კალიფორნიაში ახალი ტენდენცია სულ უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება. ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეში ცხოვრობენ და როგორც წესი, არაფერი უჭირთ, ტოვებენ თავიანთ კომფორტულ სახლებს და ქუჩაში საცხოვრებლად მიდიან. 2020 წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა, ყველა საუბრობდა, რომ პანდემიის შემდეგ სამყარო ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იქამდე იყო. მართლაც, 2-წლიანმა განსხვავებულმა ცხოვრებამ ძალიან ბევრ სფეროზე მოახდინა გავლენა და ადამიანების აზროვნება და ფასეულობებიც მნიშვნელოვნად შეცვალა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ადამიანები თავიანთი ცხოვრების ნამდვილ წარმატებად ფულსა და მატერიალურ საკითხებს კი აღარ თვლიან, არამედ მენტალურად მშვიდად და ბედნიერად სიცოცხლე სურთ.
ახლა სან-ფრანცისკოში მედიტაციასთან და სულიერი სიმშვიდის სხვა ფორმებთან ერთად ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა და ეს მიდგომა სულ უფრო პოპულარული ხდება. კერძოდ, ადამიანები ტოვებენ თავიანთ კომფორტულ ცხოვრებას და ქუჩაში საცხოვრებლად მიდიან. მიდგომის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცოტა ხნით წარსული ცხოვრება დაივიწყონ, უარი თქვან თანამედროვე სარგებელსა და მიღწევებზე და უსახლკაროები გახდნენ, შესცივდეთ და ელემენტარული პირობების გარეშე გაატარონ რამდენიმე დღე, დაიძინონ პირდაპირ მიწაზე, შევიდნენ საქველმოქმედო სასადილოებში და მიირთვან ის საკვები, რასაც ღარიბი ადამიანები ყოველდღიურად ჭამენ.

მსგავს აქტივობას კალიფორნიაში არაკომერციული ორგანიზაცია Faithful Fools უწევს ორგანიზებას. ორგანიზაციის დამფუძნებლების თქმით, მათი მთავარი მიზანია, რომ მსოფლიო უსახლკარობის პრობლემასა და მძიმე სოციალურ ყოფაზე კიდევ ერთხელ დააფიქრონ და ამავდროულად, თავად ადამიანებშიც გამოიწვიონ გარკვეული ღირებულებების გადაფასება.
ამ გამოცდილებას ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეუერთდეს. ორგანიზაციის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრაქტიკით ადამიანები მიხვდებიან, რა სჭირდებათ ბედნიერი ცხოვრებისთვის, რომ iPhone-ის უახლეს მოდელებზე, ბრენდულ ნივთებსა და ძვირად ღირებულ სამოსზე უფრო ფასეულიცაა რაღაცები.

Faithful Fools ექსპერიმენტში მონაწილეებს შემდეგ პირობებს უყენებს: პირველ დღეს ყველა მონაწილე იკრიბება, ტელეფონებსა და ფულს აბარებენ, მხოლოდ თბილი საბნისა და რამდენიმე წყვილი საცვლის წაღების უფლება აქვთ. სხვა დანარჩენი, საკვები, დასარჩენი ადგილი, უსახლკაროებთან კომუნიკაცია, მოწყალების მიღების ხერხები თავად უნდა მოიფიქრონ. სწორედ ქუჩაში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ერთგვარი "მეგზურები“, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში ასწავლიან, სად უნდა მივიდნენ უფასო საკვებისთვის, სად არ შეიძლება გაჩერება და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა ფასიანია. ადამიანები გარკვეულ თანხას იხდიან, რომ ქუჩაში იცხოვრონ. ფული კი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ ადამიანს ფული არ აქვს, ორგანიზატორების თქმით, ჩართვაში უარს მაინც არავის ეუბნებიან.

"ქუჩაში ცხოვრება გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს ცხოვრებასა და ადამიანობაზე დავფიქრდეთ. მაშინ, როცა არ გვექნება ტელეფონი, მოგვიწევს, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ურადღება. განვიხილოთ ჩვენი იმედები, მოლოდინები და დღის რიტმი. დღის დასასრულს ყველა მონაწილე ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებთ, წვნიანითა და პურით ვუმასპინძლდებით და ვსაუბრობთ, რა აღმოვაჩინეთ ახალი." - წერენ ორგანიზატორები ოფიციალურ საიტზე.

აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა ახალი არ არის. კონცეფცია, როგორც მედიტაციის ერთ-ერთი სახე, მწერალმა ბერნი გლასმანმა მოიფიქრა. 1994 წლის იანვარში, 55 წლის ასაკში მან პირველი ჯგუფი შექმნა, რომელსაც ცოტა განსხვავებული მიზანი ჰქონდა - მონაწილეებს ღარიბ და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე უნდა ეზრუნათ.
"ვიცით, რომ უსახლკაროები არ ვართ და ამას ღიად ვამბობთ. მაგრამ, მოდი, გავიაროთ ქუჩაში და გავიგოთ, როგორ ცხოვრობენ და რას განიცდიან იქ ადამიანები", - თქვა გლასმანმა. იგი 2018 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი მიგნება, როგორც აღმოჩნდა, ისევ ცოცხალია და სულ უფრო პოპულარული ხდება.