ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, საკუთარ ასაკთან შედარებით, უფრო განვითარებულები არიან და იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ეს ნორმაა. ჟურნალმა Reader's Digest-მა შეადგინა 10 ნიშანი, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება:
დაჩქარებული განვითარება
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ხშირად განვითარების ყველა ძირითად ეტაპს უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე მათი თანატოლები. მაგალითად, ისინი ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს და მათი ლექსიკაც სწრაფად იზრდება და მრავალფეროვნდება. ორი წლის ასაკში, ან კიდევ უფრო ადრეც, ასეთ ბავშვებს რთული წინადადებების თქმა შეუძლიათ, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ აზრს და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული ცოდნა აქვთ.
განმეორებად მოქმედებებს საკმაოდ ადრე და სწრაფად იმახსოვრებენ
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ განმეორებითი მოქმედებები შეამჩნიონ და თანატოლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად დაიმახსოვრონ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გაიხსენონ, ზუსტად რამდენი კუბი ეტევა სათამაშო სატვირთო ავტომობილში, ან კიდე ყურადღება მიაქციონ, იმას, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთსა და იმავე დროს ჩაივლის.
დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა
ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ მათ გარშემო არსებული სამყაროთი არ ინტერესდებიან - მათ უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებთ და იმდენ შეკითხვას სვამენ, შესაძლოა, პასუხების გაცემას ვეღარ ასწრებდეთ. ასეთ ბავშვებს ყველაფერი, ზოგჯერ უცნაური რაღაცებიც აინტერესებთ. მაგალითად, სვამენ შეკითხვას როგორაა აწყობილი ტოსტერი, რას მიირთმევენ პლანეტის ძუძუმწოვრები და ასე შემდეგ.
აქვთ საყვარელი თემა, რომელზეც ყველაფერი იციან
ნიჭიერი ბავშვები ხშირად ირჩევენ თემას, ინტერესის სფეროს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და მთლიანად იძირებიან ამ თემაში. ფაქტობრივად, ყველაფერი აინტერესებთ და ინფორმაციასაც აგროვებენ. მაგალითად, შესაძლოა, დინოზავრების ლათინური სახელები სრულიად თავისუფლად თქვან. ან კიდევ ისაუბრონ იმ სფეროზე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და აინტერესებთ.
უფროსებთან, ან ასაკით დიდ ბავშვებთან ურთიერთობა უფრო მოსწონთ
ნიჭიერი ბავშვებისთვის შეიძლება, თანატოლებთან საერთო ენის პოვნა რთული იყოს, რადგანაც, როგორც წესი, მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. ასევე, შესაძლოა, სკოლაშიც მარტივად მობეზრდეთ ყოფნა, რადგანაც პროგრამა მათთვის ზედმეტად მარტივი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს უფროსებთან ურთიერთობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან უყვართ და ბევრად მარტივად გამოსდით კომუნიკაცია, ვიდრე თანატოლებთან.
აქვთ ფოკუსირების უნარი და წარმოუდგენელი მონდომება
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ძალიან დიდი ნებისყოფა, მოთმინებისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარი აქვთ. ვიდრე დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, მათ ყურადღებას ვერაფერი გაფანტავს - ვერც ტელევიზორი, ვერც ვიდეოთამაშები და ვერც სოციალური ქსელები მოახდენს გავლენას.
ლიდერული თვისებები
ადრეული ინტელექტუალური სიმწიფისა და ორგანიზების ბუნებრივი უნარის გამო, ნიჭიერი ბავშვები ხშირად თანატოლებს შორის ლიდერები ხდებიან. ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან, შეუძლიათ, თავიანთი ქცევა აკონტროლონ, ხშირად მოიფიქრონ პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზები და საქმეს კარგად წარუძღვნენ.
ადრე იწყებენ კითხვას
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები, თანატოლებთან შედარებით, გაცილებით ადრე იწყებენ კითხვას და შეუძლიათ, მთელი თავისუფალი დრო ამ საქმეს დაუთმონ.
აქვთ ორიგინალური აზროვნება
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის არასტანდარტულ, ერთი შეხედვით, უცნაურ გზებსა და მეთოდებს ირჩევენ და ყველა საკითხს შემოქმედებითად უყურებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, გახსოვდეთ, რომ სრულყოფილები არ არიან
არ დაგავიწყდეთ, რომ სუპერნიჭიერი ბავშვიც კი ბავშვია და განსაკუთრებით დიდი მოლოდინები არ უნდა დაუწესოთ. მასაც შეუძლია შეცდომის დაშვება, რაღაცის არასწორად აღქმა, ცუდად მოქცევა და დროდადრო წაზარმაცება. ის შეიძლება მათემატიკაში გენიოსი იყოს, მაგრამ სპორტი, ან სხვა რომელიმე საგანი არ უყვარდეს. მნიშვნელოვანია, მშობელმა ის სფერო აღმოაჩინოს, რომელიც ბავშვს აინტერესებს და განვითარებაში დაეხმაროს. გარდა ამისა, შეიძლება თქვენი შვილი მართლაც გენიოსია, მაგრამ ნიჭსაც განვითარება სჭორდება. თუ სწორ გარემოში არ მოხვდა, შესაბამისი უნარები არ გამოიმუშავა, ტავისი ნიჭისგან განსაკუტრებულ შედეგებს ვერ მიიღებს.