ნევროლოგი, თსსუ პროფესორი ირინა ხატიაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" განმარტავს, რა არის ტიკები, რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ის და როგორ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე:
- ტიკი უმეტესწილად უნებლიე მოძრაობას წარმოადგენს. თუმცა, ის შეიძლება იყოს როგორც მოძრაობით გამოვლენილი, ასევე - ხმოვანი, როცა ადამიანი თავისდაუნებურად მოკლე ბგერას გამოსცემს. ყველაზე უფრო გავრცელებული ტიკი თვალების გახშირებული, უნებლიე დახამხამებაა. ასევე, ტიკები უფრო მეტად სახის მიდამოში გვხვდება, მაგალითად, ტუჩის კუთხის ბიძგისებრი მოძრაობები, ორივე კუთხის დაწევა და ასე შემდეგ.ზოგჯერ შეიძლება კომბინირებული ტიკი იყოს და კისრისა და მხრის კუნთს მოიცავდეს. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს როგორც მოტორული ტიკი, ასევე ვოკალური, ე.წ. ხმოვანი ტიკი. ხმოვანი ტიკის დროს შეიძლება არსებობდეს ბგერა, რომელსაც ადამიანი ცხვირ-ხახიდან გამოსცემს. თუ ადამიანს ორივე სახის ტიკი აქვს, როგორც მოძრაობითი, ასევე ხმოვანი, შედარებით რთული სიტუაციაა. ხოლო, თუ ერთეული მოტორული ტიკია, ეს შედარებით მარტივად აღიქმება. ძირითადად, ტიკები ბავშვებში გვხვდება. არსებობს ასეთი ცნება - ბავშვობის გარდამავალი ტიკები.
ბავშვების საკმაოდ დიდ პროცენტს, დაახლოებით, 40%-ს, 2-დან 10 წლამდე ასაკში სხვადასხვა სახის გარდამავალი ტიკური მოძრაობები ახასიათებს, რომლებიც მერე გაივლის. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი თვლის, რომ გარდამავალი ტიკების სიხშირის გამო, ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის ეს გარკვეული ეტაპის დამახასიათებლადაც შეიძლება ჩაითვალოს. როგორც აღვნიშნე, უმეტესწილად ბავშვობაში იწყება ხოლმე და ხშირად გარდამავალია. თუმცა, შესაძლებელია, ამან გაიაროს და შემდეგ პუბერტატის ასაკში უფრო განსხვავებული ფორმით ხელახლა აღმოცენდეს და შეიძლება, ქრონიკული ხასიათი მიიღოს. ქრონიკული მოტორული ტიკიც გავრცელებული მოვლენაა საზოგადოებაში. ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე სხვა დაავადების დასაწყისია, თუმცა შეიძლება ის ადამიანს სოციალური თვალსაზრისით დისკომფორტს უქმნიდეს. ტიკები შესაძლოა, ემოციური დატვირთვის დროს გაძლიერდეს. შესაძლებელია, უფრო რთული ვარიანტები ბავშვობიდან გამოვლინდეს, როდესაც მოტორული და ვოკალური ტიკის კომბინაციაა და ეს ტიკები თავისი ხასიათის მიხედვით იცვლება, იმატებს, თან ახლავს გარკვეული ქცევითი დარღვევები, იმპულსურობა, ყურადღების დეფიციტი - ასეთ დროს შესაძლოა, ე.წ. ტურეტის სინდრომთან გვქონდეს საქმე. თუმცა ეს მაინცდამაინც ხშირი პრობლემა არ არის. უმეტესწილად ბავშვობაში აღმოცენებული ტიკები თავისით გაივლის, თუმცა, შესაძლებელია ცოტა მოგვიანებით კიდევ აღმოცენდეს. ან შეიძლება, ბავშვობაში ვისაც არ ჰქონდა, შემდეგ განვითარდეს და ქრონიკული სახე მიიღოს.