"ხომ ხედავ, ისევ ისე უყვარხარ" - მეუბნებოდა ჩემი მეგობარი საკუთარ ქმარზე, რომელმაც ჩემი უარის შემდეგ მოიყვანა ცოლად - მშობლები

"ხომ ხედავ, ისევ ისე უყვარხარ" - მეუბნებოდა ჩემი მეგობარი საკუთარ ქმარზე, რომელმაც ჩემი უარის შემდეგ მოიყვანა ცოლად

2022-10-01 05:09:32+04:00


ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი


- აი, ჩემი გოგოც მოვიდააა! - გოჩა ბართან, ერთფეხა მაღალ სკამზე იჯდა და არც წამოწეულა ჩემს დანახვაზე, თითქოს ერთი საათის უნახავები ვიყავით მხოლოდ, - შენ კი არ გჯეროდა, ჩიტუნა. ხომ გითხარი, მოვა-თქო. ჩემი გოგოა ეს და აბა არ მოვიდოდა? - პატარა ბავშვს რომ მიესიყვარულებიან, ისე დაჰკრა ცხვირის წვერზე თითი გოჩამ მიმტან გოგონას, რომელსაც იმხელაზე ჰქონდა ტუჩები დაბერილი, ლოქოს დამსგავსებოდა. საერთოდაც, ვერ ვიტან ამ ხელოვნურად გასუქებულ ტუჩებს. როცა ასეთი ქალების გარემოცვაში ვხვდები, თავი კლონირებულ ადამიანებთან მგონია. ყველა ახალდაჭერილი თევზივით აღებს პირს ლაპარაკის დროს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი იცინის, ხომ საერთოდ! რა სასიამოვნოა გაცინებული თევზის ყურება.
მიმტანმა ჩაიფხუკუნა. ეგრევე გავშიფრე თევზტუჩას ფხუკუნი - ეს თუ გოგოა, მე ჩვილი ვყოფილვარო. ნუთუ ასე მეტყობა ასაკი? არადა, მეუბნებიან, ისე კარგად ხარ შენახული, ვერავინ იფიქრებს, 39-ის თუ ხარო. აბა, ამას რა აფხუკუნებს? ცალი წარბი ამრეზით ავზიდე.
- შენ ჩემი გოგო ხარ? - როგორც იქნა, შეელია გოჩა თავის "აწოწილ" სკამს, ცალი ფეხით ჩამოხტა და მკლავებგაშლილი ცეკვა-ცეკვით მომიახლოვდა.
ვერ ვიტყვი, რომ უთვალავი ხალხი ირეოდა დარბაზში, მაგრამ ყველა იქ მყოფი ისე მომაჩერდა და ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მათი რაოდენობა გაორმაგდა ჩემს თვალში.
- გამარჯობა, გოჩა, - ჩემმა ბუნებრივმა ტუჩებმა ხელოვნური ღიმილი გამოხატა.
ვიცოდი, შეგონებებს აზრი არ ჰქონდა, როგორმე უნდა დამემარტოხელებინა, რათა ჩემი მაინცდამაინც აქ გამოძახების მიზეზი მეკითხა.
- როგორ ხარ, პატარავ? - გოჩამ წელზე ხელის მოხვევა დამიპირა, მაგრამ არ დავანებე.
- ცივა დღეს, - ვაგრძნობინე, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან იცოდა, სიცივეს როგორ ვერ ვიტანდი. ისეთი მცივანა ვარ, მთელი შემოდგომა-ზამთარ-ადრეული გაზაფხული უხასიათოდ ვარ ხოლმე სიცივის გამო.
- სხვათა შორის, მომენატრე, - პირში სიგარეტგარჭობილმა ცალი მკლავით მაინც მომიწყვდია და თავით თავზე მსუბუქად გამეხახუნა, - ძალიან მომენატრე.
- წავიდეთ აქედან! - ოფიციალური გამიხდა სახეც და ტონიც, მით უმეტეს, შვიდიოდე წყვილი თვალი გამძაფრებული ინტერესით მოგვშტერებოდა. "ამათ ალბათ საყვარლები ვგონივართ," - გამიელვა გონებაში.
