21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე ამ დღეს აქტუალურ შეკითხვებზე პასუხებით ეხმიანება:
ამჟამად დაახლოებით 5 მილიონი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ცხოვრობს პლანეტაზე. ყოველ სამ წუთში ერთი, ანუ ყოველი 800 ახალშობილიდან ერთი ემატება ამ ერთობას.
მათ უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომააა, რადგან 21 ქრომოსომა დაწყვილების ნაცვლად სამდება და სწორედ ეს გასამება იწვევს იმას, რაც 1866 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ ჰეიდონ დაუნმა პირველად აღწერა და დღეს დაუნის სინდრომის, ანუ ტრისომია 21-ის სახელით ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი მე-19 საუკუნეში აღიწერა, მე-20 საუკუნის შუა წლებში კი მისი კარიოტიპი გაიშიფრა, გასული საუკუნის 70 წლებამდე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება არ იყოს მისაწვდომი. ბევრისათვის მიუწვდომელი იყო ასევე შესაბამისი განათლება. მეტიც, ძალიან ხშირად ასეთ პატარებს საიმედოდ მალავდნენ მშობლები.
თქვენ ფიქრობთ, რომ საყვარელი, კეთილი სახეებით და დამახასიათებელი ნიშნებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ერთმანეთს საოცრად ჰგვანან, სინამდვილეში ყველაფრით განსხვავებულები არიან - გარეგნული პარამეტრებითაც, შინაგანი სამყაროთიც, ხასიათით, ჩვევებით, ჯანმრთელობის და ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით.
ინტელექტუალური განვითარების სხვადასხვა დონის შეფერხების მიუხედავად, სწავლისა და სწორი განვითარების პირობებში მათ შეუძლიათ ახალი უნარების დაუფლება, მარტივი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, დამოუკიდებლად ცხოვრება.
დაუნის სინდრომი არ არის მხოლოდ სპეციფიური გარეგნობა და განვითარების დარღვევები. ის ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის პრობლემებსაც გულისხმობს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს პედიატრმაც და ბავშვის ოჯახმაც იმისათვის, რომ ბავშვების ზრდა-განვითარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულყოფილი მონიტორინგი მოხდეს.
აი, რა პრობლემებს შეიძლება შევხვდეთ და რაზე ვამახვილებთ ყურადღებას:
თუ ბავშვს კრუნჩხვები აქვს, საჭიროა ბავშვთა ნევროლოგის მეთვალყურეობა.
ყურადღებას ვაქცევთ ძილის დროს სუნთქვის შეკავების შეტევებს, ე.წ. ძილის აპნოეს. დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვისთვის, 4 წლის ასაკში, რეკომენდებულია ძილის კვლევა - პოლისომნოგრაფია;
ყველა ვიზიტზე ვამოწმებთ ბავშვის ქცევას, სოციალურ გამოვლინებებს.
არ გამოგრჩეთ აცრები, რომელთა უკუჩვენება დაუნის სინდრომი არ არის.
იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პატარა ზრდასრულ, დამოუკიდებელ ადამიანად იქცეს, ჩვენ ყველამ - ოჯახმა, ექიმებმა, პედაგოგებმა და საზოგადოებამ სწორად უნდა ვიზრუნოთ მათზე. მხოლოდ ასე იქნება პლანეტაზე 5 მილიონიანი ერთობა ბედნიერი და შემდგარი.