ბავშვის ფსიქიკა გარემო პირობების მიმართ უფრო დაუცველია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. ამიტომაც, გარკვეულ ეტაპზე, როდესაც მას უჩვეულო ქცევა უვითარდება, გამოხატავს აგრესიას, უყალიბდება შიში, მშობელი უნდა დაფიქრდეს და სპეციალისტს მიმართოს. თუმცა, ხშირად აქაც აქვთ დილემა, თუ რომელ სპეციალისტს შეიძლება მიმართონ.
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქიატრი?
ფსიქოლოგები ბავშვების ფსიქოლოგიურ განვითარებაზე მუშაობენ, აფასებენ დამახსოვრების უნარს, გონებრივ აქტივობას, განსაკუთრებით - ოჯახში, სკოლასა და სხვა ჯგუფებში ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგები პაციენტებს მედიკამენტოზურ მკურნალობას არ უნიშნავენ.
ფსიქოთერაპევტები ასევე პაციენტების სტრესულ მდგომარეობებთან, ემოციურ არასტაბილურობასთან დაკავშირებით მუშაობენ, მაგრამ მათ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაც შეუძლიათ: მაგალითად, პანიკური შეტევები, დეპრესია და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ფსიქოთერაპევტებს წამლების გამოწერის უფლება არ აქვთ.
სხვადასხვა დამოკიდებულება, მათ შორის აზარტული თამაშები, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, ფსიქოზი, ნევროზი, შფოთვითი აშლილობა, დეპრესიის სხვადასხვა ფორმა - ეს არის არასრული ჩამონათვალი, რომელთა შემთხვევაშიც
ფსიქიატრს უნდა მიმართოთ. სწორედ ეს სპეციალისტი სვამს ზუსტ დიაგნოზს, დანიშნავს მკურნალობას და პაციენტს სამედიცინო თვალსაზრისით კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემს.
რას აკეთებს ბავშვთა ფსიქიატრი?
ბავშვთა ფსიქიატრები ფსიქიკურ პათოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, ადგენენ სიმპტომებსა და მიზეზებს, სვამენ დიაგნოზს და პრევენციის გზებზე მუშაობენ. გასცემენ რეკომენდაციებს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში გარემო, რომ ბავშვმა ნაკლები სტრესი მიიღოს. ფსიქიატრები განსაზღვრავენ სხვადასხვა დარღვევის არსებობას, მაგალითად, მეტყველებისა და გონებრივი განვითარების შეფერხებას, ემოციური ურთიერთობების დეფექტებს, აუტიზმს და ასე შემდეგ.
როგორ უნდა მიხვდეთ, სჭირდება თუ არა თქვენს შვილს ფსიქიატრი?
სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად სიმპტომს, რომლებიც დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როდის სჭირდება ბავშვს ფსიქიატრი. ქვემოთ ზოგიერთი ნიშანია ჩამოთვლილი, რომლებიც შესაძლოა მშობელმა "განგაშის ზარად" აღიქვას და არ უგულებელყოს:
- ბავშვი ხშირად მარტო რჩება და არავისთან ურთიერთობს - მოზარდობის ასაკში მშობლებისგან დისტანცირება ნორმალურია. თუმცა, თუ ბავშვი თავის ოთახს იშვიათად ტოვებს, უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც ადრე ძალიან უყვარდა, დროა, გაარკვიოთ რა ხდება და წაიყვანოთ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან.
- ბავშვს აღარ აინტერესებს ის, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა - ეს ასევე არის ერთ-ერთი სიგნალია, როდესაც საჭიროა, მშობელმა სპეციალისტთან დაკავშირებაზე იფიქროს. თუ ბავშვი ფეხბურთზე გიჟდებოდა და მოულოდნელად უარი თქვა თამაშსა და ყურებაზე, მაშინ უმჯობესია, გაარკვიოთ, რა ხდება.
- განწყობის უეცარი ცვლილებები - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობას ემოციური აღმავლობა და ვარდნა ასაკის ან ჰორმონალური ცვლილებების გამო ხშირად აქვთ, ცვლილებებს მაინც უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივზე ბევრად სევდიანი ან გაღიზიანებული გახდა, უფრო ადვილად ბრაზდება, აგრესიას გამოხატავს და ეს რამდენიმე დღის შემდეგაც გრძელდება, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ შესაძლოა მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს და ემოციებს ამ ფორმით გამოხატავდეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი სჭირდება.
