"ახლავე, ამ წამიდანვე დაიწყეთ, დაადექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე მას მიჰყევით, გზიდან არ გადაუხვიოთ..." - ცნობილი მწერლის წერილი ბავშვებს - მშობლები

"ახლავე, ამ წამიდანვე დაიწყეთ, დაადექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე მას მიჰყევით, გზიდან არ გადაუხვიოთ..." - ცნობილი მწერლის წერილი ბავშვებს

2022-10-17 16:33:28+04:00
2006 წელს, ნიუ იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მისის ლოკვუდმა, მოსწავლეებს დაავალა, წერილი გაეგზავნათ თავიანთი საყვარელი მწერლისთვის და სკოლაში მოსვლა ეთხოვათ. რამოდენიმე მოსწავლემ ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი აირჩია. მწერალი სკოლაში ვერ მივიდა, თუმცა, საპასუხო წერილი მაინც გამოუგზავნა მოსწავლეებს.
„მადლობას გიხდით სასიამოვნო და მეგობრული წერილებისთვის. კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გაამხნევოთ 84 წლის მოხუცი, რომელსაც წინ დიდი გზა აღარ დარჩენია გასავლელი. ხალხში უკვე აღარ ვჩნდები, რადგან, ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, იგუანას ვგავარ. ამასთან, დიდ დროს არ მოითხოვს რაც უნდა გითხრათ. მიჰყევით ხელოვნების ნებისმიერ დარგს. შეარჩიეთ რაც გსურთ: მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა, მსახიობობა, ლექსების წერა, მოთხრობების წერა, ესეების წერა, რეპორტაჟების მომზადება. სულერთია, როგორ შეძლებთ ამ ყველაფრის გაკეთებას - ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა გააკეთოთ, რომ გამდიდრდეთ, ბევრი ფული მოიპოვოთ ან ცნობილი გახდეთ. არამედ, ყველაზე ღირებული უნდა შეიძინოთ, ვიღაც სხვად იქცეთ, აღმოაჩინოთ და გარეთ გამოიტანოთ ის, რაც თქვენშია დამალული. სულიერად გაიზარდოთ და დაიხვეწოთ. ნამდვილად! ახლავე, ამ წამიდანვე დაიწყეთ, დაადექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე მას მიჰყევით, გზიდან არ გადაუხვიოთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეში გაიყვანეთ. ადექით და მისის ლოკვუდი დახატეთ - თუნდაც ლამაზად, თუნდაც ოდნავ სასაცილოდ - მერე კი ეს ნახატი მასვე მიეცით. ამის შემდეგ, სკოლიდან შინ წასულებმა ცეკვა დაიწყეთ, სააბაზანოში იმღერეთ და ასე განაგრძეთ. კარტოფილის პიურე კაცის სახეს მიამგვანეთ. წარმოიდგინეთ ისიც კი, თითქოს, გრაფი დრაკულა ხართ.
დღევანდელი თქვენი დავალება კი ეს იქნება (იმედი მაქვს, მისის ლოკვუდი ქულას არ დაგიწერთ, თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ). დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი - თემა თქვენვე აარჩიეთ, მხოლოდ ერთი პირობა გაითვაისწინეთი - ლექსი რითმიანი უნდა იყოს. აბა, წარმოიდგინეთ, რა აზრი ექნებოდა ჩოგბურთის თამაშს, თუ ბადე არ იქნება გაჭიმული. მაქსიმალურად ეცადეთ, კარგი ლექსი დაწეროთ, არავის არაფერი უთხრათ, არავის აჩვენოთ ის, არც ვინმეს წაუკითხოთ - იქნება ეს შეყვარებული, დედა, მამა თუ ვინმე სხვა. მათ შორის მისის ლოკვუდიც შედის. მერე ეს ფურცელი პაწაწინა ნაკუწებად აქციეთ და ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ნაგვის ურნებში მოათავსეთ. ამის შემდეგ მიხვდებით, რომ უკვე უდიდესი ჯილდო მიგიღიათ ამ ლექსისთვის: ვიღაც სხვად გადაქცეულხართ, ბევრი რამ გაგიგიათ იმის შესახებ, რაც თქვენშია მიმალული, ასე ვთქვათ, სულიერად გაზრდილხართ.
ღმერთმა დაგლოცოთ!”

თარგმნა მეკო გელაშვილმა