- კონიაკს არ დალევ? შენს საყვარელ კონიაკს?
- მერე, გოჩა, ახლა წავიდეთ. - უკვე მაღიზიანებდა მისი თავის მოსაწონებლად დასწავლილი ბანალური ფრაზები.
ნუთუ ყოველთვის ასეთი იყო და მე ვერ ვამჩნევდი? განა ასეთი მიყვარდა? ან იქნებ, ჩემშია პრობლემა? იქნებ ზედმეტად ვარ გადაღლილი და მისი "წარმატებული მამაკაცური ჟესტები" გადაპრანჭული მეჩვენება?
- გახსოვს, რა დროს ვატარებდით ამ სასტუმროში? ამ ბარში? გგონია, ისევ ისეთია აქაურობა? არ დაიჯერო! ნამდვილი საზიზღრობაა. ამ პატარა ნაბიჭვარს რომ უყურებ, - მიმტანზე მიმითითა, - იცი, თურმე რას აკეთებს? კლიენტების ფინჯანში ჩატოვებულ ყავას აგროვებს და სხვა კლიენტებისთვის ხელახლა ადუღებს. გესმის, რას გეუბნები?
ტუჩები მომებრიცა. რა საშინელებას იძახის ეს კაცი!
- წამო, რა, ერთხელ მაინც დამიჯერე ცხოვრებაში! - ჩემს მედიდურ ტონს 40 პროცენტი მოვაკელი.
- რომ არ დაგიჯერო, რას იზამ? ქალურ სოლიდარობას გამოუცხადებ ამას? - მოწყვეტით გაიქნია ხელი აჭარხლებული მიმტანისკენ.
გავჩუმდი. არა იმიტომ, რომ მიმტანი შემეცოდა. გოჩას ვერ ვცნობდი. მასთან 16 წელი ვიცხოვრე, მიყვარდა და პატივს ვცემდი. მაგრამ მიყვარდა სრულიად სხვა ადამიანი და არა ეს, არა ასეთი! კაცი, რომელიც ვიღაცების თანდასწრებით გოგოს მეძახის და შვილის ტოლა გოგონას საქვეყნოდ შეურაცხყოფს.
- ახლა ჩვენ ნომერში ავალთ და იქ ვილაპარაკებთ! - გამომიცხადა მოულოდნელად.
მოიცა, მოიცა! რა ხდება? რატომ ნომერში და არა სადმე, კუთხის მაგიდასთან, სხვებისგან განცალკევებით? თუმცა ახლა ყოყმანის დრო არ იყო. როგორმე უნდა გამერიდებინა იქაურობას. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ნომერი ავაღებინე და მეორე სართულის კიბეს ნელა ავუყევით - მე წინ მივდიოდი, გოჩა უკან მომყვებოდა. რას იფიქრებს ეს ხალხი?  იფიქრონ, რა... სულ არ მადარდებს. ჩვენ ჯერ კიდევ კანონიერ ცოლქმრად ვითვლებით, რადგან ოფიციალურად არ გავყრილვართ.
და აი, ნომერში ვართ. ზუსტად იმ ოთახში, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს. მართალია, საწოლი სხვაა, მაგრამ რა მოხდა მერე? მთავარი ის არის, რომ 16 წლის წინ სწორედ ამ ოთახში დავკარგე ქალიშვილობა. ჰმ... რა დრო გასულა! აფსუს! რა გოგო ვიყავი მაშინ?! კააარგი გოგო და გოჩა ჩემი პირველი მამაკაცი იყო. ერთადერთი და ყველაზე სასურველი...
სხვა შემთხვევაში, ალბათ გული შემიტოკდებოდა, რომანტიკა მომეძალებოდა, მაგრამ ამწუთას ერთადერთი, რასაც განვიცდიდი, ზიზღი, სიბრაზე და ბოღმის მოძალება იყო.
- გაიხადე და მოდი ჩემთან, - ჩემი ქმარი საწოლზე გაიშოტა და გახდა დაიწყო, - როგორც იქნა, მარტონი დავრჩით. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი.
