"ბავშვი თუ ტირის და ცრემლი არ მოსდის, თუ მისი საფენი მშრალია და ძილიანობისკენ წავიდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია" - როდის არის კუჭის აშლა და ღებინება სიცოცხლისთვის საშიში - მშობლები

"ბავშვი თუ ტირის და ცრემლი არ მოსდის, თუ მისი საფენი მშრალია და ძილიანობისკენ წავიდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია" - როდის არის კუჭის აშლა და ღებინება სიცოცხლისთვის საშიში

2022-08-18 10:01:52+04:00

ზაფხულობით კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები მატულობს. როდის ხდება საჭირო მოწამვლით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა - თემაზე ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს და ასახელებს იმ სახიფათო სიმპტომებს, როცა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ:- ჩვენს საზოგადოებაში გადასხმის გაკეთება ძალიან პოპულარულია. მგონია, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაცაა. ეს ნახევარი ლიტრი წყალია, რომელიც შეიძლება ყლუპებად მივიღოთ და კათეტერის ჩაყენება სულაც არ დაგვჭირდეს. დაახლოებით იგივეა, ორი ჭიქა წყალი რომ დავლიოთო, ღონდ, უფრო გახანგრძლივებულ დროში.თუმცა, მოწამვლის დროს ხანდაზმული, ახალშობილი და ორსული მეტად საყურადღებოა. ახალშობილსა და ხანდაზმულ ადამიანის სხეულის ცხიმოვანი ქსოვილი მცირეა. კედელი თხელია, ანუ აორთქლება უფრო მარტივად ხდება და ამ ადამიანებში გაუწყლოვნება უფრო მალე მოხდება, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანებში. მათთან ძალიან მალე სიმპტომები ერთმანეთს ემატება და მდგომარეობა მძიმდება. ახალშობილი, გარდა იმისა, რომ ტირის, ჩივილს ვერ გვეუბნება. ტირილის დროს სუნთქვის სიხშირე მომატებულია და კიდევ უფრო მეტად კარგავს სითხეს. ბავშვს მუდმივად საფენი აცვია. ამას თან თუ დიარეა ერთვის, საფენმა, იმ ბაქტერიებმა, რომლებიც განავლოვან მასას მოჰყვება, შეიძლება კანის დაზიანება ძალიან მალე გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ ეს ინფექციის წყაროა, უფრო მეტი წყალი იკარგება. ბავშვი თუ ტირის და ცრემლი არ მოსდის, თუ მისი საფენი მშრალია, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, თუ მისი ყიფლიბანდი იმაზე მეტად ჩაიზნიქა, ვიდრე მანამდე და განსაკუთრებით, თუ ბავშვი ძილიანობისკენ წავიდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია. ყოველთვის გვახსოვდეს, გარდა იმისა, რომ წყალი იკარგება, ორგანიზმში მომწამვლავი ნივთიერებაა, რომელსაც შეიძლება ერთ-ერთი ბაქტერია გამოჰყოფდეს და პროცესს ვერ ვაჩერებდეთ. ბავშვს წყალს ყლუპ-ყლუპად ვერ დავალევინებთ, ვერ მივცემთ ყინულს, ამიტომ მას უფრო მეტი ჩარევა სჭირდება. შეიძლება გადასხმაც კი. რაც შეეხება მოზრდილ ადამიანს, თუ დაფიქსირდა მხედველობის გაორება, იმიტომ, რომ შეიძლება საკვები კონსერვირებული იყოს და ამით იყოს გამოწვეული, თუ გონებრივი სტატუსი შეიცვალა, ოღონდ ამაში არ იგულისხმება ის, რომ სახელი და წელი ვეღარ გავიგოთ - ოდნავ მეტი ძილიანობა, დაბნეულობა, ვიდრე ეს ადამიანს ახასიათებს, ეს გონებრივი სტატუსის შეცვლაა. თუ შარდი გამუქდა, ასევე, თუ შარდის გამოყოფა შემცირდა. თუ სხეულის ტემპერატურამ 38 გრადუსზე მაღლა აიწია, თუ წყალს ვერ ვინარჩუნებთ, საავადმყოფოში წასვლა აუცილებელია. არსებობს ბევრი მოსაზრება, რომ ადამიანს ბევრი სითხე დავალევინოთ და კუჭი ამოვარეცხინოთ. თუ ნიშნები საგანგაშო არ არის, ასეთი ჩარევა, რომ 3 ლიტრი სოდიანი წყალი დავალევინოთ და კუჭი ამოვარეცხინოთ, საჭირო არ არის. თუ ცუდადაა, ჯობს სტაციონარში გადავიყვანოთ და თუ კუჭი ამოსარეცხია, მაშინ სპეციალური მილი ცხვირის ან პირის გავლით კუჭში დგება და შესაბამისი შპრიცით კუჭი ისე ამოირეცხება, რომ ძალით ღებინება საჭირო არ არის. ასევე მოხდება სითხის გადასხმა, დამატებითი მედიკამენტების გამოყენება, რომ მოწამვლის პროცესი გაჩერდეს. mshoblebi