როგორ მოქმედებს მშობიარობაზე მამის დასწრება მომავალში შვილთან ურთიერთობაზე - მშობლები

როგორ მოქმედებს მშობიარობაზე მამის დასწრება მომავალში შვილთან ურთიერთობაზე

2023-04-18 10:20:00+04:00

სულ უფრო მეტი წყვილი ინდომებს, რომ მომავალი მამა მშობიარობას დაესწროს. ეგრეთ წოდებული პარტნიორული მშობიარობა არა მხოლოდ უზარმაზარი ემოციური მხარდაჭერაა მშობიარე ქალისთვის, ის მამასა და შვილს შორის ძალიან მჭიდრო კავშირსაც განაპირობებს, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს.

მშობიარობაზე დამსწრე მამები აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვის ცხოვრებაში და რაც მთავარია, აღზრდის ყველა პასუხისმგებლობას ქალს არ აკისრებენ. მათ ბავშვის მოვლისა და აღზრდის დიდი ნაწილი აქვთ თავის თავზე აღებული.

ყველაფერი კი ორსულობის დროს იწყება... როცა პარტნიორი მხარს უჭერს და ეხმარება ფეხმძიმე მეუღლეს, იცის მისი ყველა განცდა თუ პრობლემა, აქედანვე უჩნდება სურვილი, რომ ამ ნაფერები 9 თვის ბედნიერი ფინალიც საკუთარი თვალით იხილოს, სურს, ამაშიც დაეხმაროს მეუღლეს.

თუმცა მომავალი მამის დამოკიდებულება ჯერ კიდევ მუცლად მყოფი და შემდეგ ამქვეყნად მოვლენილი შვილისადმი დიდწილად მომავალ დედაზეა დამოკიდებული.

ქალი პირველივე დღეებიდან დაკავშირებულია ნაყოფთან, სხეულში მიმდინარე ცვლილებებს თავად განიცდის და მუდმივად ფიქრობს მუცელში მყოფ პატარა არსებაზე. ორსული ქალი ემოციურად უკვე გრძნობს დედობის სიტკბოს. მამები კი ამ სეგრძნებებს მოკლებულნი არიან, ამიტომ აუცილებლად უნდა ელაპარაკოთ პარტნიორს თქვენს გრძნობებზე, ისაუბრეთ ბავშვზე, წაიყვანეთ ხოლმე ექოსკოპიაზე, მუცელზე ხელის დადებით აგრძნობინეთ, როგორ მოძრაობს პატარა.

გაუზიარეთ თქვენი აზრები და გამოცდილება, მიეცით სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მშობიარობა. აუხსენით, რატომ გჭირდებათ მისი მხარდაჭერა და მონაწილეობა.

ექიმები ხშირად აღნიშნავენ, რომ მამები, რომლებიც ცოლების მშობიარობას ესწრებიან, ძალიან ემოციურად განიცდიან ამ მომენტს. ხშირად ცრემლებსაც ვერ იკავებენ. სწორედ ეს ემოციებია მთავარი პირველივე დღიდან მამასა და შვილს შორის უწყვეტი კავშირის გაჩენისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის პირველი ტირილის მოსმენა, მისი სითბოს შეგრძნება, სუნი, თვალებში ჩახედვა.

ასეთი მამები სიცოცხლის პირველივე წუთებიდან უვლიან პატარას, პედიატრისგან ყველა ნიუანსს სწავლობენ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებენ და პასუხისმგებლობას ინაწილებენ პატარა ადამიანის ცხოვრებაზე. ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვის მოვლაში, ყველაფერში ეხმარებიან პარტნიორს.

ქალები, რომლებთანაც ქმარი მშობიარობას ესწრებოდა, ამბობენ, რომ მამა-შვილის კავშირი განსაკუთრებულია!

მამები გოგონების ცხოვრებაზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე დედები
გონების დაკარგვა, გულისრევა, შიშისგან კედელზე აკვრა - მამების საოცარი რეაქციები მეუღლეების მშობიარობის დროს
გამოცდიდნენ თუ არა ცნობილი მამები სამშობიარო ტკივილებს?