- სკოლაში მოულოდნელად ცუდი ყოფა-ქცევის გამოვლენა და აკადემიური მოსწრების გაუარესება - თუ ბავშვმა, რომელიც ადრე შესანიშნავად სწავლობდა, მოულოდნელად ყველა საგანში ცუდი ნიშნების მიღება დაიწყო, ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია. ასევე, ფსიქიკური პრობლემების ნიშანია დილით გაღვიძებასთან დაკავშირებული სირთულეები მაშინ, როცა ადრე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია, სკოლის შიში, წასვლაზე უარის თქმა და ასე შემდეგ. ჯობს დაუყონებლივ მიმართოთ ფსიქიატრს და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმოთ.
- კვებითი ჩვევების შეცვლა - განწყობის ცვლილებების მსგავსად, ეს შეიძლება ფსიქიკური პრობლემების აშკარა ნიშანი იყოს. თუ ბავშვმა, რომელიც ყოველთვის კარგად ჭამდა ყველაფერს, მოულოდნელად გარკვეული საკვების მიღება შეწყვიტა, უარი თქვა ჭამაზე ან გადაჭარბებულად დაიწყო პროდუქტების მიღება, ჯობს ასეთი რადიკალური ქცევის შემთხვევაშიც ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს მიმართოთ.
- რეგრესი ქცევაში - ეს აშკარა ნიშანი იმისა, რომ ბავშვს ფსიქიატრის დახმარება სჭირდება. როდესაც თქვენი შვილი მოულოდნელად იწყებს მისი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევას და ავლენს განვითარების წინა ეტაპისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგალითად, იწყებს თითის წოვას, საწოლში შარდვას, მშობლებთან ძილს, განშორებისას ტირილს, ჯობს ფიქიატრს მიმართოთ და დაადგინოთ, რა არის ამის მიზეზი.
- ძილის პრობლემები - შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური დაავადებები ხშირად ბავშვებში ცუდ ძილთან ასოცირდება. ბავშვს შეიძლება უჭირდეს დაძინება, ხშირად იღვიძებდეს, აწუხებდეს კოშმარები და უძილობა. ზოგიერთ ბავშვში დეპრესია საპირისპირო ნიშნებით ვლინდება – მუდმივად სძინავთ, უენერგიოდ არინ და გამოფხიზლებას ვერ ახერხებენ - ორივე შემთხვევაში, ჯობს, ფსიქიატრს მიმართოთ.
- ხშირი ჩივილები მუცლის ტკივილისა და თავის ტკივილის შესახებ - ეს სიმპტომები განსაკუთრებით ხშირი შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებშია და თან ახლავს ძილისა და მადის პრობლემები.

ზოგჯერ ფსიქიკური დაავადება ბავშვებში ფიზიკური ავადმყოფობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებითაც ვლინდება:
- უენერგიობა - ფსიქიკური დაავადება ადამიანის ენერგიას მთლიანად შთანთქავს. ამიტომ, თუ თქვენი შვილი საკმაოდ ენერგიული, აქტიური იყო და მოულოდნელად ყველაფერზე დაღლა და მუდმივი ძილის სურვილი დაეწყო, ესეც აშკარა ნიშანია.
- წონისა და გარეგნობის მიმართ აკვიატებული ჩივილების გამოვლენა - ბავშვები, განსაკუთრებით კი მოზარდები, გარეგნულ ცვლილებებს ძალიან ხშირად მტკივნეულად აღიქვამენ და თუ რაღაც არ მოსწონთ, ნერვიულობენ, შფოთავენ და იტანჯებიან. ნუ უგულებელყოფთ ასეთ პრობლემებს, თუ მათ მუდმივი ხასიათი აქვთ, მოქმედებს ბავშვის ყოველდღიურობაზე, ხასიათზე და აკვიატებულ აზრებად იქცევა – ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა მოზარდს დახმარება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება.
გახსოვდეთ, რომ აუცილებელია, ასეთ დროს კვალიფიციური სპეციალისტი იპოვოთ, წინასწარ შეაგროვოთ მასზე ინფორმაცია და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი სწორ რეკომენდაციებს მიიღებს.