"ქალს საკუთარი ოჯახი აიძულებს, სასამართლოზე აღარ მისცეს ჩვენება ქმრის წინააღმდეგ და მოითმინოს ძალადობა. მსხვერპლს აჩუმებენ და არა მოძალადეს" - რატომ ვერ სჯის მართლმსაჯულება ცოლების მკვლელებს მკაცრად - მშობლები

"ქალს საკუთარი ოჯახი აიძულებს, სასამართლოზე აღარ მისცეს ჩვენება ქმრის წინააღმდეგ და მოითმინოს ძალადობა. მსხვერპლს აჩუმებენ და არა მოძალადეს" - რატომ ვერ სჯის მართლმსაჯულება ცოლების მკვლელებს მკაცრად

2022-10-12 09:46:39+04:00


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამი ქალი მოკლეს. მათ შორისაა 26 წლის ქალი, რომელიც 22 წლის მამაკაცმა, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
როგორც ცნობილი გახდა, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალი ძალადობასა და მოკვლის მუქარისათვის ჰქონდა წაყენებული...
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გამკაცრდა პროკურატურის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საქმეებზე, სტატისტიკა მაინც არასახარბიელოა და ამ მხრივ სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით სულ 5.827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. აქედან, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4.574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი - 887-ს. ამასთან, რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და კარანტინის დროს შემთხვევებმა კვლავ იმატა.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ ათ თვეში, საქართველოში 16 ქალი მოკლეს. 2014-2022 წლებში კი 190-მდე ქალია მოკლული. ამასთან, არსებული მონაცემებით, ქალების ნახევარს ოჯახის წევრები კლავენ...

ამ აქტუალურ და ძალიან მტკივნეულ თემაზე მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ იურისტსა და ქალთა უფლებების დამცველს ბაია პატარაიას.
mshoblebi

- ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით თითქოს შეიცვალა კანონი, პროკურატურაც უფრო მკაცრად უდგება საკითხს, მაგრამ სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა - სულ ახალი და ახალი მსხვერპლი ჩნდება ჩვენ თვალწინ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად?

- ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით მართლა გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. თუ გადავხედავთ იგივე კანონმდებლობას, ან თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, დაინახავთ რომ ამ დანაშაულზე დღეს უფრო მეტი ქალი საუბრობს, ბევრად მეტი გამოძიება და დევნაა დაწყებული, მაგრამ ცხადია, გამოწვევები ისევ არის და ეს გამოწვევები არა კანონის ნაკლოვანების გამო, არამედ იმით არის გამოწვეული, თუ როგორ აღსრულდება ან არ აღსრულდება ეს კანონი. ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით და ის ძალიან კარგი მექანიზმები, რომლებიც შემოვიღეთ, როგორიც არის მაგალითად რისკების შეფასების მექანიზმი, ელექტრონული სამაჯური და ა.შ., მათი სათანადო გამოყენება არ ხდება. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. მართლა არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენ კანონს მივიღებთ, თუ ამ კანონების აღსრულებას არ მიექცევა ყურადღება და თუ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი დარჩება ისინი. ფაქტია, რომ დღეს იმდენად ეფექტურად არ მუშაობს სამართალდამცავი სისტემა, როგორც საჭიროა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, რომ საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში პირველადი პრევენცია, განათლების სამინისტრო ამას თავის პრობლემად არ აღიქვამს. გენდერული ძალადობის ერთადერთი მიზეზი არის გენდერული უთანასწორობა. გენდერული თანასწორობის მისაღწევად საკმარისი ნაბიჯების გადადგმა არ ხორციელდება. ასევე, სოციალური მუშაკები არ ერთვებიან, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ევალებათ. ფიზიკურად არ გამოსდით და ვერ მუშაობენ მცირერიცხოვნობის გამო იმ ოჯახებთან, სადაც პრობლემაა. ამასთან, მენტალიტეტის ცვლილებაც ხდება ძალიან ნელა, რადგან სახელმწიფო ძალიან ცოტას აკეთებს ამ მიმართულებით. არ მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ტრანსფორმაციაზე.

- უმეტეს შემთხვევაში, ოჯახურ ძალადობას არ ჰყავს მიწმე, ქალებიც საბოლოოდ უკან იხევენ და გააქვთ სარჩელი. რა არის ამის მიზეზი?

- ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შესაძლოა მოწმე არ ჰყავდეს, მაგრამ მტკიცებულებების შეგროვება არც ისე რთულია. როგორც წესი, საქმეში არსებობს ხოლმე სხვა მტკიცებულებები, თუმცა ნამდვილად ხშირია მსხვერპლზე ზეწოლა, დაშინება. ძალიან ხშირად დაზარალებულ ქალს საკუთარი ოჯახივე აიძულებს, რომ აღარ გააგრძელოს ჩივილი, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლოზე უკვე აღარ მისცეს ჩვენება მაგალითად ქმრის წინააღმდეგ, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ხოლმე საქმეში. როგორც წესი, ქალს მისი სოციუმი, მეგობრები, ნათესავები, ოჯახი, ყველა მოუწოდებს იმისკენ, რომ მოითმინოს ძალადობა და არ განაცხადოს ამის შესახებ, ან ბოლომდე არ მიჰყვეს წამოწყებულ საქმეს. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია საზოგადოების პრობლემა, რომელიც ცდილობს, რომ მსხვერპლი გააჩუმოს და არა დავუშვათ, მოძალადე. აქ არის საკანონმდებლო ხარვეზიც. ჩვენი კანონმდებლობით, ოჯახის წევრებს შეუძლიათ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მისცენ ჩვენება. ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცისგან იცავს ოჯახს, ხოლო ოჯახში ძალადობის დროს პირიქით, ხდება ბოროტად გამოყენება ამ მუხლის. არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია ამბობს, რომ ეს მუხლი ოჯახში ძალადობაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. სხვა მხრივ, სხვა დანაშაულებზე არის საუბარი, ცხადია, ვალდებული არ უნდა იყოს ოჯახის წევრი, რომ ისეთი ინფორმიაცია მიაწოდოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რაც გამოიწვევს მისივე ოჯახის წევრის დაპატიმრებას. მაგრამ, თუ ოჯახში ხდება დანაშაული, მაშინ პრობლემდება ეს მუხლი და უნდა იყოს ეს გამონაკლისი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ არის.

- რას ურჩევთ ქალებს, როგორ მოიქცნენ და რა არის ამ დროს საჭირო?

- ქალებს, ცხადია, ვურჩევთ, რომ აუცილებლად დაიცვან თავი და ვერავის ვერ ვეტყვით, რომ განგრძობითად და წლების განმავლობაში ითმინონ ძალადობა. ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღმოიფხვრას. საერთოდ, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება ჩარევა, მით უფრო კარგი შედეგით სრულდება ეს ყველაფერი. მაგალითად, ფემიციდი არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც შეიძლება მოხდეს. როგორც წესი, ამას წინ წლების განმავლობაში ძალიან მძიმე დანაშაულები უძღვის წინ. როგორც კი პრობლემები იწყება, მაშინვე უნდა ამოიღოს ქალმა ხმა და გამოყენებულ იქნას საჭირო საშუალებები, ეს იქნება ორდერი თუ სხვა. როცა ამას სისტემატიური ხასიათი ეძლევა, მძიმდება და მძიმდება შემთხვევები. ამ დროს ქალის დაცვაც რთულდება. მე მოვუწოდებდი იმ ქალებს, ვისაც ოჯახში პრობლემა აქვს და აპირებს პოლიციისთვის მიმართვას, კონსულტაცია გაიარონ არასამთავრობო სექტორთან. დღეს არასამთავრობოები უარს არ ეუბნებიან ქალებს, რომ უსასყიდლოდ მოემსახურონ და წაჰყვნენ მაგალითად, პოლიციაში, რათა მიიღონ ინფორმაცია, შესაბამისი ზომები. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ქალებმა მოითხოვონ როგორც შემაკავებელი ორდერი, ისე ელექტრონული სამაჯური. ელექტრონული სამაჯურით მოსარგებლე ქალი პრაქტიკულად არასდროს არ ხდება ფემიციდის მსხვერპლი, ისეთი ეფექტურია ეს სამაჯური. როცა უახლოვდება მოძალადე და გარკვეულ პერიმეტრში შედის, ავტომატურად იგებს ქალი ამას და ავტომატურად იგებს პოლიციაც. ქალსაც აქვს საშუალება, რომ გაერიდოს იმ ტერიტორიას, ან ჩაიკეტოს, თუ სახლშია და არ გააღოს კარი სანამ პოლიცია არ მოვა. ძალიან რთულია ვინმემ გაიხსენოს შემთხვევა, რომ ელექტრო სამაჯურით მოსარგებლე ქალის შემთხვევა ფემიციდით დასრულებულიყოს. ანუ ამას სერიოზულად შეუძლია ფემიციდის შეჩერება. სამწუხაროდ ეს საქართველოში არ გამოიყენება. პირველ რიგში, მე ეს შსს-ს პრობლემად მიმაჩნია, რადგან აქვთ სამაჯურები და არ იყენებენ, შემაკავებელი ორდერით შეუძლია რომ გამოიყენოს, მაგრამ არ ხდება გამოყენება. მართლა რად გვინდა რამე, თუ ის ეფექტურად ვერ გამოვიყენეთ. რა აზრი აქვს ამ სამაჯურების ქონას? გვიდევს თაროზე და არავინ იყენებს.

მერი ბლიაძე