სწავლისა და ქცევის პრობლემები საკმაოდ ბევრი ბავშვის პრობლემაა. მრავალ მიზეზთა შორისაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, რომელიც ბავშვს ხელს უშლის მისი ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ სასკოლო სივრცესთან შეგუება, უჭირთ მასწავლებლის მოსმენა და მისი მითითებების შესრულება. ხშირად კარგავენ ნივთებს, მეცადინეობის პროცესში ვერ ახერხებენ ყურადღების კონცენტრაციას და სხვა.
ხშირად ასეთ გამოვლინებებს მიაწერენ სიცელქეს, გაუზრდელობას, სიზარმაცეს. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
დარეჯან თოლორდავა ასახელებს რამდენიმე გარმოებას, რომელიც დაგეხმარებათ დროულად ამოიცნოთ ეს სინდრომი.
როგორ უნდა მიხვდეთ აქვს თუ არა თქვენს შვილს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის ADHD სინდრომი?
ჩამოთვლილი ნიშნებიდან 1-დან 8-ის ჩათვლით ყურადღების დეფიციტზე მიანიშნებს, 9-დან 14-ის ჩათვლით ჰიპერაქტივობის ნიშანია, 15-დან 20-ის ჩათვლით კი იმპულსურობა.
- ხტება ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე, არ ამთავრებს დაწყებულს.
- ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ უსმენს, რასაც სხვები ამბობენ.(თითქოს არ გისმენთ ,როცა ელაპარაკებით;)
- უჭირს ყურადღების გამახვილება დეტალებზე, შეცდომებს უშვებს სკოლისა და საშინაო სამუშაოში;
- თავს არიდებს და არ მოსწონს ისეთი დავალებები ,სადაც ფსიქიკურ ძალისხმევაა საჭირო;
- ადვილად ეფანტება ყურადღება. გარეშე სტიმულებით ძალზე ადვილად ეშლება ხელი;
- უჭირს კონცენტრაცია სკოლისა თუ საშინაო დავალებებზე, რომლებიც არ აინტერესებს, მაგ. საშინაო დავალება, მაგრამ შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს ან ითამაშოს კომპიუტერზე.
- ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას. უჭირს დავალებისა და მოქმედების ორგანიზება; ხშირად იცვლის საქმიანობას და ვერ ემორჩილება განრიგს.
- ხშირად კარგავს ნივთებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია;
- საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. სირთულეები აქვს თამაშისა და დასვენების დროს;
- ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს.(ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
- უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა. ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს; ღიღინებს ან უცნაურ ხმებს გამოსცემს გაკვეთილზე, კლასში;
- ყოველთვის მზადაა გასაქცევად. ხშირად და უმიზეზოდ ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში, ან სხვაგან.
- ხელებს და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე
- ბევრს დარბის, მოუსვენარია. ხშირად სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან; სულ მოძრაობაშია ,თითქოს მუდმივი ძრავა ამოქმედებს;
- არ ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს, მოქმედებს დაუფიქრებლად.
- ერევა სხვის ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში. ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში, ან აწყვეტინებს თამაშსა და საუბარს
- არ შეუძლია ლოდინი. უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
- ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე.
- ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.
- პასუხს შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს;
ამ სინდრომის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში:
"ეს არც დისციპლინის პრობლემაა, არც აღზრდის და არც ხასიათის გამოვლინება გახლავთ" - პრობლემა, რომელსაც მშობელი რთულად იჯერებს და მიზეზს მხოლოდ სკოლაში ეძებს