„ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“ - დევიდ ბედიელის კიდევ ერთი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა - მშობლები

„ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“ - დევიდ ბედიელის კიდევ ერთი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

2023-03-17 11:04:02+04:00

თუ გსურთ, თქვენს პატარას კითხვა შეაყვაროთ და ამავდროულად, ასწავლოთ, როგორ აკეთოს საქმე ისე, რომ თან ბედნიერი იყოს, მაშინ მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ წიგნი „ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“.

ეს გახლავთ ინგლისელი კომიკოსის, ნოველისტისა და ტელეწამყვანის დევიდ ბედიელის კიდევ ერთი ბესტსელერი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლიბერკიდსის“ ფარგლებში მომზადდა და გამოიცა. ავტორი პატარა მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი და პოპულარულია. „ლიბერკიდსის“ სერიის ფარგლებში მისი არაერთი წიგნია გამოცემული.

„ლიბერკიდსი“ 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ უცხოურ და ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს კი „პალიტრა L” გამოსცემს. დევიდ ბედიელის „ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“ ამავე ავტორის სხვა წიგნების მსგავსად სწორედ მათ მიერ შერჩეული წიგნია. აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ერთად წიგნების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლები და მშობლებიც.

გაგაცნობთ რამდენიმე „ლიბერკიდსელის“ შეფასებას წიგნზე:

„დევიდ ბედიელი ჩემი საყვარელი მწერალია! განსაკუთრებით მიყვარს მისი „დაბადების დღის ბიჭი“. ახალი წიგნიც ძალიან საინტერესოა. რა მოხდებოდა მაშინ, თუ შეგეძლებოდა იმის გაკეთება, რასაც მოისურვებდით? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნშია,“ - ლიზი, 9 წლის.

„მგონია, რომ ყველაზე სახალისო წიგნია! ძალიან მომეწონა და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ! დევიდ ბედიელი ჩემი საყვარელი მწერალია,“ - გიგი, 10 წლის.

„ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საინტერესო, მხიარული და მარტივად წასაკითხია. ერთი სული მაქვს, როდის გამოიცემა ბედიელის ახალი წიგნი!“ - ნინი, 9 წლის.

წიგნმა „ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“ არა მხოლოდ ქართველი მკითხველის გული მოიგო გამოსვლისთანავე. მასზე პოზიტიური გამოხმაურებები გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში.

„საინტერესო საკითხავი ბევრი იუმორით,“ - The Guardian

“დევიდ ბედიელი კვლავ გვაოცებს - ამჯერადაც გვახალისებს საინტერესო ბიჭის სახალისო თავგადასავლით,“ – HUFFINGTON POST

წიგნში მოთხრობილია ისტორია პატარა ბიჭისა, რომელიც ყველაფერს მამის მიერ შედგენილი დღის განრიგის მიხედვით აკეთებს. პუნქტები მას დღის განმავლობაში თითოეულ მოქმედებას, გაღვიძებიდან დაწყებული პიჟამას ჩაცმითა და დაძინებით დასრულებული ყველაფერს კარნახობს. ოჯახს მიაჩნია, რომ ასე ყველაფერი უფრო მარტივია. თუმცა ერთ დღეს მათ ცხოვრებაში მოხუცი ძიძა სტოუკი ჩნდება და ყველაფერი იცვლება. როგორ ვითარდება ისტორია ბიჭისა, რომელიც უკვე ყველაფერს იმას აკეთებდა, რაც უნდოდა წიგნში წაიკითხავთ.

R