"ქალს საშვილოსნოს უნერგავენ და როცა იმშობიარებს, გადანერგილ საშვილოსნოს ამოუღებენ" - ყველაფერი ორგანოთა გადანერგვაზე და ორგანოებით ვაჭრობის შესახებ - მშობლები

"ქალს საშვილოსნოს უნერგავენ და როცა იმშობიარებს, გადანერგილ საშვილოსნოს ამოუღებენ" - ყველაფერი ორგანოთა გადანერგვაზე და ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

2023-08-03 14:05:18+04:00

დღეს მსოფლიოში, ძირითადად, ექვსი ორგანოს გადანერგვაა შესაძლებელი. ტრანსპლანტაციის, ამ კეთილშობილური საქმის ერთ-ერთი საშიში გვერდითი მოვლენაა ორგანოთა ტრეფიკინგი. ამის მიზეზი, როგორც ჩვენი რესპონდენტი, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გია თომაძე ამბობს, ისაა, რომ ოპერაციების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ რამდენია გადანერგვის საჭიროების მქონე. ვინ შეიძლება იყვნენ დონორები, რას ითვალისწინებს "ტრანსპლანტაციის შესახებ" კანონი, რა ღირს ორგანოს გადანერგვა, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:

- ვის შეუძლია იყოს დონორი?

- დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ადამიანი, ისე გარდაცვლილი. ცოცხალი რომ იყოს, საჭიროა დონორ-რეციპიენტს შორის არსებობდეს ნათესაური კავშირი ან სხვა სახის ემოციური სიახლოვე. იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში უცნობიც იძლევა ორგანოს, ოღონდ არა კონკრეტული, არამედ ორგანოს მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტებისთვის. თუმცა ასეთი ფორმა საქართველოსა და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, რათა თავიდან იყოს აცილებული ორგანოებით ვაჭრობა, რაც ორგანოების ტრეფიკინგია. ის ადამიანის ტრეფიკინგთან არის გატოლებული.

- ვთქვათ, გავიგე, რომ მჭირდება ორგანოს გადანერგვა, როგორ ვიქცევი ქართული კანონმდებლობის მიხედვით?

- ქართული კანონი "ორგანოთა გადანერგვის შესახებ" 23 წლის წინ, 2000 წელს იქნა მიღებული. წელს ხდება ამ კანონმდებლობის რევიზია, რათა მოხდეს მისი შესაბამისობის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამ კანონის თანახმად, თავდაპირველად დონორი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ახლო გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. შემდგომში გაიზარდა დონორთა ჩამონათვალი და 2015 წლიდან უკვე შესაძლებელია ახლო ემოციური სიახლოვის მქონე ადამიანმა, ანუ მეგობარმაც მისცეს მეგობარს გადასანერგად ორგანო.

- ტრეფიკინგის ფაქტებზე ვისაუბროთ...

- ტრეფიკინგი საშიში გვერდითი მოვლენაა ამ კეთილშობილური საქმისა. რეალურად, მოლოდინის სიაში უფრო მეტი ხალხია, ვიდრე დონორებული ორგანოების რაოდენობაა. ამიტომ არსებობს შეუსაბამობა მოთხოვნასა და რეალურად არსებულ საშუალებებს შორის, რაც წარმოშობს შავ ბაზარს. სწორედ ეს შავი ბაზარი არის საფუძველი იმ იატაკქვეშა ბიზნესისა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მსოფლიოში გადანერგვების 10% არალეგალურია - ანუ თუ მსოფლიოში საშუალოდ 150 000 ახალი ორგანო ინერგება წელიწადში, გამოდის, მინიმუმ 15 000 გადანერგვა არალეგალურია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს რაოდენობა 10%-ია იმ საჭიროებისა, რაც მსოფლიოშია.

- კონკრეტული საქმეები თუ არის ცნობილი არაკანონიერი ოპერაციების შესახებ?

