42 წლის პოლიტიკოსი რიში სუნაკი არა მხოლოდ ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია ბოლო 210 წლის განმავლობაში, ამ თანამდებობაზე ინდური წარმოშობის პირველი ადამიანია და ასევე ერთ-ერთი უმდიდრესი ლიდერია ქვეყნის ისტორიაში. საზოგადოების ყურადღების ცენტრშია როგორც თავად სუნაკი, ასევე მისი მეუღლე, მილიარდების მემკვიდრე და არაერთი ბიზნესის მფლობელი აკტაშა მურთი.
გზა წარმატებისკენ
რიში სუნაკი და მისი მეუღლე უმდიდრესი ბრიტანელების სიაში 222-ე ადგილზე არიან. მათი ქონება 827 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება თვით მეფე ჩარლზ III-ის ქონებას. თითოეული მეუღლის რა წილია ოჯახის ბიუჯეტში, უცნობია, მაგრამ, როგორც ბრიტანული პრესა წერს, რიშის ქონება ახლოსაც ვერ მივა მისი მილიარდერი მეუღლის ქონებასთან.
პოლიტიკოსის მეუღლე 42 წლის აკშატა მურთი, ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმის, ნაგავარა რამარაო ნარაიანა მურთის ქალიშვილია. რიშის მშობლები კი, მიუხედავად იმისა, რომ შვილს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მისცეს განათლება, მდიდრებში არასოდეს მოიხსენოებოდნენ და საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ.
რიშის მშობლები ინდოეთის პენჯაბის შტატიდან არიან. თუმცა საცხოვრებლად ინგლისში გადავიდნენ, სადაც 1980 წელს დაიბადა მომავალი პრემიერ-მინისტრი. მისი მშობლიური ქალაქი საუთჰემპტონია.
მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად
სუნაკის მამა ექიმი თერაპევტი იყო, დედამისი აფთიაქს ფლობდა. ოჯახში სამი შვილი გაიზარდა, მათგან უფროსი გახლავთ რიში. ბიჭი კარგად სწავლობდა, არ ჰქონდა ქცევითი პრობლემები, იყო სკოლის კრიკეტის გუნდის კაპიტანი – ერთი სიტყვით, ტიპიური „კარგი ინდოელი ბიჭი“, როგორც მას ნაცნობები ახასიათებენ. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახი ცდილობდა გრანტი მიეღო, რათა რიშის ელიტარულ ვინჩესტერის კოლეჯში გაეგრძელებინა სწავლა. თუმცა გრანტი არ მიუღიათ და მშობლებს დიდი შრომა მოუხდათ იმისთვის, რომ შვილის ამ კოლეჯში სწავლის ფული გადაეხადათ. სუნაკი ამბობს, რომ მამამ და დედამ ზოგადად "ბევრი რამ გაწირეს" მისი კარგი განათლებისთვის.
კოლეჯში რიში პოლიტიკით დაინტერესდა. თუმცა სკოლაში ჯედაობაზე ოცნებობდა და "ვარსკვლავური ომები" მისი საყვარელი ფილმი იყო.
18 წლის ასაკში ოქსფორდში მოხვდა, სადაც სწავლობდა ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიკას. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთი მასწავლებელი იხსენებდა, თანაკურსელები ყოველთვის დასცინოდნენ სუნაკს იმის გამო, რომ მას პრემიერ-მინისტრობა უნდოდა. ოქსფორდის შემდეგ რიში ფულბრაიტის ფონდის სტიპენდიით აშშ-ში, სტენფორდში გაემგზავრა.
ბევრი სტუდენტის მსგავსად, ახალგაზრდობაში სუნაკი არდადეგების დროს ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა - საუთჰემპტონის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად. პირველი "ნამდვილი" სამსახური 21 წლის ასაკში მიიღო: ანალიტიკოსად მოეწყო. მოგვიანებით, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მუშაობდა ფინანსურ სექტორში, სანამ პოლიტიკოსის კარიერას დაიწყებდა. ყველა სამსახურში ხალხს თავი დაამახსოვრა თავაზიანობითა და კარგი მანერებით, თანაც საკმაოდ შეუმჩნეველი რჩებოდა, ამიტომ ჟურნალისტებმა ყოფილი კოლეგებისგან სკანდალური დეტალების მოპოვება ვერ მოახერხეს.
