"ვერც წარმოვიდგენდი, თუ ხალხის ამხელა სიყვარულს დავიმსახურებდი..." - პოპულარული ვიდეოების ავტორის საქმიანობა სოციალური ქსელის მიღმა - მშობლები

"ვერც წარმოვიდგენდი, თუ ხალხის ამხელა სიყვარულს დავიმსახურებდი..." - პოპულარული ვიდეოების ავტორის საქმიანობა სოციალური ქსელის მიღმა

2022-10-24 06:50:46+04:00
30 წლის თამუნა მამუჩიშვილი პროფესიით მსახიობია. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. ხშირად იგი პოპულარული ვიდეოების საკუთარ ვერსიას აკეთებს და სახალისო კონტენტს ქმნის. შედეგად, ვიდეოებს უამრავი გაზიარება და დადებითი კომენტარი აქვს. თამუნა გვიყვება, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს სოციალური ქსელების მიღმა და რას გეგმავს სამომავლოდ:

- უკვე 3 წელია, ეფლის პროდუქციის ხელოსანი ვარ. ვფიქრობ, მივაგენი საქმეს, რომლის კეთებაც მსიამოვნებს. ვიდეოების გადაღება 2 წლის წინ დავიწყე, როცა პანდემია დაიწყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში მომიწია ყოფნა. ტიკ-ტოკის შესახებ მაშინ გავიგე და ვიდეოების გადაღებაც დავიწყე, თუმცა თავდაპირველად სოციალურ ქსელში არ ვდებდი, მხოლოდ მეგობრებს ვუგზავნიდი და ვხალისობდით. საჯაროდ პირველად 7 თვის წინ დავდე და მას მერე ახალ ვიდეოს ყოველდღე ვტვირთავ. მოტივაცია, ალბათ, ჩემი მონატრებული პროფესია იყო.

- როგორია საზოგადოების გამოხმაურება, უარყოფითი კომენტარები თუ იწერება და რას უპასუხებდით მათ ავტორებს?

- საზოგადოების გამოხმაურება იმდენად დადებითია, რომ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. მეგონა, დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი კომენტარიც დაიწერებოდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად, უარყოფითი კომენტარი ალბათ 1000-ში ერთი თუ იწერება, რაც ძალიან მიხარია და უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ხალხის ამხელა სიყვარულს დავიმსახურებდი და ვერ გადმოვცემ, როგორი სასიამოვნოა ეს ჩემთვის. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთ სითბოს გამოხატავს ჩემ მიმართ. აგრესიული კომენტარების ავტორებს კი ვეტყოდი, რომ მათი აგრესია ვერავის ვერაფერს დააკლებს, ამით მხოლოდ მათი შინაგანი სამყაროს ცუდ მხარეებს გვაჩვენებენ, ასე რომ რაც მეტ სიყვარულს გასცემენ, მეტ სიყვარულს მიიღებენ. ყოველთვის ვცდილობ, მათ აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხო.
mshoblebi

- სოციალური ქსელის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება, რისი გაკეთება გიყვართ?

- სოციალური ქსელის მიღმა ყველაზე დიდ დროს სამსახურში ვატარებ და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ყოველთვის ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს. მიყვარს ახალი ადგილების მონახულება, პიკნიკები, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, კითხვა, ცურვა, თეატრში სიარული და ა.შ.

- ტელეფონებს აკეთებთ და საინტერესო პროფესია გაქვთ - როგორ მიხვედით ამ საქმემდე და რა სირთულეები შეგხვდათ?

- არასდროს მქონია მიზნად ამ პროფესიის შესწავლა, იმდენად შემთხვევით მოხდა, მეც არ ველოდი. სერვისში ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ მივედი და როცა ხელოსნებს ვუყურებდი, ძალიან დამაინტერესა, ხუმრობით დავიწყე ტელეფონების დაშლა და ისე მომეწონა, გადავწყვიტე მართლა მესწავლა. საბაზისო ცოდნის მისაღებად დიდი დრო არ დამჭირდა, დაახლოებით ერთი თვე... მერე პრაქტიკისა და ჩემი ბიძაშვილის დახმარებით მოვედი აქამდე, სადაც ახლა ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, როცა გსიამოვნებს იმის კეთება, რასაც აკეთებ, ყველაფერი მარტივად გამოგივა.
mshoblebi

- სამომავლოდ რას გეგმავთ, თქვენი კონტენტი სარეკლამო მიმართულებასაც ხომ არ დაუკავშირდება ან ახლა რამდენად გაქვთ შემოთავაზებები?

- სარეკლამო შემოთავაზებები საკმაოდ ბევრი მაქვს, თუმცა ყველაფერს ვერ ვთანხმდები, ჩემი კონტენტიდან გამომდინარე. სიმართლე გითხრათ, როცა ვიდეოების დადება დავიწყე, მიზნად არც მქონია, რომ ტიკ-ტოკი შემოსავლის წყაროდ მექცია, თან რატომღაც ჩემგან ხალხს რეკლამები აღიზიანებს. ურჩევნიათ, ისევ სახალისო ვიდეოები დავდო და არ მინდა გაღიზიანება გამოვიწვიო, ვერ ვთმობ ამ სიყვარულს, რაც ხალხისგან ჩემი მისამართით მოდის. ასე რომ, ჯერჯერობით, ამაზე სერიოზულად არ ვფიქრობ, სამომავლოდ არ ვიცი, რა იქნება...

თამარ იაკობაშვილი



alt"ზოგი უზრდელურ რაღაცებს გვიწერს და გვაკრიტიკებს... ჰაკერებიც გვებრძვიან" - 5-შვილიანი ოჯახი ოზურგეთიდან, რომელთა ვიდეოებს ტიკ-ტოკზე ათი ათასობით ნახვა აქვს