- არაერთი. მაგალითად, 90-იან წლებში მოსკოვის მეტროში ქალმა განაცხადა, რომ ჩანთიდან 25.000 დოლარი მოჰპარეს. როცა ჰკითხეს, ამხელა ფული თუ გქონდა, მეტროთი რატომ მგზავრობდიო, უპასუხა, ეს დონორებისთვის მისაცემი თანხააო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და იატაკქვეშა საქმიანობის კვალი მოლდოვამდე მივიდა. გაჭირვებული მოლდოველები მიჰყავდათ სხვადასხვა ქვეყანაში და იქ მდიდარ ადამიანებს უნერგავდნენ მათ ორგანოებს. როცა ინტერპოლმა დაიწყო საქმის შესწავლა, აქცენტი საქართველოზეც კეთდებოდა. სწორედ ამიტომ, მე, როგორც ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დამჭირდა პოლიციაში სიარული, რათა წარგვედგინა შესრულებული ოპერაციების შესახებ მონაცემები - გვარები, იყვნენ თუ არა მათ შორის უცხოელები და ა.შ. ხანგრძლივი საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობდა და საბოლოოდ მივიღეთ წერილი მოლდოვის შს სამინისტროდან, რომ საქართველოს მონაწილეობა ორგანოთა ტრეფიკინგის საქმეში არ დასტურდებოდა. როგორც გაირკვა, პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში უკეთებდნენ ოპერაციას, სინამდვილეში კი თურქეთში აკეთებდნენ. მოლდოველი დონორებისგან ამოღებულ თირკმელებს ისრაელიდან ჩამოყვანილ პაციენტებს უნერგავდნენ. ორგანოთა ტრეფიკინგის შემთხვევები მრავლადაა მსოფლიოში. არსებობს 2008 წლის "სტამბოლის დეკლარაცია", რომელიც მიმართულია ორგანოთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. მასში კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდია ამ უკანონო საქმიანობის მასშტაბი. დეკლარაციის მიხედვით განასხვავებენ 2 ტერმინს: ტრანსპლანტაციური ტურიზმი და მგზავრობა ორგანოთა გადანერგვისათვის. ტრანსპლანტაციურ ტურიზმში იგულისხმება გადანერგვები, როცა დონორს იძულებით ან ფინანსური დაინტერესების გამო ამოაცალეს ორგანო. 2015 წელს ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ორგანოთა ტრეფიკინგის წინაღმდეგ, რომელზეც საქართველო ჯერ მიერთებული არ არის. ამ კონვენციის მიზანია, ყველა ევროპული ქვეყანა გაერთიანდეს ორგანოთა კომერციული გადანერგვის წინააღმდეგ.

- კომერციული გადანერგვა რომელ ქვეყნებში ხდება?

- კომერციულ გადანერგვას ვუწოდებთ ორგანოს გაყიდვას. ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ნებადართული. ერთადერთი ქვეყანა იყო ირანი, სადაც 5.000 დოლარი ღირდა თირკმელი, მაგრამ 2000-იან წლებში იქაც აიკრძალა. საქართველოს კანონმდებლობით ორგანოს გაყიდვა ან მასში მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია და 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა არ არის, ან ცუდად მუშაობს, ან არეულობაა, ვთქვათ, ომია, ასეთი შემთხვევები არის. კოსოვოს ომის დროს ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე ექიმი დააკავა არალეგალური ტრანსპლანტაციის გამო.

- ამჟამად მსოფლიოში რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება?

- თირკმლის, ღვიძლის, გულის, ფილტვის, პანკრეასის და წვრილი ნაწლავის. ბოლო დროს დაიწყო საშვილოსნოს გადანერგვაც, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში. ქალს, რომელსაც საშვილოსნო არა აქვს, უნერგავენ და როცა იმშობიარებს, გადანერგილ საშვილოსნოს ამოუღებენ, რათა მთელი ცხოვრება ტყუილად არ მიიღოს იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატები.

- ტყუპისცალი ყველაზე კარგი დონორია?

- დიახ, რადგან ტყუპს შორის იმუნოლოგიური კონფლიქტი არ არის, ანტიგენურად ერთნაირები არიან. პირველი გადანერგვა, 1954 წელს, სწორედ ტყუპისცალებს შორის ჩატარდა.

- რა ღირს საქართველოში ორგანოთა გადანერგვა?

- 20.000 ლარი ღირს თირკმლის გადანერგვა, 120.000 ლარი - ღვიძლის გადანერგვა. თირკმლის გადანერგვას აქამდეც აფინანსებდა სახელმწიფო, რამდენიმე კვირის წინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღვიძლის გადანერგვასაც მთლიანად დააფინანსებს.

განაგრძეთ კითხვა