დღეს ბევრი საუბრობს უცნაურ ინსტალაციაზე თუ ძალიან დამაჯერებელ რობოტზე და ფოტოებსაც ბევრი აზიარებს სოციალურ ქსელში. წითელთმიანი ქალის სახის მქონე გამოსახულებები Louis Vuitton-ის ოფისს ამშვენებს. ეს უჩვეულო ქალბატონი ამ მოდური ბრენდისთვის ნამდვილ შთაგონებად იქცა და ხშირად ამ ბრენდს ადანაშაულებენ კიდეც ცნობილი მხატვრის ექსპლუატაციაში, რომელიც დღეს 93 წლისაა და წლებია ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება.
ცოცხალ მხატვართა შორის იაიოი კუსამა ყველაზე ძვირად ღირებულია - 2008 წელს მისი ნამუშევარი 5100000 დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდია... მისი მხატვრობა, მსუბუქი სკულპტურები, პერფორმანსები თუ ინსტალაციები ყოველთვის გამორჩეული, ხმაურიანი და სკანდალურია, უცნაური მოხაზულობებით, სიურრეალიზმით, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნაზავი.
"ჩემი ხელოვნების ფესვები ჩემს ჰალუცინაციებშია, რომელთაც მხოლოდ მე ვხედავ. გამაღიზიანებელი ჰალუცინაციები და აკვიატებული სახეები ნახატებსა და სკულპტურებში გადმომაქვს. ჩემი ყველა გამოსახულება ობსესიურ-კომპულსიური ნევროზის პროდუქტია და ამიტომ უწყვეტად არის დაკავშირებული ჩემს დაავადებასთან. თუმცა მე მაშინაც ვქმნი რაღაცას, როდესაც ჰალუცინაციები არ მტანჯავს..." - ამბობს იაიოი.
იაიოი კუსამა 1929 წლის 22 მარტს დაიბადა იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, საკმაოდ კონსერვატიულ იაპონურ ოჯახში. ბავშვობიდან იყო მუდმივი ძალადობის მსხვერპლი დედის მხრიდან და სწორედ ბავშვობიდან იტანჯებოდა ჰალუცინაციებით, აკვიატებული აზრებით, სუიციდური ფიქრებით. მრავალშვილიან ოჯახში მეოთხე შვილი იყო. ძალაუფლების მოყვარული დედა მისგან სრულ მორჩილებას, მუდმივ დისციპლინას და გაუთავებელ შრომას ითხოვდა და პატარა გადაცდომის გამოც კი ფიზიკურად სჯიდა. გოგონას ფსიქიკამ ვერ გაუძლო მსგავს მოპყრობას და მალე დაეწყო ხილვები, რამაც კინაღამ სუიციდამდე მიიყვანა. მშობლები იძულებული გახდნენ, ექიმისთვის მიემართათ.
სწორედ ფსიქიატრის რჩევით, ბავშვობაშივე დაიწყო ხატვა და სხვადასხვა ზედაპირზე ერთი და იმავე წერტილების, რგოლების თუ სხვა გამოსახულებების გადატანა, რაც შემდგომში მის ყველაზე ცნობად შემოქმედებად იქცა - თეთრი წერტილები წითელ ფონზე, შავი წერტილები ყვითელ ფონზე და ა.შ. შემდგომში ეს სტილი მხატვრობაში, ინტერიერის დიზაინსა და სამოსში გადაიტანეს, როგორც მინიმალიზმის ფორმა, თავად მხატვარი კი ამჯობინებდა ტერმინს "უსასრულობის ქსელი".
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ფსიქიკური აშლილობის აშკარა ნიშნები ჰქონდა, დედა მაინც ვერ შეაჩერა ვერც ამ ნიშნებმა და ვერც ფსიქიატრის გაფრთხილებამ. ახლა გოგონას მხატვრობით გატაცებას ეწინააღმდეგებოდა. დაუსრულებლად უხევდა და უყრიდა ნახატებს, სჯიდა ხატვის გამო. 10 წლის იყო პატარა კუსამა, როცა დედამ გადაუყარა საღებავები, ფუნჯები და ქაღალდები და უთხრა, რომ დიასახლისის "კარიერისთვის" უნდა მომზადებულიყო და მხატვრობაზე აღარ ეფიქრა...
