თუ ბავშვი მარცხს ვერ ეგუება - როგორ შეგიძლიათ შვილებს წაგების მიღება თამაშით ასწავლოთ - მშობლები

თუ ბავშვი მარცხს ვერ ეგუება - როგორ შეგიძლიათ შვილებს წაგების მიღება თამაშით ასწავლოთ

2022-10-13 08:59:22+04:00
ბავშვებმა უნდა ითამაშონ - ამ ასაკში ეს მათი მთავარი საქმეა, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ შეეგუოს მარცხს და ის განცდა, რომ ვერ გაიმარჯვა, სხვამ აჯობა, ტანჯვის შეგრძნებას ანიჭებთ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ და მშობლებს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ის ფაქტი, რომ ბავშვი წაგების შემთხვევაში ემოციურია, სრულიად ნორმალურია და ფსიქოლოგების თქმით, ეს მათ პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპია.
მათივე განმარტებით, ჩვეულებრივ, წაგებაზე ძლიერი რეაქციები თვითიდენტიფიკაციის კრიზისს, ე.წ. სამი წლის ასაკის კრიზისს ემთხვევა ხოლმე. ამ დროს ბავშვებში სამართლიანობის შეგრძნება განსაკუთრებით გაძლიერებულია. ხშირად მიიჩნევენ, რომ ამ სამყაროში მთავარი ადამიანები თავად არიან და სურვილი, რომ ყოველთვის გაიმარჯვონ, აბსოლუტურად ბუნებრივია. მაგალითად, სამაგიდო თამაშის დროს ბავშვი სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება და როცა აგებს, შიში უჩნდება, რომ მშობლებს აღარ ეყვარებათ.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ შვილს წაგების შიშით გამოწვეული დარდი აარიდოს?

  • შეაქეთ ბავშვი არა იმდენად შედეგისთვის, არამედ თამაშში მონაწილეობისთვის.
  • ასწავლეთ, ისიამოვნოს არა შედეგით, არამედ პროცესით - კომენტარი გააკეთეთ თამაშზე, განიხილეთ საინტერესო პუნქტები.
  • უთხარით, რა შესანიშნავად თამაშობდა და რა მაგარი და საინტერესო იყო მასთან ამ გზის გავლა.
  • ერთად განიხილეთ შეცდომები და ხარვეზები.
  • წაგების შემდეგ, აუცილებლად უთხარით ბავშვს, როგორ გიყვართ.
  • უთხარით, რომ წაგების მიუხედავად, დღეს უკეთ ითამაშა, ვიდრე გუშინ ან წინა ჯერზე.
  • უთხარით, რომ თამაშში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, სასარგებლოა და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. შედეგის მიუხედავად, სასიამოვნო პროცესია.
  • დააჯილდოვეთ თქვენი შვილი პატარა სტიკერით ან სათამაშოთი, რაიმე გემრიელი ტკბილეულით თამაშში მონაწილეობისთვის და არა მინცდამაინც გამარჯვებისთვის.

mshoblebi

თამაშებსა და წაგებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ ასეთ მომენტებში ყალიბდება მოტივაცია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: წაგების დროს ბავშვი წარუმატებლობის განცდას სწავლობს, იგებს იმასაც, რომ ყველაფერი, რაც უნდა და მოსწონს ამ ცხოვრებაში, დაუყონებლივ, ბარიერების გარეშე არ მოდის და შრომა მოუწევს. მთავარია, მოტივაცია არ დავუკარგოთ და არ იფიქროს, რომ მაინც წააგებს და ბრძოლას აზრი აღარ აქვს. პირიქით, უთხარით, რომ დღეს გუშინდელზე მაგარი იყო და ხვალ შედეგის გაუმჯობესებას აუცილებლად შეძლებს.