მოსწავლის გადაღლილობას ბევრი მშობელი არასერიოზულად უყურებს. ფიქრობენ, რომ ეს სიზარმაცის ბრალია და მოსწავლისთვის მეცადინეობა ზედმეტი არასოდეს არის. სინამდვილეში ფსიქოლოგები სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ გადაღლას და მოსწავლეების გონებრივ და ემოციურ გამოფიტვაზე საუბრობენ.
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს:
- მოსწავლეების ემოციური გადაწვა არის ემოციური და გონებრივი გამოფიტვის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი სტრესით. ემოციური გადაწვა დგება არა მხოლოდ მოზრდილებთან, არამედ ბავშვებთანაც. როგორც წესი, იწყება დაღლილობით, ყოველდღიურ სასკოლო შეფასებებზე შფოთვით, რომელიც ვრცელდება ოჯახთან, მეგობრებთან და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთობებში.
სასწავლო პროცესში ინტენსიური მუშაობის დროს ბავშვის ტვინი დატვირთვას ვერ უმკლავდება და ჩნდება შფოთვა, როცა ის პიკს აღწევს, დამცავი მექანიზმი იწყებს ამოქმედებას, რომელიც ამცირებს შრომისუნარიანობას: ყურადღება იფანტება, მეხსიერება უარესდება, იკლებს ინფორმაციის აღქმის უნარი. რესურსების გადინების შემდეგ იწყება ფიზიკური ავადობა.
გადაწვის ოთხი მარკერი რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
- ფსიქიკური გამოფიტვა (დაღლილობის მუდმივი განცდა)
- საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა და სირცხვილის განცდა სისუსტის გამოვლენისთვის
- უხეშობა და ცინიზმი, როგორც სტრესისგან თავის დაცვის მცდელობა;
- უმწეობის განცდა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე.
გადაწვის დროს ბავშვები უფრო ჩაკეტილი, პასიური და გაღიზიანებულები ხდებიან, სწრაფად იღლებიან და ვალდებულების მიმართ ინდიფერენტული არიან,თითქოს არაფერი აინტერესებთ, ქვეითდება შრომისუნარიანობა, შესაბამისად -აკადემიური მოსწრებაც . ადრეულ ეტაპზევე სიმტომებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ ბავშვი დაიცვათ გადაწვისგან.
ემოციური გამოფიტვის მთავარი მიზეზი გახანგძლივებული სტრესია. მსუბუქი სტრესის დახმარებით ბავშვი სწავლობს სიძნელეების შიშის გადალახვას , დაბრკოლებების დაძლევას და მიზნების მიღწევას. პრობლემები იწყება მაშინ, როცა სტრესი ხდება რეგულარული. ბავშვს არ აქვს „გადატვირთვის“ არც დრო და არც შესაძლებლობა :მატულობს აკუმულირებული/დაგროვილი შფოთვის გრძნობა,რომელიც საბოლოოდ იწვევს ემოციურ გადაღლას, შემდეგ კი გამოფიტვას.

მოსწავლის სტრესის ძირითადი მიზეზებია:
- მშობლების წინაშე პასუხისმგებლობა და მათი მოლოდინების დაკმაყოფილების სურვილი;
- ზედმეტი სასწავლო, გონებრივი დატვირთვა და თავისუფალი დროის არ ქონა (მაგ: პირველი კლასიდან 6 გაკვეთილი, 5 საათამდე და 7 საათამდე გახანგძლივებულ სწავლაზე და სასკოლო წრეებზე დარჩენა, მაღალ კლასებში 8 გაკვეთილი, შიდა სასკოლო ე.წ საკონტროლო წერები, საგამოცდო საგნებისთვის მზადება და ა. შ )
- სასწავლო სირთულეები, რომელიც დაკავშირებულია აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტთან (ყურადღების განაწილება და შენარჩუნება; გადამუშავების სისწრაფე; გადართვადობა ; მუშა მეხსიერება, ინიცირება; თანმიმდევრულობა და ორგანიზება; კოგნიტური მოქნილობა)
- მომავლის მიმართ გაურკვევლობა.სია გრძელდება, მათ შორისაა ოჯახში შესაძლო სტრესული სიტუაციები ან, თანატოლებთან კომუნიკაციის სირთულეები.
ყურადღება მიაქციეთ გადაწვის სიმპტომებს:
- ემოციების მკვეთრი ცვლილება. ბავშვი ხდება გაღიზიანებული, უარს ამბობს კომუნიკაციაზე, კითხვებს პასუხობს მოკლედ, ან ხდება ზედმეტად იმპულსური, ახასიათებს უმნიშვნელო რამეზე კონტროლის დაკარგვა, ტირილი;
- ძილის დარღვევა- უჭირს ჩაძინება. ღამით ხშირად ეღვიძება, შესაბამისად დილით უჭირს ადგომა და გამოფხიზლება.
