"ქათმის გულ-ღვიძლი არც ისე უსაფრთხოა" - რატომ არის ამ პროდუქტთან საჭირო სიფრთხილე - მშობლები

"ქათმის გულ-ღვიძლი არც ისე უსაფრთხოა" - რატომ არის ამ პროდუქტთან საჭირო სიფრთხილე

2023-07-08 09:55:25+04:00

ექიმები გვირჩევენ, რეგულარულად ჩავრთოთ მენიუში ღვიძლი, რომელიც ბევრ სასარგებლო მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მათ განსაკუთრებით ხშირად ურჩევენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებს, მით უმეტეს, ბავშვებს. საქონლის ღვიძლთან შედარებით კი ქათმის გულ-ღვიძლი უფრო ხელმისაწვდომია, ამიტომ უმეტესობა სწორედ მას მოიხმარს.

რა სარგებლობა აქვს ღვიძლს

  • პირველ რიგში, ცილის იდეალური წყაროა და ადვილად ასათვისებელი. 100 გრ ღვიძლი მხოლოდ 119 კკალს, 20,1გრ ცილას, 0,23გრ ნახშირწყლებს და 4,18გ ცხიმს შეიცავს. მთლიანობაში, ეს იდეალური პროდუქტია მათთვის, ვინც ცდილობს კუნთების მასის მომატებას, მაგრამ უკვე დაიღალა ხაჭოსა და ქათმის მკერდის ჭამით.
  • მეორეც, ქათმის ღვიძლი გაცილებით რბილი და გემრიელია, ვიდრე საქონლის ან ღორის - და მისი მომზადება ძალიან მარტივია. უმარტივესი გზაა ხახვთან ერთად არაჟანში ჩაშუშოთ ან დააბლენდეროთ და ღვიძლის პაშტეტი გააკეთოთ.
  • მესამე, ღვიძლი რკინით ყველაზე მდიდარი პროდუქტია - იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ თინეიჯერ გოგონას და ქალს აღენიშნება დაბალი ჰემოგლობინი და თითქმის ნულოვანი ფერიტინის დონე, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია. მისი მენიუში ჩართვა ანემიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ღვიძლში ასევე ბევრი თუთიაა და მოზრდილებს დღეში დაახლოებით 10 მგ ნივთიერება სჭირდებათ. თუთია პასუხისმგებელია გლუვ და ლამაზ კანზე, ჯანსაღ ლორწოვან გარსებზე, ძლიერ იმუნურ სისტემაზე და ჭრილობების სწრაფ შეხორცებაზე.

ღვიძლში ასევე არის ვიტამინები B1, B2, B6 და B12. პირველი საჭიროა ნორმალური ლიპიდური მეტაბოლიზმისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მეორე დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, მესამე კანზე და ეს უკანასკნელი ასევე საჭიროა ანემიის თავიდან ასაცილებლად. ვიტამინი A ასევე პასუხისმგებელია თვალის ჯანმრთელობაზე და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

რატომ გვმართებს სიფრთხილე ღვიძლთან?

ეს სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ხშირად მისმა მიღებამ შეიძლება A ვიტამინის სიჭარბე გამოიწვიოს, რასაც თავის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა მოჰყვება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. ფაქტია, რომ ზრდასრულებს მხოლოდ 2,7 მგ სჭირდებათ ეს ნივთიერება, 30 გრ ქათმის ღვიძლისგან კი 4,2მგ A ვიტამინს ვიღებთ. ბავშვებს კიდევ უფრო ნაკლები სჭირდებათ ეს ვიტამინი.

ამიტომაც ექიმები მომავალ დედებს ღვიძლის ჭამას არ ურჩევენ. ზოგადი რეკომენდაცია ასეთია: შეგიძლიათ ქათმის ღვიძლი კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ.

კიდევ ერთი ნიუანსი: ღვიძლში საკმაოდ ბევრი ქოლესტერინია, მიუხედავად სასარგებლო შემადგენლობისა. მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებს მისი ხშირი მიღებით თრომბის რისკი ეზრდება, ამიტომ არ უნდა მიეძალონ ამ პროდუქტს. 100 გრ ქათმის ღვიძლი 370 მგ ქოლესტერინს შეიცავს, ეს უფრო მეტია, ვიდრე საქონლის ან ღორის შემთხვევაში.