ბავშვთა ნევროლოგი, თსსუ პროფესორი სოფო ბახტაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ ფასდება ინტელექტის მაჩვენებელი ბავშვებში და რომელი კომპონენტებია გათვალისწინებული:
- ინტელექტის კოეფიციენტი, ე.წ. IQ, დათვლადი და ძალიან ზუსტი, ობიექტური მახასიათებელია. ყველაზე სარწმუნოდ და აქტიურად შეფასება 2 თვის ასაკიდან იწყება. არსებობს, მაგალითად, ბეილის შკალა, რომელიც 2 თვიდან 2,5 წლამდე გამოიყენება და 2 ძირითად ასპექტს აფასებს - ეს არის მენტალური და ფსიქომოტორული. მენტალური ასპექტი საკმაოდ დეტალიზებულია, თუნდაც ჩვილებში. 168 კომპონენტისაგან შედგება იმისათვის, რომ ჩვილის მენტალური განვითარება შევაფასოთ. შეიცავს სოციალურ უნარებს, შფოთვის კომპონენტს.
ასევე, საკამოდ აქტიურად გამოყენებადი ფსიქომეტრული მეთოდი, რომელიც შედარებით უფრო ძველია, მაკარტის შკალაა. ის ძალიან კომპლექსურია და ბავშვის ინტელექტისა და გონებრივი განვითარების ბევრ პუნქტს შეიცავს. თითქმის ყველა ასპექტს აფასებს, გარდა მსხვილი მოტორული უნარებისა. მსხვილი მოტორული უნარები, ცხადია, ინტელექტის განვითარებასთან კავშირშია. თუმცა, ფსიქომეტრული ტესტების შეფასებისას აქცენტი ნატიფ მოტორულ უნარებზე ხდება.ნატიფი მოტორული უნარების თუნდაც მსუბუქი დაზიანება, სხვადასხვა ქცევით დარღვევებთან და შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ უნარშეზღუდვასთან პირდაპირ კავშირშია.
შემდეგი ფსიქომეტრული მეთოდი, რომელსაც 2,5 წლიდან აქტიურად იყენებენ, სტენფორდ-ბინეტის შკალაა, რომელიც არა მარტო ინტელექტის, არამედ ინტელექტზე სხვადასხვა გავლენის შეფასებისთვისაც აქტიურად გამოიყენება. ესეც საკმაოდ დეტალიზებული ფსიქომეტრული მეთოდი გახლავთ, 4 ძირითად ღერძს ეფუძნება. მათ შორისაა, მეტყველება. მეტყველება ინტელექტის გამოხატვის, შეფასების ყველაზე თვალსაჩინო მეთოდია და ძალიან ბევრი ქვეკომპონენტისაგან შედგება.