გამჭოლი მზერა ვესროლე. კარგა ხანს თვალს არ ვაშორებდი. რაც ჩემგან წავიდა, ახალი ნაოჭები გასჩენია. სულ ექვსიოდე თვეში. ჩემთვის უცნობი ჭაღარაც გარევია გრუზა თმაში, თუმცა გარკვეულ ეფექტს ახდენს. ბევრ ქალს მოხიბლავდა ეს შერეული ჭაღარა.
- რას უცდი? გინდა, კონიაკი დაგისხა? შენი საყვარელი კონიაკი.
- არა, მადლობა. დალევა არ მინდა და არც შენთან ყოფნა.
- აბა, რა გინდა? - პერანგის ღილების შეხსნა შუა გზაზე შეწყვიტა.
- მაინტერესებს, რატომ გამომიძახე.
გოჩამ თავი ჩაქინდრა.
- ბრრრ! - ჩვეულებრივი მთვრალისთვის დამახასიათებელი ჟესტი მოიშველია, ქვედა ტუჩი მობრიცა და თვალებმოჭუტულმა ამომხედა.
- მომენატრე...
- ეგ შენს პრიმა-ცოლერინას უთხარი! - ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ჩემი მაღალი მკერდი კიდევ უფრო ავიმაღლე.
- მომისმინე... - ხმას დაუწია გოჩამ, - აი, აქ ჩამოჯექი და მომისმინე, - მარცხენა ხელი საწოლს მოუთათუნა, - ხომ იცი, რომ მიყვარხარ და ისიც ვიცი, შენც რომ გიყვარვარ.
- გიყვარვარ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ აღარ მიყვარხარ, მაგაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - ადგილიდან ვესროლე, ნაბიჯიც არ გადამიდგამს მისკენ.
- მართლა? - კვლავ ამომხედა, ამჯერად დამცინავი ღიმილი აუთამაშდა სველ ტუჩებზე, - როდიდან გადამიყვარე?
- გოჩა, მითხარი რა გინდა და წავალ, მეჩქარება.
- რა მინდა? - იფეთქა უცებ, - არ იცი, რა მინდა? შენთან მინდა! ჩემს სახლში მინდა, ჩემს ლოგინში, ჩემს ტელევიზორთან! აი, რა მინდა!
მის აფექტურ, მაგრამ არაეფექტურ აფეთქებას სრულიად მშვიდად შევხვდი.
- და მასთან რატომ არ გინდა? 6 თვის წინ ენერგიულად გარბოდი? - ირონია არ დავიშურე.
- რატომ და ორსულად იყო. მხოლოდ ამიტომ. ახლა კი მუცელი მოეშალა და...
- და ისეთი მიმზიდველი აღარ გეჩვენა? - გავიცინე.
- ერთი მაგის დედაც! არ ღირს მასზე ლაპარაკი, ჩვენზე ვილაპარაკოთ. მე ახლა თავისუფალი ვარ. გესმის? მოდი, თითო გადავკრათ და რაღაცებს მოგიყვები.
- მე წავედი, - კარისკენ შევბრუნდი და ორიოდე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მისმა ყვირილმა ადგილზე მიმაყინა.
- არსადაც არ წახვალ! ახლავე დაბრუნდი.
ნახევარი ტანით მოვტრიალდი და ზიზღნარევი მზერა ვესროლე.
- რა გჭირს, გოჩა? - მრავლისმეტყველი ტონით მივმართე.
- რა მჭირს? მთელი საათია, გელოდები. ისე მინდოდა შენთან, მის გვერდით ვიწექი და როცა მას ვეფერებოდი, შენ მედექი თვალწინ. შენთან მინდა დაბრუნება.
გულისამრევი იყო მისი გოდება. ვუყურებდი და მიკვირდა, რომ ჩემ წინ სრულიად სხვა ადამიანი იდგა, სრულიად სხვა და ერთობ არასასიამოვნო. ამასთან, ისეთი საცოდავი, როგორც ჩემი ოცნებები ექვსიოდე თვის წინ.
ნუთუ ეს კაცი ამდენი წელი მიყვარდა? - უხმოდ შევეკითხე ჩემს თავს და იქაურობას სამუდამოდ გავეცალე, ისევე, როგორც გოჩას...

