაკვრულად მოხუჭა და ამოთქვა.
- "მე - წვიმით ნაცემი ქუჩები".
- აბა, ერთი ამას დამიხედეთ! მე კომპლიმენტებით ვავსებ, ეგ კიდევ ქუჩებზე ფიქრობს! - სიცილით შესძახა მამაკაცმა და გოგონას ზუსტად ისე მოქაჩა გაშლილ თმაზე, როგორც ბავშვობაში ნაწნავებზე.
ნუკი შეაკრთო ამ ჟესტმა. წარსულმა ტკბილად შეახსენა თავი. ჯერ ნაზად შეხედა ზურას, მერე კი სევდაგაჯერებული ხმით გააგრძელა.
- "შენ რომ მეფერები, ვყუჩდები"...
ზურამ ძლივს მოასწრო დამუხრუჭება. იმდენად გულისმიერი იყო ნუკის ხმა, იმდენად სულში ჩამძვრომი, გონება აერია და საჭე ლამის განზე გაექცა. სალონში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ წვიმის ხმაური ერეოდა ამ სიჩუმეს.
"ვაკოცო თუ არ ვაკოცო?" - ყოყმანობდა კაცი. "მაკოცებს თუ არ მაკოცებს?" - მკითხაობდა ქალი... რამდენიმე წამს გაგრძელდა დაძაბული დუმილი. შემდეგ ზურამ უცნაურად ჩაიღიმა, თვალებში ჭინკები ააცეკვა, მანქანა დაქოქა და ირიბად შემოხედა მღელვარებისგან სახეალეწილ გოგონას.
- "ნუკიმ გადათელა ბუჩქები".
იგი ჯერ გაოგნდა, მერე მიხვდა, მამაკაცი მეორე სტრიქონისთვის სამაგიეროს რომ უხდიდა, პატარა ბავშვივით დაიჯღანა და კეკლუცად მოჰყვა ჭუჭყუნს.
- ეეე! ეგრე არ გამოვა! შენ გააფუჭე ლექსიიიი!
ზურას კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. როგორც იქნა, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. კიდევ კარგი, არ აკოცა, თორემ მათი ურთიერთობა სულ სხვა გზით წარიმართებოდა და ვინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა... არ ღირდა მოვლენების დაჩქარება...
ამიტომაც არ გაბედა...
გაგრძელება