"ერთხელ სუფრას ვუყურებდი, რომელსაც წითელი ყვავილები ეხატა. ზემოთ, ჭერში რომ ავიხედე, უცებ დავინახე, რომ იქაც იგივე ყვავილები იყო, ფანჯრებზეც, კედლებზეც, მთელ ოთახში, ჩემს სხეულში და სამყაროში. ვიგრძენი, რომ ვნადგურდებოდი, ვქრებოდი უსასრულობაში, არაფრად ვიქცეოდი. მივხვდი, რომ ეს არ ხდებოდა ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად და შემეშინდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, რათა წითელ ყვავილებს არ მოვეკალი. სასოწარკვეთილმა ავირბინე კიბეზე. საფეხურები თითქოს ფეხქვეშ მეცლებოდა. კიბიდან ჩამოვვარდი, ფეხი დავიზიანე", - იხსენებს იაიოი ბავშვობის შთაბეჭდილებებს.
1948 წელს იაიოი სახლიდან წავიდა, რომ თავის ყველაზე საყვარელ საქმეს მიჰყოლოდა და კიოტოს ხელოვნების სკოლაში ჩაებარებინა, სადაც იაპონური მხატვრობა ისწავლებოდა. თუმცა მხატვარი მოგვიანებით ამბობდა, რომ ვერ იტანდა იქაურობას და როცა ახლა ახსენდება კიოტოში ცხოვრების პერიოდი, გული ერევა. ის ვერ ეგუებოდა აღზრდა-განათლების ტრადიციულ იაპონურ სისტემას, რომელიც მორჩილებაზე იყო აგებული...
ერთწლიანი სწავლის შემდეგ კუსამამ სტილებით ექსპერიმენტები დაიწყო და 1950 წელს შექმნა თავისი ცნობილი თეთრი წრეები წითელ ფონზე, რომლებიც მისი თქმით, მისი ჰალუცინაციებიდან მოვიდნენ.
მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მხატვარმა ჯორჯია ო'კიფმა. რამდენიმე წერილიც მისწერა თავის კერპს და მოულოდნელად გამოხმაურებაც მიიღო. შედეგად, 1957 წელს 27 წლის იაპონელი მხატვარი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა წინააღმდეგი იყო და უთხრა, თუ წავიდოდა, შეეძლო აღარ დაბრუნებულიყო.
კუსამამ საბაჟოზე იცრუა, რომ ამერიკაში პირველი პერსონალური გამოფენისთვის ელოდნენ. ხოლო რაკი დიდი თანხის გადატანა არ შეიძლებოდა, მოგროვილი ფულის ნაწილი კაბის შიდა ფენაში ჩაიკერა, მეორე ნაწილი კი ფეხსაცმლის საფენებში ჩაიწყო. როცა შემოწმება მშვიდობიანად დასრულდა, მხატვარმა ამაყად შეაბიჯა ამერიკის მიწაზე თავისი ორი ათასამდე ნახატით და ათობით კიმონოთი. რა თქმა უნდა, ამერიკას ელოდა გაოცება ამ საოცარი იაპონელი ქალით...
უკვე ამერიკაში აღმოჩენილმა, თითქმის სულ გაანადგურა ადრეული ნახატები, რომლებიც წარსულს ახსენებდა და მხოლოდ ისინი დატოვა, რომელთა გაყიდვის იმედი ჰქონდა. უცნობი ახალგაზრდა იაპონელი მხატვარი, რა თქმა უნდა, ბევრ წინაღობას შეხვდა, ფულიც მალე დაუმთავრდა და ო'კიფის გარდა არავის იცნობდა, თუმცა თავდაჯერება და შეუპოვრობა არ ტოვებდა. მაინც ცდილობდა მხატვრების წრეში მოხვედრას, ნაცნობობის გაბმას. ამერიკაში მალევე გაიცნო იმ დროის ცნობილი მხატვრები ენდი უორჰოლი, როი ლიხტენშტეინი და მარკ როტკო. მოგვიანებით თქვა, რომ უორჰოლმაა ბევრი იდეა მოიპარა მისგან.
მხატვრებმა და გალერისტებმა მიიღეს, მის ხელოვნებას აღიარებდნენ, მისით აღტაცებული იყვნენ, მაგრამ ამას ფული არ მოჰქონდა და კუსამა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო.
ამ დროს მოუსწრო ჰიპების ეპოქამ. 1960-იან წლებში კუსამა ჰიპების პირველი თაობის ცენტრში აღმოჩნდა, რომლებიც პაციფისტური განწყობებით და ექსცენტრიკული ქცევებით გამოირჩეოდნენ. მხატვარი ამ მოძრაობის ავანგარდში მოექცა - მისი ეთნიკური წარმომავლობა, ეგზოტიკური კულტურისადმი კუთვნილება და სულიერი მდგომარეობა ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში კუსამამ რამდენიმე ანტისაომარი ღონისძიება დაგეგმა საზოგადოებრივ ადგილებში, შიშველი ადამიანების მონაწილეობით ("ანატომიური აფეთქება უოლ-სტრიტზე", "თვითგანგურება"...). ამ დროსვე დაიწყო ე.წ. სარკისებრი ოთახების შექმნა, ერთგვარი სპეციალური არტ-სივრცეების, რომლებიც სარკეების და ერთიანი დიზაინის მეშვეობით უსასრულობის ვიზუალურ ილუზიას ქმნიდნენ და მაყურებელს უჩვეულო, სიურრეალისტურ გარემოში აქცევდნენ.
იმავე პერიოდში დაიწყო ექსპერიმენტი ავეჯთან, აბსურდული ფორმებით, მკვეთრად გამოხატული სექსუალობით.
ასევე ცნობილი იყო მისი ნამუშევრები, გოგრების გამოსახულებით. გოგრის სიყვარულიც ბავშვობიდან მოდის. კუსამა ამბობს, რომ ბავშვობაში გრძნობდა, თითქოს გოგრა ელაპარაკებოდა. მისი გოგრები, არა მხოლოდ ნახატებში, არამედ რბილი ქანდაკებების სახითაც, ბევრგან იწონებს თავს.
1966 წელს კუსამას ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ვენეციის ბიენალეზე, მაგრამ მისი სკანდალური რეპუტაციის გამო, არ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ღონისძიების ოფიციალური მონაწილე, მორალური და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო მხატვრისა და მოქანდაკის ლუჩო ფონტანასგან, რომელიც მისი ხელოვნების თაყვანისმცემელი გახლდათ და ასევე - დიდი მოკითხვა ბიენალეს პრეზიდენტისგან. თუმცა კუსამა ამას არ დასჯერდა და ფარისეველ სამხატვრო ელიტას თავისი ინსტალაციით უპასუხა, რომელიც ბიენალეს წინ, პირდაპირ მინდორში მოაწყო, პლასტმასის სარკეებით და წარწერებიანი აბრით: "თქვენი ნარცისიზმი იყიდება".
1960-იანი წლების ბოლოს კუსამა უკვე სკანდალურ მხატვრად ითვლებოდა, თავისი საფირმო გამოსახულებებითა და ნიშნებით. მაშინ მისი მთავარი კონცეფცია იყო "თვითგანადგურება", რომელიც იაპონური "ეგო-კაიაკოვის" კონცეფციიდან მოდიოდა (სიტყვასიტყვით ნიშნავს "მუდმივ გამეორებას"). ამავე პერიოდში დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგალითად, საბჭოთა დროშა დაწვა ჩეხოსლოვაკიის ამბების პროტესტის ნიშნად, მერე კი ნიკსონს მასთან სექსი შესთავაზა, თუ ვიეტნამიდან გამოიყვანდა ჯარებს. გამოდიოდა ხელოვნების ელიტარულობის წინააღმდეგ და ამბობდა, რომ "ხელოვნება უნდა იყოს განთავსებული სუპერმარკეტებთან, რათა მიიზიდოს ის ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან შემოქმედებით ელიტას".
1968 წელს მხატვარმა საკუთარი ლეიბლი შექმნა - Kusama Fashion Company Ltd, რომელიც Bloomingdale‘s-ის ცნობილ უნივერმაღში იყიდებოდა.
სახელი ფართოდ გაითქვა, მაღალჩინოსნებმაც კი დაიწყეს პასუხის გაცემა მის გამოხტომებზე, ხანდახან აპატიმრებდნენ კიდეც. იყო ასეთი შემთხვევა, როცა დაპატიმრების დროს სადგურის დაცვის წევრმა იცნო კუსამა და გაუმხილა, რომ მისი თაყვანისმცემელი იყო, მერე კი ტორტი მიართვა, ხოლო გვერდით საკანში მჯდომმა ქალმა გამოთქვა სურვილი, მის ნებისმიერ მომავალ აქციაში მიეღო მონაწილეობა.