***
გარეთ საშინელი სუსხი იდგა, ძვალსა და რბილში ატანდა. ისეთი არეული ამინდი იყო, ვერ გაიგებდი, თოვდა თუ წვიმდა. უფრო სწორად, თოვდა და თან წვიმას აყოლებდა. ამ მოვლენას მიწიერ ენაზე თოვლ-ჭყაპს ეძახიან. ჩანთიდან ჩემი მინიატიურული ქოლგა ამოვიღე, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს, როცა ამინდს ცუდი პირი უჩანს. ის ჭრელია, თუმცა ფერებში წითელი ჭარბობს, ჩემი საყვარელი ფერი. თაიამ ჩამომიტანა საფრანგეთიდან, ჩემმა მეგობარმა. დონა კარანის ქოლგაა, უბრალო არ გეგონოთ. თითქოს უბრალო ნივთია, მაგრამ სერიოზულად "სამარიაჟო" - დონა კარანის ქოლგა. როცა აღნიშნავენ, ვა, რა ლამაზი ქოლგა გაქვსო, იქვე ვაკომენტარებ - დონა კარანისაა და ვიღიმი.
ახლა რა ვქნა? საით ავიღო გეზი? შინ დავბრუნდე, თუ თავისუფლებას ნაზიარები სიძე ვინახულო? არადა, უხასიათოდ ვარ. უფრო სწორად, უჟმურ ხასიათზე, დანა პირს არ მიხსნის. ხომ ვამბობდი, რაღაც მეწყინება-მეთქი. აი, ცრურწმენა თუ არ არსებობს. ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო? მეგონა, ნინოსთან სტუმრად მისულს მეწყინებოდა რაღაც, იქ დამხვდებოდა უსიამოვნო სიუპრიზი, მაგრამ შევცდი. სხვა რაკურსიდან მომიწყვდია ბედისწერამ. ჰოდა, მინდა ახლა ზაზას ნახვა? ღირს კი? ვაითუ, უარესად დავიბოღმო. ჯერ ხომ არ ვიცი, იქ რა მელოდება, გარდა ნინოს ფრთხილი მზერისა, თან რომ გიღიმის და თან რომ გზვერავს. რაც უნდა იყოს, ქმარია ის კაცი მისი და ეს ქმარი ოდესღაც მის საუკეთესო დაქალს ყვარობდა. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილას.
რაც არის, არის, მაინც წავალ. თუ უსიამოვნებების დღე მაქვს, დაე, მივიღო ბოლომდე და მერე ერთად დავიწყებ ყველას მონელებას.
ქოლგაზე წკაპაწკუპით ეცემა წვიმის თუ თოვლის წვეთები. ვერ გაიგებ, წვიმს და თოვლს აყოლებს, თუ თოვს და წვიმა მოყვება. თუმცა, აშკარაა, წვიმა ჯაბნის. აბა, როდის იყო, თოვლის ფიფქებს წკაპაწკუპი გაუდიოდა?
ნეტავ სულ ზაფხული იყოს. ისე არაფერი მიყვარს ამქვეყნად, როგორც სითბო. დაგცხება? რა პრობლემაა, გახვალ ბუნებაში, სადაც ფრთაანცი პეპლები დაფარფატებენ და მზის სხივებს თავს აწონებენ, სადაც ფოთლები შარიშურობენ თავისთვის და გრილ სიოს გაფრქვევენ სახეში. ნეტავ შეიძლებოდეს, სულ ზაფხული იყოს. მზის სურნელი რომ ასდის ჰაერსაც და ადამიანებსაც. არსებობს სადმე ისეთი სამყარო, სადაც ადამიანს ყველა სურვილი უსრულდება? იქნებ მიმასწავლოს ვინმემ? მინდა ყოვლისშემძლე ვიყო და თუნდაც კუდიან დედაბერს ვგავდე. რა უჭირს მერე? გამოვიყენებდი ჩემს ჯადოქრულ ძალას და როცა მომინდებოდა, მზეთუნახავად გადავიქცეოდი, რაც მთავარია, ჩემ ირგვლივ იქნებოდა სულ სითბო და სულ ზაფხული.
