გვერდზე გადაკიდებული ჩანთა, მოჭერილი ფეხსაცმელი, საღეჭი რეზინის ხშირი გამოყენება, ძილის პოზა - ორთოდონტი განმარტავს, რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში თანკბილვის დარღვევები - მშობლები

გვერდზე გადაკიდებული ჩანთა, მოჭერილი ფეხსაცმელი, საღეჭი რეზინის ხშირი გამოყენება, ძილის პოზა - ორთოდონტი განმარტავს, რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში თანკბილვის დარღვევები

2023-06-22 11:56:00+04:00

ექიმი, ორთოდონტი ანი მელქაძე გადაცემაში "იმედის დღე" განმარტავს, გარდა გენეტიკური ფაქტორისა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში თანკბილვის დარღვევები და რაში უშლის ეს ხელს მათ:

- კბილების წყობა, პირველ რიგში, ორგანიზმის სწორ ზრდა-განვითარებაზე მიუთითებს. ადამიანს რომ შევხედავთ, პირის ღრუში ჩაუხედავად შეიძლება მივხვდეთ, როგორი თანკბილვა აქვს. მაგალითად, თუ მას პრობლემა აქვს, ზურგიდანაც მივხვდებით. თუკი სხეული წინაა მიმართული, ნიკაპი, ფაქტობრივად, არ აქვს და ტუჩ-კბილიც წინაა წამოწეული - ეს პათოლოგიური თანკბილვაა. პათოლოგიური თანკბილვა უმრავლეს შემთხვევაში სუნთქვის დარღვევას იწვევს. თუ ადამიანი პირს სწორად ვერ ხურავს, აუცილებლად ექნება სუნთქვის პრობლემა. ასევე, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ყლაპვის გაძნელება, ხერხემლის გამრუდება, საკვების ღეჭვის გაძნელება.

სპეციალისტი ასევე ასახელებს გავრცელებულ მიზეზებს, რომლებიც ირიბად ან პირდაპირ თანკბილვის პრობლემას იწვევს:

- გვერდზე გადაკიდებული ჩანთის დროს, ხერხემალი ფორმას იცვლის, ბავშვს სქოლიოზი უვითარდება. როდესაც ხერხემალი გადახრილია, ზრდა ფერხდება. ხერხემალი ჩვენი ჩონჩხის მთავარი ნაწილია. გადახრილობით მისი ზრდა თუ შეფერხდება, აუცილებლად ორგანიზმის სხვა ძვლებიც ზრდას შეწყვეტს. შესაბამისად, არც ყბის ძვალი გაიზრდება ბოლომდე და პირის ღრუში ყველა კბილს თავისი ადგილი არ ექნება.

მოჭერილი ფეხსაცმელი - პაციენტებზე დაკვირვებით დავადგინე, რომ როცა ბავშვს მოჭერილი ფეხსაცმელი ეცვა, ზრდა ფერხდებოდა. მოზარდზეა საუბარი. ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე. ამის შემდეგ ერთ-ერთ კონფერენციას დავესწარი, სადაც მოხსენებას ძალიან ცნობილი ამერიკელი ორთოდონტი ატარებდა. ზრდის შეფერხების სხვადასხვა მიზეზი ჩამოთვალა და მათ შორის მოჭერილი ფეხსაცმელიც დაასახელა. აქ იგულისხმება ფეხსაცმელი, რომელიც ბავშვს ზომაში აქვს პატარა. მოზარდს არ უყიდოთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელსაც მთელი წელი ჩაიცვამს.

ბრტყელტერფიანობაც ხერხემალთან პირდაპირ კავშირშია და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. მშობლების დიდ ნაწილს ამის გამოკვლევა ზედმეტი ჰგონია. მაგრამ, ვერ ხვდებიან, რომ ბრტყელტერფიანობას ხერხემალთან პირდაპირი კავშირი აქვს.

ძილის პოზასაც მნიშვნელობა აქვს და ისევ და ისევ ამას ხერხემალთან მივყავართ. როცა მოზარდი მოხრილ მდგომარეობაში წევს, ერთ მხარეს ამოიჩემებს და ხელი აქვს მიბჯენილი ყბის ძვალთან, შეიძლება სახის საშინელი ასიმეტრია განვითარდეს. ჩემთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც, ამ მიზეზით, სახის ცალი მხარე შებრტყელებული აქვთ.

კვების შემდეგ, საღეჭი რეზინი შეგვიძლია, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოვიყენოთ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას მთელი დღის განმავლობაში იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ყბის მამოძრავებელი კუნთები გადაიტვირთება. კუნთის ასეთი დატვირთვა, სახსრის პრობლემებს, ღრძილების დაავადებას, კბილების ცვეთას გამოიწვევს. როგორც კი გემო გაუვა, საღეჭი რეზინი უნდა გადავაგდოთ. თუმცა, ის გემოც არ არის სასარგებლო, რადგანაც შაქარს შეიცავს და კბილის ზედაპირზე ილექება.

როდესაც მზესუმზირას მივირთმევთ, ამ დროს კბილოს საჭრელი კიდე ცვდება.

თუ ბავშვს საწოვარა ხშირად უდებს პირში, პირის წინა მხარეს კბილების ბოლომდე შეხება არ ხდება და ძვალიც, დროთა განმავლობაში, ასე ყალიბდება. ეს ძალიან ცუდია. ჩვილმა, საწოვარა, მაქსიმუმ, წელიწად-ნახევარი უნდა გამოიყენოს.