დღეს ზოგიერთ კერძო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. გამოჩნდა ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად გადაღებული ფოტოებიც, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ფეისბუქგვერდებზე. მათ შორის იყო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ქალიშვილიც წელს პირველ კლასში შევიდა (იხილეთ ვრცლად:
ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ქალიშვილი სკოლაში შევიდა - რა თანხას იხდის პრემიერი შვილების განათლებაში).
სწორედ სწავლის დაწყების თემას, ქართველი პოლიტიკოსების არჩევანს - საკუთარი შვილები კერძო სკოლებში მიიყვანონ და საჯარო სკოლებში სავალალო მდგომარეობას მიუძღვნა ვრცელი პოსტი ჟურნალისტმა, ორი შვილის დედამ
ანა მარშანიამ:
"ბევრიდან ერთ-ერთი მკაფიო და მთავარი ინდიკატორი, რაც ჩვენი საჯარო სკოლების დაჭაობებულ და დაქცეულ მდგომარეობას გამოკვეთს, ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებაა საკუთარი შვილები საჯარო სკოლებს არ გააკარონ.
უმაღლესი რანგის პირები - პრემიერ-მინისტრი, მინისტრები (მათ შორის, სხვადასხვა დროს განათლების მინისტრებიც კი), პარლამენტის თავმჯდომარეები, დეპუტატები... თავიანთ შვილებს საჯარო სკოლებში არ ატარებენ და პირველივე კლასიდან კერძო სკოლებს ირჩევენ.
აბა რა, თუ შესაძლებლობა გაქვს, როგორ უნდა გაწირო შვილი გაუნათლებლობისთვის, სწავლების გასული საუკუნის მეთოდებისთვის, დინოზავრებადქცეული დირექტორების მმართველობისთვის, შეშინებულ, უინიციატივო, დაბალკვალიფიციურ, აგრესიულ მასწავლებლებთან ურთიერთობებისთვის, ბულინგისთვის, საფრთხის შემცველი გარემოსთვის, ინფრასტრუქტურის არარსებობისთვის, ანტისანიტარიისთვის ..... (ეს ჩამონათვალი დაუსრულებელია).
რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობენ და საბედნიეროდ, ეს სიტყვები ერთეულ პედაგოგებს არ ეხებათ, დიდი მადლობა მათ. მაგრამ სამწუხაროდ, მათი სიმცირე და განათლების სისტემაში არსებული დაჭაობებული მდგომარეობა, საერთო სურათს ვერ ცვლის.
წელს ჩემი შვილი და მისი კლასელები ერთი დღეც კი არ ყოფილან სკოლაში. ბევრისთვის ცოტა დაუჯერებელია, ხომ? გავიმეორებ და დავაკონკრეტებ. წელს! პირველი იანვრიდან! ჩემი შვილი და მისი კლასელები, ერთი დღეც არ ყოფილან სკოლაში! მეტიც, 10 დღეში სწავლა იწყება და ჯერ არ ვიცით, რომელი ცვლა იქნება, რომელ სკოლაში და საერთოდ, რომელ უბანში მოუწევთ სიარული. საუბარი ზედმეტია ცხრილსა და სხვა დეტალებზე, რომელიც გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ალბათ, ოქტომბრამდე არ გვეღირსება.
დაკეტილი, სარემონტო, დემონტაჟის პროცესში მყოფი, მთელი წელი ტენდერგამოუცხადებელი, დანგრეული თუ დასანგრევად გამზადებული საჯარო სკოლების პირობებში, სრული განუკითხაობა და უპატრონობაა. იმის გამო, რომ მშობლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის სად, როდის და რომელ ცვლაში იწყება სწავლა, ვერ გეგმავს სასწავლო წელს, ვერ უთანხმდება რეპეტიტორებს, რომელთა დახმარება ამ მიწასთან გასწორებულ მდგომარეობაში აუცილებელია, ვერ გეგმავს წრეებსა და სხვადასხვა აქტივობას.
დღეს პრემიერის შვილებმა სწავლა დაიწყეს და ამის შესახებ ოჯახური ფოტოც გაავრცელეს. გულწრფელად ვუსურვებ ბავშვებს დიდ წარმატებებს, ნათელ მომავალსა და ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც განათლებაზე პასუხისმგებელი მოხელეები საჯარო სკოლებში არსებულ გაუნათლებლობას კერძო სკოლებში არ გაექცევიან, არამედ უთანასწორო გარემოზე პასუხისმგებლობას აიღებენ და ამის გამოსწორებას შეეცდებიან.
რა თქმა უნდა, არსებული ვითარება, მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში შექმნილი მოცემულობა არ არის და როცა პრემიერზე, მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებზე ვსაუბრობ, წინამორბედებიც იგულისხმებიან.
ძალიან გააზრებული მაქვს ყველაფერი, რაც ამ უკიდურესად მტკივნეულ და სენსიტიურ თემაზე დავწერე, შესაბამისად, თუ პოლემიკაში შემოსვლას გადაწყვეტთ, კარგად მოემზადეთ.
კიდევ ერთხელ, ნათელი მომავალი ყველა ბავშვს".