ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას ბარათით თანხა გადაიხადეს, თუმცა კონტოლიორების აპარატმა აჩვენა, რომ დაფიქსირებული არ იყო. ასევე, ხშირად გადახდის დამადასტურებელ ესემესს კონკრეტული ბანკი მობილურის ნომერზე გვიან აგზავნის და ადამიანები გადახდის დასადასტურებლად ვერც მას იყენებენ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ თანხა გადაიხადეთ და კონტროლიორი ჯარიმას მაინც გიწერთ, შეკითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ:
"შესაბამისი ჯარიმა შეგიძლიათ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10-ის ნახევრიდან 18 საათზემდე გაასაჩივროთ. 13:00-დან 14:00 საათამდე შესვენებაა. უნდა წარადგინოთ საბანკო ამონაწერი, სადაც დასტურდება, რომ თანხა გადახდილი გაქვთ, ხოლო თუ სამგზავრო ბარათი გაქვთ და ვერ ახერხებთ დადასტურებას, რომ თანხა ნამდვილად გადაიხადეთ, განცხადების დაწერის შემდეგ, თავად კომპანია დაიწყებს მოკვლევას." - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მისამართია: სადგურის მოედანი, ნომერი 2. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმა კი 20 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით, მგზავრმა ბილეთი სატრანსპორტო საშუალებაში ასვლისთანავე უნდა გადაიხადოს.