ელისაბედ II-ის დედამთილი, რომელსაც ფსიქიკურად დაავადებულად თვლიდნენ - მასზე ფროიდი ატარებდა ექსპერიმენტებს, პრინცი ქმარი ღალატობდა, თავად კი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა - მშობლები

ელისაბედ II-ის დედამთილი, რომელსაც ფსიქიკურად დაავადებულად თვლიდნენ - მასზე ფროიდი ატარებდა ექსპერიმენტებს, პრინცი ქმარი ღალატობდა, თავად კი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა

2023-03-13 14:19:30+04:00

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიმართ საზოგადოება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს. სხვადასხვა დროს უამრავი სკანდალი, დრამა და გამორჩეული ამბავი მჟღავნდებოდა, თუმცა დღეს მოგიყვებით ქალზე, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა და სამუდამოდ დარჩა ისტორიაში, როგორც "ბუკინგემის სასახლის მთავარი წმინდანი."

1-1678702970..jpg
პრინცესა ალისა

ეს ტიტული ელისაბედ II-ის დედამთილს მიანიჭეს. ალისა ბატენბერგი გერმანელი პრინცესა იყო, ბატენბერგების დინასტიიდან და საბერძნეთის პრინცის ანდრეის ცოლი, პრინც ფილიპის დედა - ელისაბედ მეორის ქმრის. როგორც ცნობილია, იგი პრინცესა ანას განსაკუთრებით უყვარდა და პრინცი უილიამიც აღფრთოვანებული იყო მისით.

1967 წელს ქალმა ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაიწყო: ”უინძორის ციხესიმაგრეში დავიბადე. დედოფალი ვიქტორია ჩემს დაბადებას ესწრებოდა. მაგრამ, მერე ყველამ გონებრივად ჩამორჩენილად მიმიჩნია და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამიშვეს. იქ თავად ზიგმუნდ ფროიდი მმკურნალობდა. ის არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყო...“

ის საკმაოდ ძლიერი ქალი იყო, არასოდეს ერიდებოდა სარისკო, გამბედავ გადაწყვეტილებებს, ბევრს ეწეოდა და არასტანდარტულად იქცეოდა...

ალისა ბატენბერგი 1885 წლის 25 თებერვალს დაიბადა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის დაბადებას თავად დედოფალი ვიქტორია ესწრებოდა, რომელიც მისი ბებია იყო. იმ დროს 66 წლის მმართველი თავის პატარა შვილიშვილს აღმერთებდა და მის "უცნაურობებს" ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება. გოგონა სხვების სიტყვებზე არ რეაგირებდა და თავადაც საკმაოდ გვიან და გაურკვევლად დაიწყო საუბარი. ამიტომ, სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეს, რომლის მიერ დასმული დიაგნოზიც არაკეთილსაიმედო იყო. ექიმების თქმით, გოგონა სმენადაქვეითებული, თითქმის ყრუ იყო.

55-1678702997.jpg
პრინცესა ალისა და ფილიპე

ბავშვის ახლობლები არ დანებდნენ და ძალიან დიდი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შემდეგ, გოგონამ მალევე ტუჩებით კითხვა და ძალიან კარგად საუბარი ისწავლა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და მოგვიანებით ბერძნულ ენებზე.

ალისა იზრდებოდა და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებასა და მიღებაში. 1902 წელს ედუარდ VII-ის (ელისაბედ II-ის დიდი ბაბუის) კორონაციაზე წაიყვანეს, სადაც ბერძენი პრინცი ანდრეი გაიცნო. მაღალი, სიმპათიური მამაკაცი ქერა თმითა და ნაცრისფერ-მწვანე თვალებით ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი იყო. ალისას შეხვდა და ეს, ფაქტობრივად, ერთი ნახვით სიყვარული იყო. გოგონა მაშინ 18 წლის იყო, პრინცი ანდრეი 21-ის, მათ 1903 წლის 6 ოქტომბერს იქორწინეს. 5 შვილი შეეძინათ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს პროტოკოლი ავალდებულებდათ. ალისა შესანიშნავად გამოიყურებოდა და ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, თუმცა ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია ხელი მისი მეუღლისთვის, რომ საყვარლების მთელი არმია ჰყოლოდა.

