შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები გამოაქვეყნა. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ინგლისურ ენაში უმაღლესი, 70 ქულის მიღება შეძლეს და მათ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანთან დაკავშირება შევძელით, უმაღლესქულიან აბიტურიენტთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია.
ერთ-ერთი ანასტასია ღარიბაშვილია. მან თბილისის 157-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაღალი შეფასების მიღება შეძლო და 55 ქულა აიღო. სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. ამბობს, რომ ინგლისურ ენაში უმაღლესი შედეგის მიღწევაში სისტემატური მეცადინეობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა:
- უმაღლესი შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ინგლისური ენა ძალიან მიყვარს, წიგნებსაც ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი და ვფიქრობ, აქედან ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, საკუთარი თავის მჯეროდა. მასწავლებელიც დიდ მოტივაციას მაძლევდა და ოჯახშიც მხარს მიჭერდნენ. მგონია, სისტემატურ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.
მარიკო ნემსაძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მანაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აქვს. ფსიქოლოგიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ინგლისურ ენაში დამოუკიდებლად მეცადინეობდა და ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა აბიტურიენტებს უზიარებს:
- ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობ. რეპეტიტორი არ მყოლია და სახლში, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ვწერდი ესეებს, ვაკეთებდი სავარჯიშოებს. სხვა აბიტურიენტებიც მეხმარებოდნენ იმ თვალსაზრისით, რომ რჩევებს მაძლევდნენ და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ოლიმპიადასა და შეჯიბრზე გავდიოდი, ამიტომ მოსასმენი სავარჯიშოს სპეციფიკას, გარემოს მიჩვეული ვიყავი. ყველაზე მეტად, რაც მაღელვებდა, ესსეს ნაწილი იყო. ბევრს ვკითხულობდი, ჩემი თანატოლების გამოცდილებასაც ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ფორმატიც კარგად გავიგე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ გვაქვს და მაქსიმალურად მოვინდომოთ. მგონია, იმ დაბრკოლებებთან შედარებით, რომელთა გადალახვაც შემდეგი წლების მანძილზე მოგვიწევს, ეს მინიმალურია. ამიტომ, ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ, ვიყოთ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ყველაფერი მარტივად გამოგვივა.
ლევან ქობალიამ GLC ზუგდიდის განყოფილება დაამთავრა. ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას და საკუთარ გამოცდილებას ახლა მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს.
- მაქსიმალური შეფასების მიღება არ გამჭირვებია, ინგლისურ ენას პირველი კლასიდან ვსწავლობ. მე-7-მე-8 კლასიდან კი ინგლისურად სერიალების, სხვადასხვა შოუს ყურება, აუდიოწიგნების მოსმენა, კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა ინტენსიურად დავიწყე. პერიოდულად რეპეტიტორიც მყავდა, მაგრამ ბოლო წელს დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული დავალებები შევასრულოთ, წესები ვისწავლოთ, მაგრამ ენის საფუძვლიანად შესასწავლად და ლექსიკური მარაგის გასამრავალფეროვნებლად აუცილებელია, ინგლისურად ბევრი წავიკითხოთ და მოვუსმინოთ. ეს გაცილებით კარგ შედეგს იძლევა. მინდა, ჩემს მასწავლებლებს დიდი მადლობა გადავუხადო. მათ გარეშე, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. რა თქმა უნდა, თავადაც ძალიან მოვინდომე და წლების განმავლობაში ბევრი ვიშრომე.
ლიზი მარსაგიშვილმა სკოლა-პანსიონი აიბი მთიები დაამთავრა. ინგლისურ ენაში 70 ქულის მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება, 55 ქულა აქვს. იგი ინგლისურში ერთიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- ვფიქრობ, მხოლოდ წესების დაზეპირებით ენას საფუძვლიანად ვერასდროს ვისწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრს მოვუსმინოთ, დამატებითი ლიტერატურა წავიკითხოთ, ფილმებს ვუყუროთ, ინგლისურად კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდეს. რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი და სკოლაში მიღებული ცოდნითა და საკუთარი შრომისმოყვარეობით მივაღწიე შედეგს. შედარებით რთული ესსეს ნაწილია, ამიტომ აუცილებელია, აბიტურიენტმა სიტყვები კონტექსტში ისწავლოს, რომ საკუთარი აზრის ლაკონიურად და მკაფიოდ ჩამოყალიბება შეძლოს. თავად ყველაზე მეტად ყოველდღიურად ინგლისურენოვან გარემოში ყოფნა დამეხმარა, ვგულისხმობ ინგლისურ ენაზე რაღაცების ნახვას, კითხვას, ყურებას და ასე შემდეგ. სკოლაში საოცარი პედაგოგი მყავდა და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ინგლისური C1 დონის ჩათვლით გვესწავლა. ამიტომ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი გამოწვევა არ ყოფილა. ნერვიულობად არაფერი ღირს, ჯობს, ყოველდღიურად, ეტაპობრივად ვიშრომოთ, ვიდრე წლის ბოლოს გადავწყვიტოთ ერთიანად სწავლა.
თამარ იაკობაშვილი