“ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. კონსერვატიზმი სიახლეების რთულად მიღებაში გამოიხატება. რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი
სოფო ბედიას ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, ამ მეცნიერების ძალიან მჯერა, ასტროლოგს პირადი რუკაც შევადგენინე.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პირად რუკას რამდენად ითვალისწინებ?
- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, ვიცი, რა დროა ჩემთვის სასიკეთო, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, თუმცა ფანატიკურად სულ ამ რუკაშიც არ ვიხედები.
- შრომისმოყვარე ხარ?
- მილიონი პროცენტით. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. რომ წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა. ადამიანი რომელ პროფესიასაც უნდა ემსახურებოდეს, მასში ძალიან დიდ შრომას თუ არ ჩადებს, წარმატებული ვერ იქნება. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, შრომისმოყვარეობასთან ერთად, მიზანდასახულიც ვარ.
- “მისთვის უმთავრესია ოჯახი”.
- ნამდვილად ასეა. ბოლო რამდენიმე წელია, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთან დიდი დრო გავატარო. ზაფხულია, ბევრი კონცერტი ტარდება, მეც შემეძლო, დავკავებულიყავი, კონცერტები დამეგეგმა, ამის არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რადგან მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი მაქვს, ზაფხული ჩემი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ახლა მარტვილში ვარ, სოფელში ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად და დროს ყველანი ბედნიერად ვატარებთ. ხანდახან გული კი მწყდება, ნეტავ, რაიმე დამეგეგმა-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდივარ დასკვნამდე, რომ ოჯახი უმთავრესია. სექტემბრიდან ისეთი რეჟიმით მომიწევს მუშაობა, ვიცი, ჩემს შვილებთან ასეთი დოზით ვეღარ ვიქნები.
- “ოჯახის წევრებისგან ზოგჯერ უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირად უსიამოვნების მიზეზი ხდება”.
- საერთოდ, ყურადღება და კონტროლი (კარგი გაგებით) მიყვარს. არ მინდა, ბავშვების აღმზრდელობით საქმეში რაიმე გამომეპაროს. მინდა, ჩემი შვილები იყვნენ ძალიან ზრდილობიანები, მადლიერები და კეთილები. თავად კარგი თვისებები რაც მაქვს, მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ინდივიდები არიან, ჩემნაირები ვერ იქნებიან. მკაცრი ვარ, მაგრამ არავის მორჩილებას არ მოვითხოვ.
- “მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს”.
- საზოგადოებრივ აზრს კი არ ვებრძვი, ვწუხვარ, რომ ამ ბოლო დროს საზოგადოება ძალიან გაბოროტდა. ცდილობენ, კარგი არაფერი დაინახონ და ყურადღება ყოველთვის უარყოფითზე გაამახვილონ ან ძალიან შეგიცოდონ, თუმცა მერე იმ შეცოდებულსაც დიდხანს არ წყალობენ. ცინიზმმა იმატა, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, არარეალიზებულები, არასრულფასოვანნი არიან. ასეთები ყოველთვის სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. დილა რომ თენდება, სოციალური ქსელის სქროლას იწყებენ. ადამიანი, რომელიც კარგად გამოიყურება, ოჯახთან ერთად ბედნიერია, წარმატებული, საქმიანი... ამას ვერ იტანენ. ადამიანებს კარგად ყოფნას, ბედნიერებას ვერ პატიობენ. ძალიან მინდა, დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს და სხვისი ცხოვრებით აღარავინ იცხოვროს.
განაგრძეთ კითხვა