10-1678703038.jpg
პრინცესა ალისა

ვიდრე ელისაბედ II-ის მომავალი ქმარი, პრინცი ფილიპი დაიბადებოდა, ალისას ცხოვრებაში დიდი გასაჭირი დადგა. 1918 წელს ალისას სიძეს კონსტანტინე I-ს საბერძნეთში ტახტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და წყვილი შვეიცარიაში ემიგრაციაში წავიდა. მალევე ფინანსური პრობლემები დაეწყოთ და ქმარი ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დასგდომოდა, სხვა ქალებთან ყოფნას ამჯობინებდა. შემდეგ კი საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს დააპატიმრეს და ტერიტორიების დაკარგვაში დასდეს ბრალი. კაცს დახვრეტა ელოდა, მაგრამ საიდუმლო აგენტის მეშვეობით ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაპარვა მოახერხა.

3-1678703071.jpg
პრინცი ფილიპი დედასთან ერთად

ინგლისში წყვილმა სათანადოდ მოწყობა ვერ მოახერხა და არც დუვრის მცხოვრებლებმა მიიღეს კეთილგანწყობილად, ამიტომ ჩემოდნები კვლავ ჩაალაგეს და საფრანგეთისკენ გაეშურნენ, სადაც მათ მარი ბონაპარტი ელოდებოდა. ნაპოლეონ ბონაპარტის ნათესავმა მაზლის ოჯახი შეიფარა და სასახლის ტერიტორიაზე საცხოვრებელი გამოუყო. საღამოობით კი სასახლეში სახელოვან სტუმრებთან ერთად იწვევდა და საუბრობდნენ. სტუმართაგან ერთ-ერთი ზიგმუნდ ფროიდი იყო.

ალისას ხშირად ნერვული შეტევები ჰქონდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომაც, როგორც ცნობილია, ფროიდმა ქალზე დაკვირვება დაიწყო და დაასკვნა, რომ მისი ეს მდგომარეობა სექსუალური დაუკმაყოფილებლობის, დისბალანსის გამო იყო გამოწვეული. პრინცი ენდრიუ, რომელსაც მეუღლის მიმართ ინტერესი დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა, პროფესორს დაეთანხმა და გადაწყვიტეს, ქალი საავადმყოფოში გადაეყვანათ. მისთვის ეს შესანიშნავი შანსი იყო, ცოლისგან თავი დაეღწია და დამოუკიდებელი სასიყვარულო ურთიერთობები გაეგრძელებინა. ფროიდმა კი ქალი იშოვა ექსპერიმენტებისთვის.

ალისა შვეიცარიის მახლობლად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. იქ ქალი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. როგორც ცნობილია, ელექტროშოკით მკურნალობდნენ, საკვერცხეებს რენტგენის სხივებით ასხივებდნენ, ყინულიან წყალში საათობით სვამდნენ. ეს ყველაფერი კი მენოპაუზის გამოწვევისა და ლიბიდოს შესამცირებლად კეთდებოდა. ზიგმუნდ ფროიდი პროცესს პირადად აკვირდებოდა...

ალისამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გამოკეტეს ფსიქიატრიულ კლინიკაში და ფროიდი ძალიან სასტიკად ექცეოდა. გაქცევა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ექთნებმა ყოველ ჯერზე დააბრუნეს.

იმ დროისთვის ალისას ქმარს უკვე თავისი ცხოვრება ჰქონდა და მონტე-კარლოში გასართობად გაემგზავრა. მათი ქალიშვილები გერმანელ არისტოკრატებზე დაქორწინდნენ, ფილიპი და ინგლისში, ნათესავებთან გააგზავნეს.

2-1678703124.jpg
დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპე

1934 წელს ფილიპმა ლილიბეტი გაიცნო, რომელიც შემდგომში დედოფალი ელისაბედ II გახდა. მაშინ ბიჭი 13 წლის იყო, ლილიბეტი კი - 8-ის. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ.

იმ დროისთვის ალისამ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან თავის დაღწევა მოახერხა და ათენში დასახლდა, სადაც ღარიბულ, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და წითელი ჯვრის ადგილობრივ ფილიალში მუშაობდა. ერთადერთი ვაჟის ქორწილი მის ცხოვრებაში ბოლო მოვლენა იყო, სადაც ის საღამოს კაბით გამოჩნდა. სიცოცხლის დარჩენილი 22 წლის განმავლობაში ქალს ნაცრისფერი სამონასტრო კაბა ეცვა და თავსაბურავს ატარებდა...

7-1678703153.jpg
პრინცესა ალისა

როგორც ცნობილია, ელისაბედ II-ის მშობლები ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. შეეძლოთ, მომავალი სიძის ღარიბულ ცხოვრებაზე თვალი დაეხუჭათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფილიპის დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტი აღმოჩნდა. იმ დროისთვის არავინ იცოდა, რომ განმეორებითმა კვლევებმა ფროიდის დიაგნოზი უარყო და ალისა სრულიად ჯანმრთელი იყო, არანაირი ფსიქიკური, ან სხვა ტიპის პრობლემა არ აწუხებდა.