სუნაკის სიმაღლე 170 სმ-ია. Daily Mail-მა უკვე აღნიშნა, რომ ის ყველაზე დაბალი პრემიერ მინისტრია ბრიტანეთში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, რომლის სიმაღლე 167 სმ იყო.
მდიდარი მემკვიდრე
პოლიტიკოსის მეუღლე აკშატა მურთი ამბობს, რომ მისი ბავშვობა საკმაოდ ჩვეულებრივი იყო, დიდი ფუფუნების გარეშე – „დიდი დაბადების დღეების გარეშე და შეზღუდული ჯიბის ფულით“. აქშატას მამა IT მაგნატია, მაგრამ უფროსი მურთი ისე "არამაგნატურად" გამოიყურებოდა, რომ ერთხელ მის მეუღლეს სთხოვეს, ბიზნეს კლასის სალონში შემსვლელთა რიგი დაეტოვებინა. ჩათვალეს, რომ მისი ვიზუალი არ შეესაბამებოდა მაღალი რანგის სტატუსს.
აკშატამ და რიშიმ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს, როდესაც ორივე სტენფორდის სტუდენტები იყვნენ.
შეხვედრიდან ოთხი წლის შემდეგ, წყვილმა ბრწყინვალე ორდღიანი ქორწილი გამართა ინდოეთში, ბანგალორში, სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ცნობილი სახეები და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები. პატარძლის მშობლები თბილად შეხვდნენ რიშის. აკშატას მამამ სიძეს თანამდებობაც მიართვა საოჯახო ბიზნესში, მაგრამ არ სწყენია, როცა რამდენიმე წლის შემდეგ სუნაკმა პოლიტიკური კარიერისთვის მისი კომპანია დატოვა.
.jpg)
ქორწილიდან რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილი ინდოეთში ცხოვრობდა. აკშატა იქ ავითარებდა ტანსაცმლის ბრენდს Akshata Designs. 2011 წელს მის შესახებ ინდურმა "ვოგმა" დაწერა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, დიზაინერს სურს, რომ მისი კოლექციები გახდეს "ინდური კულტურის შესწავლის ინსტრუმენტი". მან სამუშაოდ მოიზიდა ხელოსნები ქვეყნის შორეული სოფლებიდან, აქტიურად იყენებდა ტრადიციულ მოტივებს, ქსოვილებსა და სტილს.
”მინდა, ტანსაცმლის თითოეულ ნაწილს ჰქონდეს თავისი ისტორია, მე ვარ ავთენტურობის, ოსტატობისა და მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნების მომხრე,” - თქვა აკშატამ Vogue-თან ინტერვიუში. ”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გავაკეთო ინდოეთში და ინდოეთისთვის, რადგან ის ჩვენი დნმ-ის ნაწილია“.
Vogue-თან ინტერვიუდან ერთი წლის შემდეგ, მოდის ბრენდი Akshata Designs დაიხურა - ორი წლის არსებობის შემდეგ მას დიდი მოგება არ მოუტანია. თუმცა ეს არ არის მისი ერთადერთი ბიზნესი. აკშატა მამის კომპანიის Infosys-ის ერთ პროცენტზე ნაკლებს ფლობს, მაგრამ ეს თითქმის 499 მილიონი დოლარია. მერთი ფლობს წილს ბრიტანულ კომპანიაში, რომელიც მართავს Jamie's Italian და Wendy's რესტორნებს ინდოეთში, ასევე ფლობს წილს ძიძების კომპანიაში, არის ფიტნეს კლუბების ქსელის დირექტორი და ეს მისი სრული რეგალიაც კი არ გახლავთ.
გზა თანამდებობისკენ
2015 წელს რიშიმ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში რიჩმონდის რაიონში და გაიმარჯვა, რაც გასაკვირი არ იყო: რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობა 100 წელზე მეტია კონსერვატორებს აძლევდა ხმას. სამი წლის შემდეგ ის სახელმწიფო სამსახურში მოხვდა.
