საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "რეალური სივრცე" სკოლაში ბავშვთა უფასო კვების შესახებ ისაუბრეს და მასწავლებლებმა, მიწვეულმა სტუმრებმა საკმაოდ მძიმე ისტორიები გაიხსენეს, როდესაც ამ პრობლემის წინაშე თავად აღმოჩნდნენ.
ლია მეტივიშვილი, მასწავლებელი აღნიშნავს:
- როდესაც ბავშვი შენთან მოდის და გეუბნება, რომ შია, ამ დროს ადამიანი ინგრევი. მე, პირადად, ამ პრობლემას ძალიან მოუმზადებელი შევხვდი. ბავშვი გიყურებს საცოდავი თვალებით და გეუბნება, რომ შია. ზუსტად იცი, რომ შენ იქ მოაგვარებ ამ პრობლემას, მაგრამ ხვდები, რომ მას სახლშიც არ ექნება საჭმელი. არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც ეს იმდენად რთულია, რომ ძნელია, გაკვეთილი გააგრძელო. თუ დღეს იმაზე ვსაუბრობთ, რომ განათლების მიღების შანსი თანაბარი უნდა იყოს, მაშინ აქ ჩნდება შეკითხვა: მშიერ ბავშვს განათლების მიღება შეუძლია? მშიერ ბავშვს შეუძლია, რომ გაკვეთილზე გისმინოს და ყურადღებით იყოს? თუ ადამიანის პირველადი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის, მას არ შეუძლია, რომ სწავლის, თვითგანვითარების მოტივაცია ჰქონდეს. თუ დამნაშავის ფსიქოლოგიას დავუკვირდებით, აუცილებლად ჩავალთ ბავშვობაში და აუცილებლად მივალთ ბავშვობის იმ პატარა სტრესებთან, რასაც თუნდაც სკოლიდან იღებს. ჩემს მოსწავლეს უთქვამს: "მასწავლებელო, მე ბაღი უფრო მომწონდა." რომ მიკითხავს, რატომ, მიპასუხა: "იქ მე მაჭმევდნენ, თან 3-ჯერ." ანუ, მისი პირველადი მოთხოვნილება არის ჭამა და მერე შეგვიძლია სკოლაში მაღალ იდეალებზე, გაგება-გააზრებასა და სააზროვნო უნარებზე ვისაუბროთ.
პრობლემაზე გადაცემაში კიდევ ერთმა მასწავლებელმა, ლაურა გოტიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მოსწავლეს შიმშილით გულიც კი წასვლია:
- ამ კუთხით რეალობა ძალიან მძაფრია. მოსწავლე სახლიდან საკვებს არ წამოიღებს, როდესაც იცის, რომ მისი კლასელები მშივრები იქნებიან და ბულინგის საკითხი ჩნდება. ის სხვა კლასელებისაგან გარიყულია და ერიდება. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს აქვთ თანხა, მიდიან მაღაზიაში, ყიდულობენ. როგორც წესი, ის ბავშვები, რომლებსაც ამისათვის საკმარისი თანხა აქვთ, ერთად მიდიან, იკვებებიან და გარიყული ჰყავთ მოსწავლე, რომელიც სახლიდან თანხის გარეშე მოდის. ბავშვები შეიძლება ვერ ამჩნევენ, მაგრამ მასწავლებლები ვამჩნევთ. ისეთი საბრალო თვალებით უყურებენ, როგორ ჭამენ, ეს ტრაგედიაა. მქონია მოსწავლის გულის წასვლის შემთხვევები და ამ დროს არც თუ ისე ჯანსაღი გამოსავალი მაქვს. კარადაში ყოველთვის მაქვს შოკოლადები და ვაძლევ. მაგრამ, როდესაც ბავშვი მეუბნება, რომ მუცელი, თავი სტკივა, აშკარაა, რომ ის მშიერია. ვაძლევ შოკოლადს, მაგრამ შოკოლადი, ორცხობილა არ არის გამოსავალი. ბავშვს მისი ორგანიზმისათვისს საჭირო ვიტამინები სჭირდება და ეს ნამდვილად არ არის შოკოლადი. იმ მომენტში პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობა ზიანდება. მისი ჯანმრთელობა კი პრიორიტეტი უნდა იყოს იმიტომ, რომ ჯანმრთელი, განათლებული ბავშვი არის ის, ვინც ამ ქვეყნის კარგ მომავალს შექმნის. მშობლებთან ხშირად მაქვს საუბარი, რომ ბავშვისათვის საუზმე აუცილებელია. მაგრამ, მშობელი ამ კუთხითაც საკმაოდ დუხჭირია. კერძო და საჯარო სკოლის ბავშვი რომ შევადარო, როგორ გამოიყურებიან ისინი მე-5 გაკვეთილზე, კერძო სკოლის მოსწავლე აქტიური, ენერგიულია იმიტომ, რომ მან ისაუზმა, ისადილა. საჯარო სკოლის ბავშვი არის დაღლილი, დაქანცული და მე-6 გაკვეთილზე რაც არ უნდა გავაკეთო, რა რესურსიც არ უნდა ჩავდო, ეფექტური ვერ იქნება.
ამავე გადაცემაში განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, რომ 2023 წელი სკოლის კვების პროგრამის ადვოკატირების წლად გამოაცხადეს და ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებენ.
"სასკოლო კვების საკითხი პარტიული თემა არ არის, ზეპარტიული თემაა, სადაც მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს." - აღნიშნა მან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს და როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაცია გავრცელდება. ამ თემაზე მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმაც ისაუბრა:
"სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან." - განაცხადა მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.