ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, მითია თუ რეალობა, რომ თუ საკვებს საღამოს 6 საათის შემდეგ შევჭამთ, წონაში მოვიმატებთ:
- ჩვენს სხეულში ცხიმის წვა რამდენიმე ჰორმონს შეუძლია. მათ შორის, ერთ-ერთი ზრდის ჰორმონია. ზრდის ჰორმონზე ვიცით, რომ ბავშვობის პერიოდში ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ ის ასევე ცხიმის წვასაც უწყობს ხელს. ზრდის ჰორმონი ყველაზე ჭარბად ორ შემთხვევაში გამოიყოფა - ფიზიკური აქტივობისა და ძილის დროს. ადამიანების უმრავლესობას კი საღამოს სძინავს. თუ ჩვენ 6 საათის შემდეგ შევჭამთ, ამ შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის რაოდენობა მოიმატებს. საპასუხოდ ინსულინიც მოიმატებს. ინსულინი ზრდის ჰორმონს ცხიმის წვის საშუალებას აღარ აძლევს. თუ საღამოს საათებში კალორიულ საკვებს შევჭამთ და ინსულინი მოიმატებს, ზრდის ჰორმონი ღამით ცხიმს ვეღარ დაწვავს და შესაძლოა, წონაში მართლა მოვიმატოთ. არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც. თუ შევჭამთ ისეთ საკვებს, რომლებიც მაღალი გლიკემიური ინდექსით არ ხასიათდება და ინსულინს მკვეთრად არ გაზრდის სისხლში, არც წონაში მოგვამატებინებს. თუნდაც, ეს ძილის წინ იყოს. ასეთი შეიძლება, ბოსტნეული იყოს. ბოსტნეულში იმდენად რთული ნახშირწყლებია, რომ მას სხეული ფიზიკურად ვერ ინელებს. თუმცა, ვნაყრდებით.