2019 წელს სუნაკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ბორის ჯონსონს საპრემიერო რბოლაში. პრემიერ-მინისტრი რომ გახდა, მან სუნაკი დანიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და მალე მინისტრის პოსტზე გადაიყვანა. ასე გახდა რიში ბრიტანეთის ხაზინის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი და პირველი არათეთრკანიანი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
თავის თანამდებობაზე სუნაკი საკმაოდ წარმატებული იყო, მედია მის გადაწყვეტილებებს საკმაოდ ეფექტურს უწოდებს. მაგრამ მისი პირადი ურთიერთობა ბორის ჯონსონთან გაუარესდა. 2022 წლის ივლისში, მთავრობის წევრ კრის პინჩერთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის ფონზე, რიში გადადგა. მას მოჰყვნენ სხვა მინისტრები და პარლამენტის კერძო მდივნები - სულ 60-ზე მეტი ადამიანი. თავად ჯონსონმა გადადგომის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა. საიდუმლო არ არის, რომ ის სუნაკის ქმედებას ღალატად მიიჩნევს.
ჯონსონის წასვლის შემდეგ, რიში სუნაკი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი გახდა, მაგრამ ლიზ ტრასმა დაიკავა პოსტი. სუნაკი სასტიკად აკრიტიკებდა მის ეკონომიკური განვითარების გეგმას საარჩევნო რბოლის შემდეგ და თქვა, რომ გადასახადების შემცირებისა და საარსებო სუბსიდიების უზრუნველყოფის გადაწყვეტილება "სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საჯარო ფინანსებს".
მილიონები და სკანდალები
რიშისა და აკშატას ძვირად ღირებული უძრავი ქონება ასეთია: სახლი ლონდონის ცენტრში, ისტორიული სასახლე ჩრდილოეთ იორკშირში, ბინა სამხრეთ კენსინგტონის პრესტიჟულ რაიონში და პენტჰაუსი სანტა მონიკაში (კალიფორნია). Forbes-ის შეფასებით, მეუღლეების ქონების ჯამური ღირებულება დაახლოებით 18,3 მილიონი დოლარია.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, ანუშკა და კრიშნა. ისინი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილთან, 11 წლის ჰარპერთან ერთად დადიან Glendower Prep School-ში.
1.jpg)
სუნაკს უყვარს კრიკეტი, ფეხბურთი და კინო. ყველაზე მავნე ჩვევად კოკა-კოლაზე გრძელვადიან დამოკიდებულებას მიიჩნევს. პოლიტიკოსი ალკოჰოლს არ ცნობს.
პრესა წერს მის გატაცებაზე ძვირად ღირებული სამოსით და ზოგადად ძვირფასი ნივთებისადმი სიყვარულით, ხშირად ეს ხდება კრიტიკისა და ხუმრობის მიზეზი. ბევრი ბრიტანელი თვლის, რომ პოლიტიკოსი განებივრებულია სიმდიდრით და ცოტა მოწყვეტილია რეალობას.
ამ ზაფხულს საზოგადოება აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ რიშიმ და მისმა მეუღლემ ერთ-ერთ სასახლეში ააშენეს დახურული საცურაო აუზი და ამაში მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს. "მინისტრი აუზისთვის იმეტებს 400,000 ფუნტ სტერლინგს, როცა ბრიტანელები ქამრებს იჭერენ მზარდი კომუნალური გადასახადების ფონზე", - წერდა პრესა.
პოლიტიკოსის მეუღლის სახელს კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება: გაზაფხულზე გაირკვა, რომ აკშატა მურთი სახელმწიფო ხაზინაში გადასახადებს არ იხდის, რადგან ის ინდოეთის მოქალაქეა და არ აქვს დიდი ბრიტანეთის საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი. თავდაპირველად მერთი თავის გამართლებას ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობით იმაზე, რომ მან კანონი არ დაარღვია. მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება სტატუსის შეცვლისა და ბრიტანეთის ხაზინაში გადასახადების გადახდის შესახებ.
რაც შეეხება ახალ თანამდებობაზე რიში სუნაკის ხელფასს, Forbes-ის ინფორმაციით, ის წელიწადში 185 ათას დოლარზე მეტს მიიღებს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე პოლიტიკოსმა პარლამენტის წევრის დეპუტატობით გამოიმუშავა.