"ეს 4 მთავარი ნიშანი D ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ამას ყურადღებას არ აქცევდეთ" - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - მშობლები

"ეს 4 მთავარი ნიშანი D ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ამას ყურადღებას არ აქცევდეთ" - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

2022-10-25 08:36:54+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" 4 ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ასახელებს, როცა ადამიანის ორგანიზმს D ვიტამინი აკლია და პრობლემებიც სწორედ აქედანაა გამოწვეული:- როცა ადამიანის სხეულს D ვიტამინი აკლია, ის, როგორც წესი, რაიმე დამახასიათებელი, კონკრეტული ჩივილით არ ვლინდება. მაგრამ, როდესაც საქმე D ვიტამინის გამოხატულ დეფიციტს ეხება, ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ჩივილია. პაციენტს შეიძლება რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი და სხვა ნიშნები ახასიათებდეს. მინდა D ვიტამინის ნაკლებობის 4 ისეთი ნიშანი დაგისახელოთ, რომლებზეც შესაძლოა არ იცოდეთ, რომ სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. მაგალითად, ზოგჯერ კლინიკაში მშობელი მოდის და მეუბნება, რომ მისი შვილი ძალიან ხშირად ავადდება, მარტივად ემართება ფილტვების ანთება, ბრონქიტი, გაციება, სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ძალიან ბევრ რამეს იკვლევენ და ზოგჯერ მიზეზს ვერ პოულობენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი ხშირი ინფექციებისკენაა მიდრეკილი, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ D ვიტამინის არასაკმარისი შემცველობაა. თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი არაა, იმუნური სისტემის მაკონტროლებელი მთავარი უჯრედები სწორად ვერ მუშაობენ. ამიტომაც, ორგანიზმი ბაქტერიებთან, ვირუსებთან, სოკოებთან მარცხდება და სასუნთქი გზების ინფექციები მარტივად ემართებათ. მეორე, ასევე ტიპური ჩივილი, რაც შეიძლება პაციენტს მაშინ ჰქონდეს, როდესაც D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის, ეს კუნთების ტკივილია. აქ საუბარია არა ერთჯერად დისკომფორტზე, არამედ კუნთების ქრონიკულ ტკივილზე. ასევე, არა მარტო კუნთების, არამედ ძვლების ტკივილზეც. ამიტომაც, კუნთებისა და ძვლების ტკივილი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობას უკავშორდებოდეს. თუ ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია, კალციუმის შეწოვა ძალიან უჭირს. კალციუმის დონის ვარდნა კი საბოლოოდ ძვლებისა და კუნთების ტკივილს იწვევს. არა მარტო ამ ორ ჩივილს, არამედ კუნთების კრთომასაც. ხშირად მოდიან პაციენტები და ამბობენ, რომ კუნთები, თვალი, ხელი უკრთით - ამიტომაც, კუნთების კრთომა შესაძლოა სწორედ D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. მისი შევსებით, ეს პრობლემა, როგორც წესი, გვარდება ხოლმე. კიდევ ერთი ტიპური გამოვლინება, როდესაც ორგანიზმს D ვიტამინი აკლია, შეიძლება იყოს ის ფაქტიც, რომ პაციენტს ხშირად ჰქონდეს პირის ღრუს პათოლოგიები. მაგალითად, არსებობს დაავადება, რომელსაც პერიოდონტიტი ჰქია. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც კბილების გარშემო ანთებაა. როგორც წესი, ღრძილების ანთებით იწყება და საბოლოო ჯამში, პირის ღრუში ცუდი სუნითა და კბილების ცვენით გრძელდება. ამიტომ, D ვიტამინის დონის შევსებით ხშირად ეს პრობლემა გვარდება. მეოთხე და ძალიან გავრცელებული ჩივილი, როდესაც ადამიანს D ვიტამინი აკლია, არის ის, რომ ის ძალიან ადვილად იღლება. გაიღვიძებს და უკვე დაღლილია, მიდრეკილია დეპრესიისკენ, გუნება-განწყობის დაქვეითებისკენ, ან პირიქით, შფოთვისკენ. ნერვიულობს, პანიკობს, მოუსვენრადაა. ასეთი ადამიანები შეიძლება უძილობისკენაც იყვნენ მიდრეკილნი. აღმოჩნდა, რომ ადამიანების ნაწილში ეს ყველაფერი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობით იყო გამოწვეული, იმიტომ, რომ D ვიტამინის ერთ-ერთი პროდუქტი, კალციდიოლი, ნეირონების სწორ აქტივაციაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომაა, რომ თუ ადამიანს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს და მისი რაოდენობა ექიმის მიერ სწორად, ჯანსაღად და ნორმალურად გამოსწორდება, ეს პრობლემები გვარდება. ამიტომ, იცოდეთ, რომ D ვიტამინის ნაკლებობა უსიმპტომო დაავადება არ არის. ეს ზოჯგერ შესაძლოა ის ყოველდღიური პრობლემა იყოს, რომელსაც ჩვეულებრივ მოვლენად ვიღებთ, მაგრამ რეალურად ის ამ ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. გირჩევთ, რომ თუ D ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, ყოველთვის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეავსოთ.