ცნობილი თურქი მსახიობები დახმარებას ითხოვენ - მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ - მშობლები

ცნობილი თურქი მსახიობები დახმარებას ითხოვენ - მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ

2023-02-08 12:28:10+04:00

6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მალევე მეორე, ასევე დამანგრეველი ბიძგები მოჰყვა. დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება, ასობით ათასი ადამიანი დაშავდა და ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. მათ შორის თურქული სერიალების ცნობილი მსახიობების ახლობლები და საყვარელი ადამიანებიც არიან.

ცნობილი თურქული სერიალის "ჩემს კარზე დააკაკუნე" ვარსკვლავები ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და სოციალური ქსელებიდან ყველას დახმარებას სთხოვენ.

ბაშეკ გიუმულჩინელიოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სავარაუდოდ, დედამისი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, რადგანაც იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო და ვერ უკავშირდება. ზუსტ კოორდინატებს აქვეყნებს და ადამიანებს სთხოვს, რომ მის მოძებნაში დაეხმარნონ. ასევე, ბაშეკი წერს, რომ მისი მეგობრის სახლი დაინგრა და სავარაუდოდ, ისიც ოჯახთან ერთად ნანგრევებშია მოყოლილი.

11-1675845049.jpg

მსახიობი ჩაგრი ჩიტანაკი, რომელიც ამავე სერიალში თამაშობდა, აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, დედამისიც ნანგრევებშია მოყოლილი, რადგანაც მათი სახლი მთლიანად დაინგრა.

22-1675845096..jpg

კიდევ ერთი მსახიობი კარემ ბიურსინი ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავს და ახლობლების გადარჩენას ცდილობს: "ჩვენი ტკივილი განუსაზღვრელია. ახლა ლოცვა და მხარდაჭერის გამოხატვა შეგვიძლია. მალე გაერთიანდი, ჩემო თურქეთო." - წერს ვარსკვლავი.

მელისა ასლი ფამუქი სერიალებიდან "ახალი სიცოცხლე" და "შავი სიყვარული" წერდა, რომ მისი ახლობლები ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.

"ბებიაჩემს სიარული არ შეუძლია, ავადაა... დეიდასთან ერთად კორპუსში არიან ჩარჩენილნი. არ ვიცი, როგორ არიან. იქნებ, ვინმე დაგვეხმაროს." - წერდა მსახიობი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი ახლობლების კორპუსიდან გამოყვანა მოახერხეს.

დახმარებას ითხოვს ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია.ის იტყობინება, რომ მისი მეუღლის ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილნი.

"ჩემი საყვარელი მეუღლის, დიდემ პეტეკაიას ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილნი და იქამდე მისვლას ვერ ვახერხებთ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთი გვფარავდეს ყველას." - წერს მსახიობი.

თურქ მსახიობებს უამრავი დაზარალებული პირდაპირ უკავშირდება და დახმარებას სთხოვენ. ზოგს საკვები და ტანსაცმელი სჭირდება, ზოგს აუცილებელი მედიკამენტები და თავშესაფარი.