რა მეშველება, ჩემი გამოსწორება არ იქნება. აბა, ნორმალურ, ზრდასრულ, უფრო მეტიც, ზრდაგადასულ ადამიანს შეიძლება ასეთი ოცნებები ჰქონდეს? 6 წლის დიდი ხანია, აღარ ვარ.
კარგია, რომ გოჩასთან საბოლოოდ გავარკვიე ურთიერთობა. მორჩა, დღეს მტკიცედ დავუსვი წერტილი ჩვენს ბუნდოვან მომავალს. საათს დავხედე. აი, უკვე მეთხუთმეტე წუთი მიდის, რაც ახალი ცხოვრება დავიწყე. ახალ ცხოვრებას კი ახალი სიყვარული უხდება. დღეიდან ეს იქნება ჩემი "ლეიტოცნება".
ნაბიჯს ავუჩქარე. მეტრო არ მიყვარს, ამიტომ მიწისქვეშეთში არ ჩავყვინთავ, თუმცა ახლა ხმაური, ჩემი გულის ხმაურზე უფრო ხმაურიანი ხმაური, ნამდვილი წამალი იქნებოდა ჩემთვის. მაინც არ წავალ მეტროთი, სამარშრუტო ტაქსის გავაჩერებ და 9 წუთში ნინოსთან ვარ. ნეტავ ფიქრია თუ მოვა? შეიძლება უკვე იქაა. საინტერესოა, რატომ არ მირეკავენ? ადრე ამაფეთქებდა ნინო, სად ხარ, რატომ აგვიანებო, ახლა კი არც მკითხულობს. ხომ არ ეშინია ჩემი და ზაზას შეხვედრის სცენის? შეიძლება ასეცაა. რა სულელი გოგოა. ნუთუ არ სჯერა, რომ ვეუბნები, შენი ზაზა სულ არ მაინტერესებს-მეთქი? გამორიცხული არაფერია, ფრთხილად უნდა ვიყო მაინც.
აუუუ! როგორ გამწუწა ვიღაც დეგენერატმა თავისი ჯიპით! ჩემი ახალთახალი კოლჰოტი! უი! ეს რაღაა? თვალი წასვლია. ჯანდაბა, ჯანდაბაა! არ დამავიწყდეს, როგორც კი ნინოსთან მივალ, ეგრევე ფრჩხილების ლაქი ვთხოვო, რომ თვალწასულ ადგილას გადავუსვა. თორემ ეს თუ კიდევ დაბლა ჩამოვიდა, მთლად მომიშხამავს ისედაც მოშხამულ ხასიათს.
არადა, როგორ გამოვიპრანჭე. გამოწვართული ვარ ჩემს ლამაზ მწვანე კაბაში. მიყვარს გემოვნებით ჩაცმა. ვხუმრობ ხოლმე, ჩაცმაშია ჭეშმარიტება-მეთქი. არა, ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩაცმის მეტი არაფერი მაინტერესებდეს. მთლად ეგრეც არ არის. თუმცა, მიყვარს გარდერობის განახლება. წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე მცირე შენაძენი ემატება ჩემს კარადას. ვინც ძალიან ახლოს არ მიცნობს, ხუმრობით მეკითხება ხოლმე - სად ატევ ამდენს სამოსს, წელვადი კარადა გაქვსო? ეგ მეც მაინტერესებს. მართლა არ ვიცი, სად ეტევა ამდენი ტანსაცმელი. მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს. როცა ესა თუ ის ჩასაცმელი მომბეზრდება, შევაგროვებ, მოვუკრავ ბოხჩას თავს და ვჩუქნი სხვებს. ვიღაც რომ ჩემით კმაყოფილია, ყველაზე მეტ სიამოვნებას ეგ მანიჭებს. იმან რა იცის, რომ ამ დროს მე მასზე კმაყოფილი ვარ?
აი, მოვედი. როგორც იქნა, გამოჩნდა ნინოს კორპუსი. ნაბიჯს ავუჩქარე, რადგან წვიმამ თოვლი დაჯაბნა, მოუმატა წკაპაწკუპს. ჩემს ხორცისფერ თვალწასულ კოლჰოტს წერტილებად დაემჩნა ფეხსაცმლიდან ანასხლეტი ჭუჭყიანი თოვლ-ჭყაპის წინწკლები.
