რატომ მიიჩნევა ჩინური მომავლის ენად და რაში დაეხმარება მოზარდს ჩინური ენის შესწავლა - გამოცდილი სპეციალისტის რჩევები - მშობლები

რატომ მიიჩნევა ჩინური მომავლის ენად და რაში დაეხმარება მოზარდს ჩინური ენის შესწავლა - გამოცდილი სპეციალისტის რჩევები

2022-11-08 07:25:57+04:00
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი მშობელი ცდილობს, შვილს ჩინური ენა შეასწავლოს და თავადაც მიიღოს ამ მიმართულებით ცოდნა, რადგანაც ითვლება, რომ ჩინური ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი ენაა. ალექსანდრა ლატარია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სინოლოგი, პირველი ქართულ-ჩინური სასაუბროს ავტორი, ნობელიანტი მწერლის, მო იენის ნაწარმოებების მთარგმნელია ჩინური ენიდან. დაახლოებით 8 წელია, რაც ჩინურ ენას ასწავლის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას საკუთარი გამოცდილების გაზიარება და რჩევები ვთხოვეთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ეს ენა შეისწავლონ. როგორც ალექსანდრა ლატარია გვეუბნება, სწავლების პროცესში მთავარი გამოწვევა იეროგლიფები და მათი სწორად დამახსოვრებაა. ის უფრო ზუსტად გვიყვება, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როდესაც ჩინური ენის სწავლას დაიწყებს:

- ჩინური რთული, თუმცა საინტერესო ენაა. აქვს 4 სხვადასხვა ტონალობა და ენა მუსიკალურია. ამ ენის შესასწავლად მაქსიმალური ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო. ადამიანი მუდმივი შრომისთვის უნდა იყოს მზად, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ითვლება ჩინური ენა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ენად თანამედროვე სამყაროში, რის გამოც ბევრი ადამიანი ცდილობს შესწავლას?

- ჩინეთი 21-ე საუკუნეში ეკონომიკურად და თანამედროვე მიღწევებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიოს მოსახლეობის მეექვსედი ჩინურად საუბრობს. ყველაზე მარტივი ახსნა ამ საკითხის იქნება ერთი წინადადებით: "დღევანდელ სამყაროში ყველაფერი მზადდება ჩინეთში."

- რა გზით შეიძლება ქართველმა მოსწავლეებმა ჩინური ენა ისწავლონ?

- უკანასკნელ წლებში, ჩინური ენის შემსწავლელი საკმაოდ ბევრი ცენტრი თუ აკადემია გაიხსნა, რამდენიმე საჯარო სკოლაშიც სრულიად უფასოდ ასწავლიან სკოლის მოსწავლეებს. ტარდება კონკურსები, სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს უშვებენ ჩინეთში. ჩინურის სწავლა ბევრად გამარტივებულია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რადგან ბევრი ცენტრი ონლაინაც იძლევა კურსების გავლის შესაძლებლობას.

- როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდებს რაში დაეხმარება ჩინური ენის სწავლა?

- ახალგაზრდებას ჩინური ენის სწავლა დაეხმარება განვითარებაში, სხვებთან კონკურენციაში, ჩინური ხომ უკვე მსოფლიო ენად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ყოველწლიურად გამოყოფს სამთავრობო თუ სხვა სახის სტიპენდიებს, რომელიც ყველა ხარჯს სრულად ფარავს და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლონ. ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობიდან და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებიდან გამომდინარე, საქართველოში გაჩნდა უამრავი სამუშაო ადგილი. დასაქმების მხრივ, კურსდამთავრებულებსა და მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებშიც კი ასპროცენტიანი დასაქმებაა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში.

- თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რა არის მთავარი გამოწვევა?

- ჩემთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ქართულ-ჩინური სახელმძღვანელოები საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს. სხვა კუთხით, საკმაოდ კარგი სიტუაციაა სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი, კონფუცის ინსიტუტები, ძალიან ხშირად ატარებენ სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც უშუალოდ ჩინეთს ეხება.

- ჩინეთში თუ ყოფილხართ და თუ შეგიძლიათ, ჩვენი და იქაური განათლების სისტემა შეადაროთ, რა განსხვავებებსა და მსგავსებას ხედავთ?

- 2008 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრული სტიპენდია მოვიპოვე და ერთი წელი უხანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, 2010 წელს კი - ერთი სემესტრი ლანჭოუს უნივერსიტეტში. ჩინეთში აქვთ ძალიან ძლიერი განათლების სისტემა, აქვთ უძლიერესი ლაბორატორიები, ასევე მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიები. არის ცალკე აშენებული სტუდენტური კამპუსები. იქვე არის ყველაფერი მოწყობილი სტუდენტისთვის და საშუალება აქვთ, სპორტის ნებისმიერი სახეობით დაკავდნენ.

- იმისათვის, რომ ადამიანმა ჩინური სრულყოფილად ისწავლოს, დაახლოებით, რა პერიოდია საჭირო და რა რის მთავარი ამ დროს?

- დაახლეობით პერიოდს ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს თვითონ ადამიანზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული. მთავარია ტონალობების სწორად შესწავლა და გამოთქმა, ასევე დამწერლობის და ფინინების გათვალისწინება. ყველაზე დიდი სირთულე ალბათ დამწერლობაა, რომელსაც ბევრი ღამის თენება სჭირდება. ვთვლი, რომ ბევრი შრომა და მიზანდასახულობა ადამიანს სასურველ შედეგამდე მიიყვანს.

- გაუზიარეთ რჩევები იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩინური ენის შესწავლას ცდილობენ - რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?

- აუცილებელად მიაქციონ ყურადღება სწორად გამოთქმას და შეეცადონ, ყველა იეროგლიფი სწორად გამოწერონ. ჩინური ენის სწავლების დროს ჩინეთის კულტურასა და ისტორიასაც ეზიარონ, რადგან ეს უფრო გაუმარტივებთ ენის სწავლების პროცესს. თითოეულ იეროგლიფს თავისი საინტერესო ისტორია თუ ამბავი აქვს, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

თამარ იაკობაშვილი