1970-იანი წლების დასაწყისში უკვე ხშირად ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანებზე და ნამდვილი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა...
კუსამა არასდროს გათხოვილა, თუმცა ნიუ-იორკში 10 წელი იცხოვრა მხატვარ ჯოზეფ კორნელთან. 1973 წელს, როდესაც ჯოზეფი გარდაიცვალა, სასოწარკვეთილმა ქალმა თავის მოკვლაც კი სცადა. მერე კი სულ დატოვა ამერიკა და იაპონიაში დაბრუნდა... "მე ვერ ვიტანდი სექსს, ის კი იმპოტენტი იყო, ამიტომაც შევეწყვეთ", - ყვებოდა მოგვიანებით.
ამ ამბის შემდეგ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმებმა იაპონიაში დიფუზიური ჩიყვი და საშვილოსნოს მიომა აღმოუჩინეს. გაუხშირდა ჰალუცინაციები. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მალევე, 1977 წელს, ნებაყოფლობით გაემგზავრა სავევის ფსიქიატრიულ კლინიკაში, აშკარა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამო.
შემდეგი ათი წლის განმავლობაში, რაც მან იაპონიაში გაატარა, თანდათან თითქოს მივიწყებას მიეცა, თუმცა 1980-იან წლებში ისევ დიდებულად დაბრუნდა - ევროპაში მისი ნამუშევრების რამდენიმე რეტროსპექტივა მოეწყო. 1993 წელს კი ოფიციალურად წარადგინა იაპონია ვენეციის ბიენალეზე.
2011 წლიდან იწყება მისი ბოლოდროინდელი წარმატებული სვლა Louis Vuitton-თან ერთად, რამაც ახალი თაობისთვისაც პოპულარულად აქცია. მარკ ჯეიკობსთან თანამშრომლობით შექმნა კოლექცია ბრენდისთვის, რომელიც არაერთხელ დაასახელეს მოდის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად. კოლექციის გამოსვლას თან ახლდა სარეკლამო კამპანია, კონკურსით - გამარჯვებულები იღებდნენ იაიოი კუსამას მიერ შექმნილ წიგნს "ელისი საოცრებათა ქვეყანაში". ვიტრინები კუსამას სტილში იყო მორთული.
ასევე საყოველთაოდ ცნობილი გახდა მისი "სარკეებიანი ოთახები", რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სოციალურ ქსელში სარგებლობს. 2017 წელს კი კუსამას მუზეუმი გაიხსნა ტოკიოში. მუზეუმის წინ ვერ ნახავთ რიგებს, რადგან იქ მოხვედრა წინასწარი ჩაწერით არის მხოლოდ შესაძლებელი, ბილეთებს კი რამდენიმე თვით ადრე ყიდულობენ. მის გამოფენებს უდიდესი წარმატება სდევს ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ 1960 წელს კუსამა "ქალაქის სირცხვილად" შერაცხეს და სკოლის სიიდან ამორიცხეს, დღეს მაცუმოტოს მოსწავლეები მის ნამუშევრებს სწავლობენ.
სიცოცხლისთვის დაუნდობელ ბრძოლაში, კუსამამ საბოლოდ მაინც დაიმორჩილა უსასრულობა. საოცარი პროდუქტიულობის წყალობით, 60-წლიანი შემოქმედების განმავლობაში საგანგაშო ილუზიური შფოთვები ტვინში, ნამდვილ ხელოვნებად აქცია.
იაიოი კუსამა საზოგადოების წინაშე ნეონის პარიკით და სწორი წინამოთი ჩნდება, თავისივე ბრენდის კაშკაშა კაბებით და მხიარული მზის სათვალით. ზუსტად ასე გამოიყურება მისი რობოტი და მისი უშველებელი გამოსახულება ლუი ვიტონის ოფისთან.
93 წლის კუსამა კვლავ ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობს, კვლავ ხატავს დღეში 3-4 საათს, თანაშემწეები კი ტილოების დახარისხებაში ეხმარებიან.