რა შემზარავი ამინდია! თებერვლის ბოლოს ასე იცის ხოლმე, უფრო და უფრო უარესდება ამინდი. გული უწუხს ზამთარს, ვადა რომ გაუდის და აგონიაში მყოფი ავადმყოფივით უკანასკნელად გაბრძოლებას ცდილობს.
ზარი დავრეკე თუ არა, კარი იმწამსვე გაიღო და სახეგაბადრული ნინო გამოჩნდა.
- მოხვედი, სიცოცხლეეე! - ჩამეხუტა, გადამეხვია.
მის სიტყვებში სიყალბე არ იგრძნობა. არც არასდროს მიგრძნია. ვიცი, რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ. ამაში ეჭვი არც მეპარება და არც შემპარვია.
- მოვედი, ჰო, - ცოტა უხასიათოდ კი გამომივიდა.
- რატომ დაგაგვიანდა?
- გოჩას შევხვდი.
- ვაი! შერიგებას ხომ არ აპირებთ? - არ ესიამოვნასავით.
- არა, უკვე აღარ. მორჩა ყველაფერი, - ხელის მტევნები გადავაჯვარედინე და ამით გავამყარე ჩემი ნათქვამი.
- კიდევ კარგი, - სიხარულის გამოსახატავად ნინომ თვალები მთელი ძალით დახუჭა, ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპა და ფეხები დააბაკუნა.
- ფიქრია მოვიდა?
- კი, რახანია, შენ გვაკლდი მხოლოდ და როგორც იქნა, გვაღირსე შენი თავი. მოკვდა ის კაცი ლოდინით, თვალები დაუელმდა კარისკენ ცქერით, - გადაიკისკისა.
პასუხად ჩავიღიმილე. აი, არაფერს რომ ნიშნავს და, ამავდროულად, ყველაფერს, ისეთი ღიმილით გამევსო ტუჩები.
ოთახში შესული ყველას მივესალმე, თან თვალებით ზაზას დავუწყე ძებნა. სათითაოდ ყველამ მაკოცა - ფიქრიამ, ნინოს შვილებმა - კობამ და ნატომ. ბოლოს ზაზას ჯერიც დადგა. ჯერ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, მერე კი გადავკოცნეთ. არაფერი, ძალიან ჩვეულებრივად. უჩვეულო მხოლოდ მისი მოძრაობა იყო, ცოტათი დაძაბული, ცოტათი დაბნეული. თან თვალებს წამით არ აჩერებდა, აქეთ-იქით იყურებოდა. მისი მზერა ყველას და ყველაფერს სწვდებოდა, ჩემ გარდა. როგორც კი შემომხედავდა, ეგრევე მარიდებდა თვალს. არა და არ მშორდებოდა ღიმილი. ის კი არა, სიცილი მინდოდა, გულიანად გაცინება, მაგრამ ცოტა უადგილოდ გამომივიდოდა, ამიტომაც ვიკავებდი თავს.
- საერთოდ არ შეცვლილხარ, - შევათვალიერე ზაზა.
- შენ კი უფრო გალამაზებულხარ, როცა მე მიყვარდი, ასეთი კარგი არ იყავი.
ვაი, შენს მერის! ეს რა თქვა. აქეთ-იქიდან სიცილის ხმები გაისმა. იცინოდა ყველა, მათ შორის ნინო, თან ყველაზე ხმამაღლა. ლამაზად იცინის ნინო, ქალურად, შესაშურად. მიყვარს მისი სიცილის მოსმენა. არის მასში რაღაც მელოდიური. ყველა ქალს კი არ შეუძლია ლამაზად გაცინება.
- კარგია, ახლა თუ უკეთესი ვარ, სწორედ რომ დროა, - რატომღაც, თვალი ნატოს ჩავუკარი, - ჯერ მთლად ჩამოწერილი არ ვარ, კიდევ შეიძლება ვინმე მოვხიბლო. სექსი სიბერემდეო, ნათქვამია, - გავიხუმრე.
- არა, მართლა გეუბნები, ამას კომპლიმენტად ნუ მიიღებ, - სერიოზული სახით დააყოლა ზაზამ.
