15 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა
გვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ის ახალ სამუშაო სეზონს არ შეუერთდება. რატომ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვანმა არხთან და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ გვანცას ინტერვიუდან შეიტყობთ...
- ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს - ისეთი, როგორიც არასდროს მქონია: 15-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, პაუზა ავიღე და სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფები. გადასარევად დავისვენე ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად და პრინციპში, ახლაც ვისვენებ.
- ტელევიზია რატომ დატოვეთ?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ პროფესიიდან არ წავსულვარ. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები, რაღაც ახალი მინდოდა. პაუზის აღება და რუტინისგან, რომელიც უკვე ძველებურ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, დასვენება ამიტომ გადავწყვიტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიაზე უარს ვამბობ ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბედნიერი გახლავართ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი და ასე გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ - არ ვიცი, როდის, სად და რა პირობებში.
- 15 წლის განმავლობაში, სხვა დროსაც გიფიქრიათ ტელევიზიის დატოვებაზე თუ ეს ფიქრი მხოლოდ ახლა გაგიჩნდათ და გადაწყვიტეთ კიდეც?
- არა, ასეთი ფიქრები არასოდეს მქონია. ეს ეტაპი ახლა და მგონია, რომ სწორ დროს მაქვს, რადგან არც ძალიან პატარა ვარ, არც - ძალიან დიდი: გამოცდილება მაქვს, მაგრამ ყველაფერი წინ არის...
- ახლა როგორი რეჟიმი გაქვთ?
- ასე თუ ისე, ჩემი დღის რეჟიმი მაინც დატვირთულია, რადგან ჩემი რუტინა მაქვს, რომელსაც მივყვები, ბავშვების რეჟიმიც უფრო მეტად დაიტვირთა. ამიტომ მათი სკოლის თუ სკოლის შემდგომ აქტივობებში მეც ჩართული ვარ, ისევ ვვარჯიშობ, ახლა ენის შემსწავლელ კურსებზე სიარულს ვიწყებ... მინდა, რომ თვითგანვითარებაზე ვიმუშაო და კარგად მივხვდე, რა მსურს, რომ მერე ის, რაც მინდა, ძალიან ხარისხიანად გავაკეთო.
- ალბათ, ბავშვების გარემოცვაში უფრო მეტ დროს ატარებთ...
- სიმართლე გითხრათ, ბავშვებს განსხვავება არ უგრძნიათ, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ჩართული ვიყავი. ისეთი სამსახური არ მქონია, რომ შვილები დილიდან საღამომდე ვერ მენახა. ბავშვებს სკოლაშიც ვაკითხავდი, საღამოობით ყოველთვის სახლში ვიყავი, დროს მათთან ერთად ვატარებდი, დასასვენებლადაც მათთან ერთად დავდიოდი, სამსახურის შემდეგ ყველაფერს ვიკლებდი, რომ ბავშვებს არ დავკლებოდი...
განაგრძეთ კითხვა