ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" განმარტავს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ თავი დაცულადაც იგრძნოს და პასუხისმგებლობაც ჩამოიყალიბოს:
- სასკოლო პერიოდი ერთ-ერთი გადამწყვეტია, თუ ვინ გახდება ჩვენი შვილი და როგორი გამოვა სკოლიდან. გნებავთ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გნებავთ სოციალური, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვის კეთილდღეობა პირველ ადგილზეა. კეთილდღეობა კი როგორც ფიზიკური უსაფრთხოებისაგან, ჯანმრთელობაზე ზრუნვისგან, ასევე სოციალური უსაფრთხოებისაგან, ფსიქიკური ელემენტებისაგან შედგება, რომელიც ჩვენს კარგ განწყობას ქმნის და სწავლისთვის მოტივაციას გვიქმნის. უხილავი სირთულეები მთლიანობითი მიდგომიდან ჩნდება. ჩვენ მარტო სხეული, ან მარტო ტვინი, ან მარტო მეგობრები, მასწავლებელთან ურთიერთობა, მშობლები არ ვართ - ჩვენ ყველაფერი ერთად ვართ. როდესაც ბავშვი სკოლაში შედის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ პირველივე დღიდან რას ვეუბნებით. უნდა ვუთხრათ, რისთვის მოვიდა, სად მოვიდა, აქ რა მოხდება და რას წაიღებს. მაგრამ, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად უნდა ვუთხრათ, ეს ყველაფერში უნდა იგრძნოს. უნდა იგრძნოს, რომ ის სასურველია, სადაც მიდის. იქ, სადაც მიდის, ისე ეპყრობიან, რომ თავს კარგად გრძნობს და ისეთ რამეს ასწავლიან, რაც დაეხმარება, რომ სოციალურადაც წარმატებული იყოს და ფიზიკურადაც ჯანმრთელად გრძნობდეს თავს. თუ ბავშვი მისვლისთანავე მერხთან დასვეს, ამით ასწავლიან, რომ საკუთარი სხეული აიძულოს, ასაკის შეუფერებლად, ისე დააყოვნოს უმოძრაოდ, რომ ამან შეიძლება სხვა პროცესები გაააქტიუროს. სინამდვილეში, გვინდა ბავშვს ვასწავლოთ, რომ გაიგოს, რა ხდება მის სხეულში. საკლასო ოთახში არსებული წესები მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, როგორ შეუძლია, ამ წესებს წაყვეს და ამ წესების დაცვა სად მიიყვანს. როგორ დავეხმაროთ, რომ გააცნობიეროს, რასთანაა ეს დაკავშირებული? ბავშვს შეიძლება ვუთხრათ: "თავს მოუსვენრად ხომ არ გრძნობ? იქნებ, ახლა ადგე და ერთად წიგნი გადავფურცლოთ, წამოდი, ცოტა გავიაროთ, ვარჯიშები გავაკეთოთ." თუ ბავშვი მოუსვენრადაა, ყურადღების კონცენტრირება უჭირს, მერე შეიძლება ეს სხვა ბავშვებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზეც გადავიდეს. ეს ყველაფერი კი ბავშვს, მის ოჯახს დაბრალდება, როცა შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერს თავიდანვე მივხედოთ, ვასწავლოთ. უნდა შევნიშნოთ, რომ მოუსვენრადაა და დავეხმაროთ იმაში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გარემოს მორგება თავად შეუძლია, თავადაა იმის მდგენელი, რომ გარემო მოირგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან მოსწავლეს იმ წარმოდგენას, რომ გარემო მისთვისაა, ვუკარგავთ. შეგვყავს ავტორიტარულ გარემოში, სადაც მასწავლებელი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს. სინამდვილეში, პასუხისმგებლობა ბავშვის ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს და 18 წლის ასაკში არ უნდა აღმოაჩინოს, რომ თავის ძილზე, კვებაზე, დროის გადანაწილებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე აქვს პასუხისმგებლობა. როცა სასწავლო პროცესის დროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვრთავთ, უცებ ზრდასრულობაში აღმოჩნდება, რომ ყველა პასუხისმგებლობა მასზეა, ყველა გადაწყვეტილება მასზეა. როგორ ვიწყებთ სკოლაში ცხოვრებას და როგორ ხდება სკოლა ადგილი, სადაც სწორ წარმოდგენებს ვიყალიბებთ, გვაქვს ამ წარმოდგენებზე მსჯელობის საშუალება და უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობა? - დავიწყოთ იქიდან, მაგალითად, რატომ უნდა ჰქონდეს პირველკლასელს ჩანთაში წყალი - ესეც იქითკენ მიგვყავს, რომ ბავშვი უკვე ფიქრობს, რა მიაქვს სკოლაში, რისთვის მიაქვს და წყლის მოხმარებას საბოლოო ჯამში სად მიჰყავს. მასწავლებლებს ახლა მთავარი საკითხი უდგათ, თუ როგორ, რა მეთოდებით გაიყვანონ მოსწავლე იმის აღქმაზე, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება. ყველაზე მეტად თანამედროვე ადამიანს ახლა კეთილდღეობის თემაში უჭირს. ბევრი ბიოლოგიური, სოციალური გამოწვევა აქვს და მნიშვნელოვანია, იცოდეს, ამხელა სტრესს, რომელიც უკვე ყველა მიმართულებიდანაა, თავი როგორ დააღწიოს.