"ბავშვებს ზრდის პროცესში 2-ჯერ მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ" - ჰემატოლოგი განმარტავს, რა ფორმით ვლინდება სხვადასხვა სახის ანემია - მშობლები

"ბავშვებს ზრდის პროცესში 2-ჯერ მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ" - ჰემატოლოგი განმარტავს, რა ფორმით ვლინდება სხვადასხვა სახის ანემია

2023-04-19 12:34:06+04:00

ჰემატოლოგი, პროფესორი ნანა ლოლაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ანემიის სხვადასხვა ფორმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რა სახით ვლინდება ისინი:

- ანემიები სისხლნაკლებობით მიმდინარე დაავადებებია. როდესაც მას ვახსენებთ, პირველ რიგში, რკინადეფიციტურ ანემიასთან ასოცირდება, რაც გასაგებიცაა, რადგანაც ანემიების უმეტესობა რკინის დეფიციტითაა გამოწვეული. გარდა ამისა, შეიძლება კიდევ ბევრი სხვა პათოლოგია არსებობდეს. მაგალითად, დეფიციტურ ანემიებს შორის ყველაზე ხშირი ვიტამინ B12-ის დეფიციტური ანემია და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემია. ბუნებრივია, ყველა სხვადასხვა მკურნალობას საჭიროებს და ყველა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. თუ რკინადეფიციტურ ანემიაზე ვისაუბრებთ, მას მარტო კვებას ვერ დავაბრალებთ. კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საკვებიდან რკინას ორი სახით ვიღებთ. 2-ვალენტიანი რკინა, რომელიც უფრო ადვილად შეიწოვება, ცხოველურ პროდუქტებში, წითელ ხორცშია. 3-ვალენტიანი შედარებით ნაკლებად შეიწოვება და მცენარეულ საკვებშია. მაგრამ, ამას კიდევ სხვადასხვა მიზეზი ერთვის თან. ასაკობრივ ჭრილზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მოზრდილ ასაკში გვხვდება, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები დამატებული კვებასთან კონტექსტში შეიძლება ასევე გახდეს მიზეზი. თუ კუჭის სიმჟავე გვაქვს დაქვეითებული, ან აგასტრული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც კუჭის რეზექციაა ჩატარებული, წვრილი ნაწლავია ამოკვეთილი, ბოლო პერიოდში ამას ბარიატრია დაემატა - ამ შემთხვევაში ცხოველური პროდუქტების შემცირებას საკვებ რაციონში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, მცენარეული პროდუქტებიდან რკინა მსგავს სიტუაციაში თითქმის არ შეიწოვება. როდესაც ნორმალური, ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავია, შეწოვა სხვანაირად ხდება.

გარდა ამისა, ქალებს ორჯერ მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში. ასევე, ახალგაზრდა ასაკშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვებს ზრდის პროცესში 2-ჯერ მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ფიზიკური, გონებრივი დატვირთვა - ეს ყველაფერი რკინაზე მოთხოვნილებას ზრდის. აქედან გამომდინარე, კვების თავისებურება, ცხოველური პროდუქტების შეზღუდვა ძალიან დიდ როლს თამაშობს. რაც შეეხება B12-ს, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ვიტამინ B12-ს ძირითადად ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ. შედარებით ნაკლებს თევზიდან და მცირე რაოდენობით კვერცხიდან. მცენარეული პროდუქტებიდან, პრაქტიკულად, B12-ს ვერ შევითვისებთ. მაგრამ, ჩვენ B12-ის 5 წლის მარაგი გვაქვს. გაზაფხულზე როდესაც დიდი მარხვაა და როდესაც აღნიშნულ პროდუქტებს არ ვიღებთ, ორგანიზმზე ამან მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება არც მოახდინოს, რადგან ორგანიზმი დეფიციტის მდგომარეობაში გადასვლას ვერ ასწრებს და მერე ამისი ანაზღაურება თავისუფლად შეიძლება.