ცნობილი ექიმი, რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე 51 წლისა გარდაიცვალა. როგორც მისი ახლობლები წერენ, ქალბატონი გენრიეტა მძიმე სენს ებრძოდა. გენრიეტა გაგოშიძეს ძალიან ბევრი იცნობდა, როგორც კარგ ექიმ რადიოლოგს. უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩენია და მისი მეთვალყურეობით დაბადებულა.
ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ გაგუას კლინიკა ავრცელებს:
"ვემშვიდობებით ძალიან კარგ ექიმს, ნამდვილ პროფესიონალს, გამორჩეულ ადამიანს და ერთგულ მეგობარს გენრიეტა გაგოშიძეს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც გაგუას კლინიკის გუნდი განიცდის. ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობელ ადამიანებს."
რედაქციის სახელით ასევე ვუსამძიმრებთ ქალბატონი გენრიეტას ოჯახს. თეკლა ჟვანია