რამდენიმე დღის წინ უმი კვების სპეციალისტი და ბლოგერი მაქსიმ ლიუტი, რომელიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ცნობილი გახდა და მზის ენერგიით კვების შესახებ ხშირად საუბრობდა, მეუღლესთან ერთად დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათი ახალშობილი ბავშვი გარდაიცვალა. ჩვილი დაახლოებით ერთი თვის იყო. ბიჭს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, ის უჭმელი და გამოფიტული იყო, სავარაუდოდ, მასზე მშობლები საკუთარი თეორიის განხორციელებას ცდილობდნენ და სრულფასოვნად არ კვებავდნენ.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მშობლები ახალშობილს თითქმის არ აჭმევდნენ, რადგან მამა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვიც უმი კვების დიეტის მიმდევარი უნდა ყოფილიყო. 8 მარტს, როცა ბავშვს კრუნჩხვები დაეწყო და სუნთქვა გაუძნელდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვის მშობლები უმი საკვების მოყვარულები იყვნენ და ცდილობდნენ, შვილისთვისაც პირველივე დღეებიდან უმი პროდუქტები მიეცათ. დედა ძუძუთი არ კვებავდა, ბავშვი კი უმი პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებდა და დღითიდღე სუსტდებოდა.
40 წლის ბლოგერი მაქსიმ ლიუტი პეტერბურგიდანაა, მაგრამ მეუღლესთან ერთად სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. კაცი ცნობილი გახდა იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ დაუმუშავებელ მცენარეულ საკვებს ჭამდა და თავის მიმდევრებს შორის ცხოვრების იმავე წესს ავრცელებდა. უფრო მეტიც, მისი თეორია ბავშვებზეც ვრცელდებოდა. კაცი ამტკიცებდა, რომ ამ მეთოდით ბავშვები უფრო ჯანმრთელები და ძლიერები იზრდებოდნენ და მათი ორგანიზმი სრულად იწმინდებოდა. მაქსიმმა კვებასთან დაკავშირებით ექსპერიმენტები 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ინდოეთში იმოგზაურა და "სულიერი განმანათლებლობის" იდეა განავითარა. "როცა ადამიანი საკვებზე ნაკლებად დამოკიდებული ხდება, ეს მის შინაგან სამყაროზე, სულიერ ცხოვრებაზე აისახება“, - ამბობდა ბლოგერი ერთ-ერთ ინტერვიუში. მან საკუთარი საავტორო კურსი შექმნა, რომელსაც "საავტორო კურსი სულისა და სხეულის განკურნების შესახებ" დაარქვა და ადამიანებს ონლაინ კონსულტაციას უწევდა. ცნობილია, რომ იგი წარსულში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.
ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ მაქსიმი მეუღლეს ორსულობის დროს სასურველი საკვების მიღებას უკრძალავდა. მეზობლები ამბობდნენ, რომ ქალს შიოდა და მეუღლისგან ფარულად მათ მიმართავდა, რომ საკვები მიეცათ. ბლოგერის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. ის შვილის ექიმთან წაყვანაზეც უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ მას ზედმეტი ჩარევა არ სჭირდებოდა. ბლოგერის მეუღლე ახლა შინაპატიმრობაშია, მაქსიმი კი ციხეშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან დაკავებისას გაქცევა სცადა.
ცოლ-ქმრის წინააღმდეგ გაუფრთხილებლობით სიკვდილის მუხლითაა საქმე აღძრული, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მაგრამ თუ მათ განზრახ მკვლელობა დაუდასტურდებათ, 15 წლის გატარება მოუწევთ ციხეში.