- უკვე მივიღე, - კეკლუცად ყელმოღერებულმა თავი გვერდზე გადავხარე და ისე გავხედე თაყვანისმცემელყოფილს.
- მოდით, ახლა, დავსხდეთ, თორემ ჩაშრა ღომი, ვააა! - შემოგვძახა ნინომ და ნატოსთან ერთად სამზარეულოს მიაშურა ღომის ამოსაღებად.
- რა კარგ დროს მოვსულვარ, აი, მესმის ერთგული მეგობრები, უჩემოდ ღომიც კი არ გატეხეს, არათუ პური, - ხუმრობით გადავულაპარაკე ზაზას და ფიქრიას გვერდით მოვკალათდი.
არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ. ჩემი "თვალშელახული" კოლჰოტიც კი გადამავიწყდა. ზაზას ცოტა ხანში დაძაბულობა გაუქრა და ისიც აგვყვა ხუმრობაში. უამრავი რამ გავიხსენეთ. როგორ ყიდულობდა იგი ჩემთვის და ნინოსთვის შოკოლადებს.
- პატარა გოგოები იყვნენ მაშინ, - უყვებოდა ფიქრიას, - ამათ მოთაფლვას რა უნდოდა? დაანახვებდი შოკოლადს და მორჩა, პატარა ბავშვივით მოიტყუებდი.
ბევრი ვიცინეთ, ყველა მათგანი ლაპარაკობდა ჭამის დროს და ჭამდა ლაპარაკის დროს. ღომი და ხარჩოც დავაგემოვნეთ და შემწვარი წიწილებიც მივირთვით. ფრთები თავიდანვე მე გადმომილაგა ნინომ, იცის, ქათმის ფრთაზე და ფრთის ძირზე რომ ვგიჟდები. როგორ უხაროდა ეს საღამო. მის გვერდით მისი ყველაზე საყვარელი ადამიანები იყვნენ. თუმცა, წარბები შეეჭმუხნებოდა ხანდახან და აფორიაქებულ მზერას ქმრის თვალებზე დაასვენებდა ფრთხილად. ალბათ ამოწმებდა, ფიქრებში მაინც თუ მღალატობს ზაზა საუკეთესო დაქალთანო.
როცა ჭამა-სმის სეანსი მორჩა, პიანინოსკენ გადავინაცვლეთ. ნატო არაჩვეულებრივად უკრავს, ყველანი გავისუსეთ და მოვემზადეთ მის მოსასმენად. ოთახში ლამაზი ჰანგები დაიღვარა. დაქალები ერთმანეთს მივეხუტეთ და მელოდიას ჩვენ-ჩვენი ფიქრები ავაყოლეთ.
როცა ნატომ დაკვრა დაამთავრა, ტაში შემოვკარი.
- ნამდვილი "ხელმოცარტული გოგო" ხარ, ყოჩაღ!
- ახლა კი ახალგაზრდობა გავიხსენოთ, - წამოხტა ფიქრია.
- აბა, რას გვათავაზობ? - დავინტერესდი.
- რასაც პირველ კურსზე ვაკეთებდით.
- პირველ კურსზე ბევრ რამეს ვაკეთებდით, - მხრები ავიჩეჩე.
- აი, ღამეებს რომ ვათენებდით ხოლმე, - ბოლომდე მაინც არ დააკონკრეტა.
- აუფ! რა კარგად მიგვანიშნა. თქვი, რა! - ნინომ კვლავ სუფრისკენ გაიწია.
- მივხვდი, რაც იგულისხმე, - გამეღიმა, - ჯოკერი ვითამაშოთ, არა?
- აი, ვის ესმის ჩემი. ჯოკერი მინდა. გახსოვს, რა კარგი დრო იყო? ნეტავ შეიძლებოდეს ცოტა ხნით მაინც უკან დაბრუნება, - ფიქრია სავარძელში ჩასკუპდა და ფეხები მოიკეცა.
- მოიცა, რა დროს ჯოკერია, ეს კაცი ახლახან გამოვიდა ციხიდან, საუკუნეა, მერი არ უნახავს, დაალაპარაკე ცოტა ხანს, - უარზე დადგა ნინო.
- მერე რა? თან ვითამაშოთ, თან ვილაპარაკოთ, რა პრობლემაა, - ფიქრიას მხარე დავიჭირე, რადგან ნინოს გადაკრულები აღარ მსიამოვნებდა.
- და მეოთხე ვინ იქნება, ხომ ვერ მეტყვით? - ღვარძლი გაერია ხმაში ნინოს.
- ვინ და ზაზა.
- ზაზა მესამეა, მეოთხე?
- შენ რა, თამაშს არ აპირებ? - კოპები შეკრა ფიქრიამ.
- მე სუფრა უნდა ავალაგო. - შეცბა ნინო და თავის გასამართლებლად უცებ მოიგონა მიზეზი.
- მერე ჩვენ აქ არ ვართ? ერთად ავალაგებთ. ძალა ხომ ერთობაშია, - ფიქრია წამში მაგიდასთან გაჩნდა.
- ძალა ჯერ ერთობაშია, მერე გართობაში და ბოლოს გათბობაში, - ჩამოვარაკრაკე მე და საქმიან "მარაქაში" გავერიე.
სწრაფად ავალაგეთ მაგიდა, ნინო ჭურჭლის რეცხვას შეუდგა, მე - გამშრალებას.
- იცი, როგორ მიხარია, ერთმანეთი რომ ნახეთ? - დაიწყო ნინომ შუა რეცხვისას, - ხომ ხედავ, ისევ ისე უყვარხარ. მე ის მიხარია, მას რომ უხარია. მისი გულისთვის ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ კარგად იყოს.
- და რაზე ხარ თანახმა, არ დამიმალო, - ცივად ვკითხე.
- რა ვიცი, ყველაფერზე. რომ მითხრას, უნდა გაგშორდე და მერისთან უნდა ვიცხოვროო, მაგაზეც არ ვიტყვი უარს.
- კარგი, რა, ნინი, რა გჭირს? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ შენი ქმარი არასდროს მყვარებია? რა სისულელეებს იგონებ.
- ასე მგონია, მოვალეობის მოხდის მიზნით ცხოვრობს ჩემთან, მხოლოდ შვილების გამო.
- ტყუილად გგონია! ამდენი წელი ელოდებოდი და როგორ უშვებ, რომ ამას არ დაგიფასებს?
- არ ვიცი. არაფერი ვიცი. ხომ ხედავ, გამოვიდა და ისევ გაუბერა. ამხელა ვალი აგვკიდა უცებ.
- არა უშავს, თანდათან მოვა აზრზე, სულ ეგრე ხომ არ იქნება.
რეცხვა-გამშრალებას მოვრჩით, ჭურჭელი კარადაში შევალაგეთ და მაგიდას პროფესიონალი მოთამაშეებივით შემოვუსხედით. ამასობაში ფიქრიას დაუხაზავს ჩასაწერი გრაფები და პასტით ხელში ჩვენ გველოდებოდა.
წყვილებში ვითამაშეთ. მე და ზაზა ერთად მოვხვდით ატუზვისას, ფიქრია და ნინო - ერთად.
ჩვენმა წყვილმა მოიგო. წაგებულებს შაბათს, ანუ - 22 თებერვალს რესტორანი უნდა ეკისრათ. წაგებამაც გაგვამხიარულა და მოგებამაც, რადგან ჩვენ, დაქალებს, ტრადიცია გვქონდა ასეთი - რესტორნებში გერმანული ანგარიშით დავდიოდით ყოველთვის. ასე რომ, ყველას თანაბრად მოგვიწევდა ფულის დადება.
გვიან დავიშალეთ. დამშვიდობების წინ ზაზამ გამომცდელი მზერა მესროლა და მითხრა:
- შენმა ნახვამ 20 წლით გამაახალგაზრდავა.
- ამის მოსმენა სასიამოვნოა, - უსიამოვნოდ მივუგე და ნინოს გადავხედე. ის სევდიანად იღიმოდა.
ისევ წამიხდა ხასიათი. გულდამძიმებული გამოვედი ქუჩაში. წვიმას გადაეღო. ცას ავხედე. მთვარე ნახევარზე უფრო ცოტა დარჩენილიყო მთაწმინდის თავზე. უსურვილობამ შემიპყრო. ჩემს გულში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა...
გაგრძელება