ექიმები გვირჩევენ, რეგულარულად ჩავრთოთ მენიუში ღვიძლი, რომელიც ბევრ სასარგებლო მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მათ განსაკუთრებით ხშირად ურჩევენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებს, მით უმეტეს, ბავშვებს. საქონლის ღვიძლთან შედარებით კი ქათმის გულ-ღვიძლი უფრო ხელმისაწვდომია, ამიტომ უმეტესობა სწორედ მას მოიხმარს.
ღვიძლში ასევე ბევრი თუთიაა და მოზრდილებს დღეში დაახლოებით 10 მგ ნივთიერება სჭირდებათ. თუთია პასუხისმგებელია გლუვ და ლამაზ კანზე, ჯანსაღ ლორწოვან გარსებზე, ძლიერ იმუნურ სისტემაზე და ჭრილობების სწრაფ შეხორცებაზე.
ღვიძლში ასევე არის ვიტამინები B1, B2, B6 და B12. პირველი საჭიროა ნორმალური ლიპიდური მეტაბოლიზმისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მეორე დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, მესამე კანზე და ეს უკანასკნელი ასევე საჭიროა ანემიის თავიდან ასაცილებლად. ვიტამინი A ასევე პასუხისმგებელია თვალის ჯანმრთელობაზე და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.
ეს სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ხშირად მისმა მიღებამ შეიძლება A ვიტამინის სიჭარბე გამოიწვიოს, რასაც თავის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა მოჰყვება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. ფაქტია, რომ ზრდასრულებს მხოლოდ 2,7 მგ სჭირდებათ ეს ნივთიერება, 30 გრ ქათმის ღვიძლისგან კი 4,2მგ A ვიტამინს ვიღებთ. ბავშვებს კიდევ უფრო ნაკლები სჭირდებათ ეს ვიტამინი.
ამიტომაც ექიმები მომავალ დედებს ღვიძლის ჭამას არ ურჩევენ. ზოგადი რეკომენდაცია ასეთია: შეგიძლიათ ქათმის ღვიძლი კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ.
კიდევ ერთი ნიუანსი: ღვიძლში საკმაოდ ბევრი ქოლესტერინია, მიუხედავად სასარგებლო შემადგენლობისა. მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებს მისი ხშირი მიღებით თრომბის რისკი ეზრდება, ამიტომ არ უნდა მიეძალონ ამ პროდუქტს. 100 გრ ქათმის ღვიძლი 370 მგ ქოლესტერინს შეიცავს, ეს უფრო მეტია, ვიდრე საქონლის ან ღორის შემთხვევაში.