- ქრონიკული დაღლილობა - ბავშვს დღის განმავლობაში არ აქვს საკმარისი ძალა , რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე იფიტება.ძილის და შაბათ-კვირის დასვენებითაც ენერგიის დონის აღდგენა არ ხდება.
- აპათია და პროკრასტინაცია, დავალებების გადავადება - ბავშვს უჭირს სწავლაზე კონცენტრირება, უჭირს ინფორმაციის დამახსოვრება, დავალებების შესრულება და ორგანიზება, საყვარელი აქტივობების და ურთიერთობების მიმართ ინტერესები ქრება.
- მადასთან დაკავშირებული პრობლემები - ასევე კვებაში ქცევის ცვლილება, უმადობა ან მადის მატება, ბავშვის მიერ განცდილ ხანგძლივ სტრესზე მიანიშნებს.
რითი შეძლებთ ბავშვის დახმარებას:
- შეამცირეთ სასწავლო დატვირთვა, შეარჩიეთ ისეთი სკოლა სადაც ბავშვი არ ზიანდება.შეუცვლელი პრევენცია არის ისეთი სკოლის არჩევა, სადაც ბავშვი არ ზიანდება,-არ არის შეფასებებზე ორიენტირება, რომელიც არის ბავშვის შფოთვის ძირითადი წყარო;-სასწავლო დატვირთვა ასაკობრივ შესაძლებლობაზეა მორგებული - საათობრივი ბადე, სასწავლო მასალის მოცულობა, აქტივობების სწორად განაწილება , ალტერნატიული დასვენების , სპორტით და ფიზიკური დატვირთვით ჩანაცვლება.-აუცილებელია მშობლის თვითანალიზი, დამოკიდებულება ბავშვის წარმატების მიმართ: როგორი გარემო შეარჩია, რა დაკვეთა აქვთ სკოლის და ბავშვის მიმართ, რამდენად ემთხვევა მშობლის/სკოლის მოთხოვნები და ბავშვის შესაძლებლობები ერთმანეთს.
- ყოველდღიურ განრიგში შესვენებების შეტანა.საშინაო დავალების დრო დაყავით 25-30 წუთიან ეტაპებად, ხუთწუთიანი შესვენებებით.სკოლასა და რეპეტიტორებს შორის დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას ან სპორტს.ასევე, ბავშვს კვირაში ერთი დღე უნდა ჰქონდეს დასვენება, დღე არაფრის კეთების და ვალდებულებების გარეშე. ხშირად მშობლები შვილებს უქმე დღეების გარეშე ტოვებენ.
- სამუშაო გარემო.მხოლოდ ორ პროცენტს შეუძლია ერთდროულად ეფექტურად ერთზე მეტი დავალების შესრულება, ამიტომ მეცადინეობის პროცესში გააჩუმეთ ტელეფონი , ტელევიზორი და ა. შ რაც ყურადღებას გაფანტავს.
- ძილის რეჟიმი.8-10 საათამდე ძილი აუცილებელია. კვლევის მიხედვით, მოზარდების 72%-ს შვიდ საათზე ნაკლები სძინავთ, რაც ნიშნავს ცუდ კონცენტრირებას, ადვილად დაღლას და დაბალ სტრესგამძლებას. ძილთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, უნდა შეზღუდოთ ძილის წინ ერთი საათით ტელეფონის გამოყენება, მოიფიქროთ რიტუალები, რომლებიც არ არის დაკავშირებული გაჯეტებთან, როგორიცაა წიგნების კითხვა, სამაგიდო თამაშებით ოჯახთან ურთიერთობა, ხატვა და ა.შ.
- აქტიური დასვენებადასვენება რომელსაც მოაქვს სიამოვნება და განტვირთვა. სპორტი, გასეირნება ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, ჰობი შესანიშნავად ახდენს ყურადღების გადატანას და ბავშვს ავსებს ენერგიით.
- ემოციური მხარდაჭერა, უპირობო მიღება.მშობლების მხრიდან - ემოციური მხარდაჭერა/ზრუნვა ბავშვის რეალური შესაძლებლობების , საჭიროების დანახვა და მოსმენა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმალური ზრუნვა - გამოკვება, ჩაცმა, განათლების მიცემა. რისი დანაკლისი არის მატრავმირებელი ბავშვისთვის. ამ ზურგჩანთით ბავშვს აკლია სიყვარული და თავდაჯერებულობა, თვლის რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, ამიტომ არ ღირს ყველაფრის კეთება და სხვისი იმედების გამართლება.