მილა იოვოვიჩი, არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობია კინოს ისტორიაში, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის იმითაც გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დედაა. სამი ქალიშვილის დედა ამბობს, რომ წარმატებული კარიერის გარდა, ყოველთვის ოცნებობდა დიდ და ბედნიერ ოჯახზე. ახლა მისთვის სწორედ ოჯახია პრიორიტეტი და რამდენიმე წელია, კინოშიც აღარ მუშაობს, მთელ დროს საყვარელ ადამიანებს უთმობს.
უკრაინის დედაქალაქ კიევში 1975 წელს დაბადებული გოგონას მამა სერბი ექიმი, ბოგდან იოვოვიჩი იყო, დედა - რუსი მსახიობი გალინა ლოგინოვა. 1980-იან წლებში გადავიდა ოჯახი ჯერ ლონდონში, მერე კი - ამერიკაში. ამერიკაში მილას დედა გალინა ცდილობდა კარიერის აწყობას, თუმცა ვერ მოახერხა და ამის გამო ის და მისი ქმარი ახალჩასული ემიგრანტებივით მუშაობდნენ - სახლებს ალაგებდნენ ან საჭმელს ამზადებდნენ. ასე აღმოჩნდნენ რეჟისორ ბრაიან დე პალმას ოჯახშიც. თუმცა გალინას კინოკარიერას ვერც ამ იღბლიანმა შემთხვვამ უშველა.
ამერიკაში მილას მშობლები მალე განქორწინდნენ. შემდეგ მილას მამას არგენტინელ ქალთან ჰქონდა რომანი და ამ ურთიერთობიდან მილას ნახევარძმა, მარკო ჰყავს. თუმცა განქორწინების შემდეგ მამასთან აქტიური ურთიერთობა არ ჰქონია. სხვათა შორის, მილას მამა 1994 წელს დააპატიმრეს კიდეც, ფინანსური მაქინაციებისთვის. 20 წელი მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე წელში გამოუშვეს და მილა ამბობდა, რომ მამაზე ციხემ დადებითად იმოქმედა და უკეთესობისკენ შეცვალა ავანტიურისკენ მიდრეკილი მამაკაცი.
მილას აღზრდით დედა იყო დაკავებული და ისვე ცდილობდა, გოგონა შოუბიზნესის სამყაროში მოეხვედრებინა. ასე დაიწყო მილამ მოდელობა 9 წლის ასაკში, მალევე მიიქცია ყურადღება საოცარი გარეგნობით და სერიოზული ჰონორარებითაც დაიკვეხნიდა. ამის გამო, 12 წლისამ სულაც მიატოვა სწავლა და მხოლოდ მოდელის სამუშაოზე იყო გადართული, ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანებზე და ცნობილ კომპანიებთან აფორმებდა კონტრაქტებს.

კინოში 15 წლისა გადაიღეს პირველად და საკმაოდ საინტერესო კარიერაც დაიწყო, თუმცა მთავარი წარმატება მოუტანა ლუკ ბესონის ფილმმა "მეხუთე ელემენტი", რის შემდეგაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

მშვენიერი მილა ყველაზე ლამაზი ქალების სიაში ხვდებოდა გამუდმებით, სამოდელო კარიერასაც აგრძელებდა და მღეროდა კიდეც - მუსიკალური ალბომიც კი გამოუშვა.

თუმცა მთელი ამ წარმატების მიუხედავად, მილა დღეს ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდა მყარ ოჯახზე და შვილებზე. ოჯახური ბედნიერების პოვნა პირველ ორ ქორწინებაში ვერ შეძლო - მსახიობ შონ ენდრიუსთან და რეჟისორ ლუკ ბესონთან. თუმცა 2002 წელს ფილმ "ბოროტების ბინადრების" გადაღებებზე გაიცნო რეჟისორი პოლ ანდერსონი, რომელმაც ხელი სთხოვა. წყვილმა ექვს წელიწადში იქორწინა, როცა უკვე ჰყავდათ პირველი ქალიშვილი და მას მერე კიდევ ორი შვილი შეეძინათ.

მილა ხშირად საუბრობს დედობაზე, ახალგაზრდა დედებს უზიარებს გამოცდილებას. ყველას ახსოვს მისი ცნობილი აღიარება, როდესაც მუცელი მოეშალა. ასევე გულახდილად მოუყვა საზოგადოებას მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე.
მილა ძალიან ბედნიერია დედობით. თავად ზრდის შვილებს, ამზადებს, კერავს გოგონებთან ერთად და ქსოვს, მღერის და ხატავს მათთან ერთად. ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ.