როცა საქმე ნიშნობამდე მივიდა, ფილიპი კვლავ დიდი პრობლემის წინაშე დადგა. მას არ ჰქონდა ფული, რომ ისეთი ბეჭედი ეყიდა, რომელიც ელისაბედსა და სამეფო ოჯახს ეკადრებოდა. დედამ აქაც არ დატოვა მარტო და შვილს ძველი ცხოვრებიდან გადარჩენილი ბრილიანტის დიადემა გადასცა, რომლისგანაც სამაჯური და ბეჭედი დაამზადებინეს. ძვირფასი აქსესუარი ალისას 1903 წელს ანდრეისთან ქორწინების დროს აჩუქეს, ალისამ კი მომავალ რძალს თავისი სახელით მეანდრის დიადემა გადასცა საჩუქრად. როგორც ცნობილია, დედა-დედოფალს ეს საჩუქარი არ მოსწონდა და ზედმეტად "უგემოვნოდ" თვლიდა. სამაგიეროდ, დიადემა პრინცესა ანას საყვარელი აქსესუარი გახდა, რომელიც დედოფალმა ელისაბედ II-მ 18 წლის იუბილეს დროს აჩუქა. პრინცესა ანამ კი ის საკუთარ ქალიშვილს გადასცა და ზარა 2011 წელს მაიკლ ტინდალთან ქორწინების დროს სწორედ აღნიშნული აქსესუარით გამოჩნდა.

5-1678703178.jpg

ფილიპის ქორწილის შემდეგ, ალისა ათენში დაბრუნდა, სადაც საქველმოქმედო საქმიანობა განაგრძო. ბოლო სამკაულების გაყიდვის შემდეგ კი მონასტერი დააარსა. მთელი ამ წლების განმავლობაში, პრინცესა შეცდომით აღიარეს გიჟად, მეუღლის მხრიდან დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო და სტაბილური ცხოვრება არ ჰქონია. მაგრამ, ძალიან ძლიერ ქალად დარჩა. ფიზიკურად სუსტი იყო, საჭმელს ღარიბ ადამიანებს უგზავნიდა და თავად მხოლოდ მინიმალურ ნარჩენებს იტოვებდა.

1967 წელს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა - იქ საცხოვრებლად დარჩენა უკიდურესად საშიში იყო. პირველი, ვინც ალისას ბედზე წუხდა, მისი რძალი იყო. ელისაბედ II-მ თავისი მდივანი ათენში გაგზავნა, რათა პრინცესა პირადად ჩაეყვანა სასახლეში. ალისა სასახლის ბოლო სართულზე, პატარა ოთახში დასახლდა, საიდანაც პრაქტიკულად არ გამოსულა.

9-1678703198.jpg
ალისა პრინცესა ანას ნათლობას ესწრება

ყველაზე ხშირად მასთან 17 წლის ანა მიდიოდა, ბებიის ამბებსა და თავგადასავლებს ყურადღებით ისმენდა და სიგარეტი მიჰქონდა. როგორც ცნობილია, პრინცი ფილიპი დედის ოთახში იშვიათად შედიოდა, რადგან მის გამო რცხვენოდა. თუმცა შემდეგ ამის გამო დედას პატიება სთხოვა.

...პრინცესა ალისა 1969 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. როგორც მან ითხოვა, იერუსალიმის წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში დაკრძალეს. 2018 წლის 28 ივნისს სწორედ იქ მივიდა პრინცი უილიამი. ის თავის დიდ ბებიას არ იცნობდა, მაგრამ როგორც ცნობილია, ალისას ცხოვრებით ძალიან ამაყი იყო. ბებიის საფლავზე მისულმა პრინცმა თქვა: "მისი ისტორია მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი სიამაყეა."

6-1678703240.jpg
პრინცი უილიამი დიდი ბებიის საფლავზე

პრინცესა ალისას სიკეთეების ისტორია საკმაოდ დიდია. მეორე მსოფლიო ომის დროს მან ათენის რეზიდენციაში ებრაელი კოენების ოჯახი შეიფარა. ამის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. პრინცმა ფილიპმა დედის შესახებ თქვა: "არ მგონია, მას ოდესმე ჰქონოდა განცდა, რომ მის ქმედებაში რაღაც განსაკუთრებული იყო. ის მორწმუნე იყო და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა."