„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსმა პირველი სტუდენტების მიღების ღონისძიება გამართა - მშობლები

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსმა პირველი სტუდენტების მიღების ღონისძიება გამართა

2022-10-24 10:41:38+04:00
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. მიღების ღონისძიებაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ „ვებსტერის“ პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს, პირადად მათგან მიეღოთ რეკომენდაციები და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
ასევე, მიღების ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც სტუდენტებს, „ვებსტერისა“ და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში „ვებსტერის“ უნივერსიტეტის შემოსვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის პარტნიორობის ჭრილში და ისაუბრა ამერიკული განათლების მნიშვნელობაზეც.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ გახსნა არის განათლების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი და კიდევ ერთი ხიდი ქვეყნებს შორის.

„ეს არის ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის უახლესი მაგალითი განათლების განვითარებისთვის აქ, საქართველოში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, იქნება ეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, ინგლისური ენის გაკვეთილები, საბაზისო განათლების სასწავლო პროგრამების მოდერნიზება, მასწავლებლების გადამზადება თუ სკოლების აღდგენა. ასე რომ, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა პარტნიორობა საქართველოსთან და ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ვხედავთ „ვებსტერის უნივერსიტეტის“ კამპუსის გახსნას, როგორც უახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს პარტნიორობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
mshoblebi
აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა. მისი თქმით, „ვებსტერი“ მზად არის, ქართველ ახალგაზრდებს საუკეთესო ამერიკული განათლების მიღებაში დაეხმაროს.
„ძალიან სასიამოვნოა თბილისში ყოფნა და მინდა, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პირველი თაობის სტუდენტებს მივესალმო, რომლებიც აქ იწყებენ საგანმანათლებლო გზას. ეს არის პირველი ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი რომელიც შემოვიდა საქართველოში და კავკასიაში. ვამაყობთ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით ამ ძალიან წარმატებული საქმის წამოწყებაში. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავრჩეთ; აქ ვართ, რათა დავეხმაროთ ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება, რისი შეთავაზებაც აშშ-ში შეგვიძლია. ამ განათლებას კი ახლა აქ, საქართველოშიც გთავაზობთ“, - განაცხადა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა.
mshoblebi
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოში შემოსვლაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო და წარმატებით დასრულდა. როგორც უნივერსიტეტის პარტნიორმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების ამერიკული ინსტიტუციის საქართველოსა და რეგიონში შემოსვლა უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებისთვის.
„2 წლის თავზე ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ „ვებსტერის“ უნივერსიტეტი გაიხსნა, გვყავს პირველი სტუდენტები და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოშივე არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი რეგიონის სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებას. „ვებსტერში“ ასწავლიან უცხოელი პროფესორები და სტუდენტებს შეეძლებათ, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ერთ-ერთი საუკეთესო განათლება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის საჩუქარი - საქართველოში დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები ღირდეს სწავლა, ვიდრე სხვაგან. რა თქმა უნდა, პირველი წარმატებული წლის შემდეგ, უნივერსიტეტი გააგრძელებს მუშაობას, სხვა სტუდენტების მიღებას და გავზრდით იმ ახალ თაობას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი რამინ ჰაჯიევი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, რამდენიმე სტუდენტი და სხვა სტუმრები.
სტუდენტები მოხარულები იყვნენ, რომ ამერიკული განათლების მიღების საშუალება საქართველოში ეძლევათ, რაც სამომავლოდ კარიერული განვითარებისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენის საშუალებას მისცემთ.
mshoblebi
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ვანო გაზდელიანის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სწავლის ამერიკული სტანდარტი და რამდენიმე სემესტრის უცხოეთში გავლა.
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოში შემოსვლისთანავე გადავწყვიტე ჩაბარება, რადგან ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ სწავლა ჩემი სამომავლო განვითარებისთვის და ამერიკული დიპლომი, რომელიც ასევე ძალიან დამეხმარება. უნივერსიტეტი გვაძლევს საშუალებას, რამდენიმე სემესტრი გავიაროთ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში და ევროპის სახელმწიფოებში და მიმაჩნია, რომ ეს დამეხმარება წარმატების მიღწევასა და ახალი კავშირების გაბმაში“, - აღნიშნა მან.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტების პირველმა ნაკადმა აშშ-ის ელჩთან, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტთან და სხვა სტუმრებთან ერთად საერთო ფოტოსურათები გადაიღო. დღეიდან კი მათთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ვებსტერის უნივერსიტეტი“ 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ, მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.
ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ „ვებსტერის“ საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით.
სწავლის დასასრულს, სტუდენტს გადაეცემა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ამერიკული დიპლომი.

R