"თქვენ გგონიათ მასწავლებლები ჩამორჩენილები, ძველმოდურები, უვიცები... მაგრამ ხშირად თქვენ ხართ ზარმაცები, უპასუხისმგებლოები, უტაქტოები... მასწავლებლობა ყველაზე უმადური პროფესიაა..." - გიორგი ჯანელიძე - მშობლები

"თქვენ გგონიათ მასწავლებლები ჩამორჩენილები, ძველმოდურები, უვიცები... მაგრამ ხშირად თქვენ ხართ ზარმაცები, უპასუხისმგებლოები, უტაქტოები... მასწავლებლობა ყველაზე უმადური პროფესიაა..." - გიორგი ჯანელიძე

2023-05-19 11:08:13+04:00

ცნობილი იუმორისტი და ტელეწამყვანი გიორგი ჯანელიძე სტუმრად იმყოფებოდა "ტელესკოლის" გადაცემაში "წითელი სკამი". მის მონოლოგს გადაცემაშივე მოჰყვა დიდი შთაბეჭდილებები, ხოლო შემდგომ გაზიარებულ ვიდეოს - არანაკლებ დიდი გამოხმაურება.

"ვეცდები ვილაპარაკო ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უმადურ პროფესიაზე, ეს არის პროფესია მასწავლებელი... მე ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ მასწავლებლებს. გგონიათ ისინი ჩამორჩენილები, ძველმოდურები და წყალწაღებულები. გგონიათ უვიცები, სასტიკები, ჭირვეულები და ბოროტები... და ეს მართლაც ასეა, ზოგჯერ. მაგრამ შევხედოთ მეორე მხრიდან. როგორები ხართ თქვენ, რით ხართ მათზე უკეთესები და რაზეა დაფუძნებული თქვენი პრეტენზიები. თუ მასწავლებლები არიან ასეთები, თქვენ ხშირ შემთხვევაში ხართ ზარმაცები და უპასუხისმგებლოები, უტაქტოები და უზრდელები, არაპუნქტუალურები... თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი ხართ ხშირ შემთხვევაში. ამიტომ, მასწავლებლების მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისინი არა მარტო იტანენ თქვენგან ამას, არამედ გეხმარებიან, გამეცადინებენ და ცდილობენ გაგხადონ უკეთესები, საერთოდ, ცხოვრებაში ან რაღაც კონკრეტული მიმართულებით მაინც...", - აღნიშნა ჯანელიძემ და შემდეგ გაიხსენა მასწავლებლები თავისი სკოლის პერიოდიდან, რომლებიც თვეობით უხელფასოდ მუშაობდნენ.