მოსწავლეს ყელზე მეტალის სადენით აქვს დაზიანება მიყენებული - მშობელი ამბობს, რომ თანაკლასელებმა მე-2 კლასელ ბავშვს სცემეს და მისი დახრჩობა სცადეს - მშობლები

მოსწავლეს ყელზე მეტალის სადენით აქვს დაზიანება მიყენებული - მშობელი ამბობს, რომ თანაკლასელებმა მე-2 კლასელ ბავშვს სცემეს და მისი დახრჩობა სცადეს

2022-10-21 10:10:13+04:00
გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მე-2 კლასელი მოსწავლე თანაკლასელებმა სცემეს და მისი დახრჩობა სცადეს. ამის შესახებ ბავშვის მშობელი აცხადებს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. მისი თქმით, მოსწავლეს ყელზე მეტალის სადენით აქვს დაზიანება მიყენებული.

"ყელზე სისხლჩაქცევების რკალი ჰქონდა. გამოვხატე პროტესტი, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს დაზიანება, სად იყო მანდატური ან სხვა პასუხისმგებელი პირი, ამის შემდეგ მივმართე დირექციას. დირექციისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. შემდეგ რესურსცენტრს მივმართე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განათლების სამინისტრო იკვლევს. პედაგოგს იმის ნაცვლად, რომ ბავშვები დაერიგებინა, მისი მხრიდანაც ფიზიკური ძალადობა განხორციელდა." - აცხადებს მშობელი ტელეკომპანია "გურჯაანთან" საუბრისას.

ამავე სიუჟეტში სკოლის პედაგოგი აღნიშნავს, რომ ბავშვს ქცევასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა როგორც კი ნახა, რომ ბავშვები ჩხუბობდნენ, საკლასო ოთახში აიყვანა და დაამშვიდა.

სკოლასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მითითებულ ნომერზე განგვიცხადეს, რომ კომენტარისთვის დრო არ ჰქონდათ.

დავუკავშირდით გურჯაანის რესურსცენტრსაც. რესურცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გვითხრა:

"მიმდინარეობს მოკვლევა, შემდეგ კვირას კი დისციპლინური კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებენ."

თამარ იაკობაშვილი