სათამაშოების დამტვრევა თითქმის ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის ნაცნობი თემაა. ზოგი ბავშვი ძალით ამტვრევს, ზოგს „თავისით“ ემტვრევა ან იმ ინტერესს ეწირება, თუ "რა არის შიგნით".
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ამ დროს ბავშვის გაკიცხვას, დასჯას ან ლექციის წაკითხვას აზრი არ აქვს. ბავშვი, რომელსაც სათამაშოები ვერ უძლებს, როგორც წესი,, ძალიან აქტიური, ცნობისმოყვარე, მიზანდასახული და ჯიუტია. თქვენ მისი უშრეტი ენერგია სწორი მიმართულებით უნდა წაიყვანოთ და ასწავლოთ მას ემოციების და ცნობისმოყვარეობის წყურვილის მართვა. ასევე უნდა გაარკვიოთ, მაინც რატომ ამტვრევს სათამაშოებს. ვცდებით, ამ ამოცანის ამოხსნაში დაგეხმაროთ.
თუ ბავშვს არ აინტერესებს სათამაშოთი თამაში, ის შეეცდება მის გატეხვას.
ყველა ბავშვს ერთი და იგივე სათამაშო არ მოსწონს. შეიძლება არ აინტერესებს კონსტრუქტორი ან პლასტილინით ძერწვა და უფრო აქტიური თამაშები ერჩიოს. ამიტომ გადაუტანეთ ყურადღება - ეზოში ბურთის სათამაშოდ გაუშვით, კრივის ტომარის მსგავსი დაუმზადეთ, რომ ენერგია მასზე დახარჯოს ან ხალიჩა გაუფინეთ, რომ იკოტრიალოს და ყირაზე გადავიდეს.
ამით სათამაშოები ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ ეს არ ის მთავარი. აუცილებელია ბავშვს გამოუმუშაოთ მოთმინება, ყურადღება. ძერწვა, ხატვა, თავსატეხების ამოხსნა, თუნდაც მარტივი კროსვორდების გამოცნობა და სამაგიდო თამაშები საუკეთესოდ შეეფერება ამ მისიას. შესთავაზეთ საბავშვო შემეცნებითი ჟურნალები თავსატეხებითა და სამაგიდო თამაშებით, მაგიდის ჰოკეი ან ფეხბურთი! ასე ნელ-ნელა მიეჩვევა ინტელექტუალურ, დამჯდარ თამაშებს და რაც მთავარია, წესების დაცვას.
სათამაშოები შეიძლება ასაკისთვის შესაბამისი არ იყოს. თუ ბავშვმა ის სათამაშოდ ვერ გამოიყენა, დასამტვრევად გამოიყენებს. მას მტვრევის პროცესიც აინტერესებს. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვის სათამაშოები შეეფერება მის ასაკს. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო ფუნქციონალური სათამაშო სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ მობეზრებულ სათამაშოებს ის რეკონსტრუქციას უკეთებს მათ, რათა სხვა თამაშისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში სათამაშო ფიზიკურად ზიანდება.
შეარჩიეთ თქვენი ბავშვისთვის ისეთი სათამაშოები, რომლებიც მას ფანტაზიას განუვითარებს და ასწავლეთ თქვენს შვილს თამაში. არ იფიქროთ, რომ ბავშვებმა დაბადებიდან იციან თამაში. თამაშიც გარკვეული ამოცანაა, რომელიც ფანტაზიას, ცოდნას და უნარებს მოითხოვს.
უბრალო ცნობისმოყვარეობა დაზიანების კიდევ ერთი მიზეზია. ბავშვები სწავლობენ სამყაროს და ეს ნორმალური და სწორია. ცნობისმოყვარე ბავშვს სჯობს სამშენებლო სათამაშოები შესთავაზოთ. ბავშვებს უყვართ ახლებურად დაშლა და აწყობა. ასეთ ბავშვს გაკრიალებული სათამაშოებს ხარახურით სავსე ყუთი ურჩევნია, რომელშიც ყველაფრის დაშლას და გადაკეთ-გადმოკეთებას შეძლებს.
ზოგჯერ სათამაშოების დამტვრევით, ბავშვები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც ის აჩუქა. აქ უკვე საჭიროა უფრო სერიოზული ოჯახური საკითხების მოგვარება, ურთიერთობების დალაგება და ამ სიტუაციიდან გამოსავლის სწრაფად პოვნა. იქნებ ბავშვს არ სჭირდება ახალი სათამაშოები? იქნებ ამ ადამიანისგან მას ყურადღება და სიყვარული უფრო სჭირდება?
გაფუჭებული და დამტვრეული სათამაშოები ბავშვის ოთახში ნაგვად გროვდება, მაგრამ მისი გადაყრის უფლებას პატარა ხშირად არ გვაძლევს.
ერთი მიზეზია, რომ ბავშვს არ სურს განშორება თავის „სიმდიდრესთან“ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახში ხედავს, რომ ძველი ნივთები ისევ თავის ადგილზეა. არც მშობლები იშორებენ დაზიანებულ კარადას, ფეხსაცმელს, საათს და ა.შ. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი სხვანაირად მოიქცეს, დაიწყეთ თქვენგან.
მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბავშვს ნამდვილად სჭირდება ეს ყველაფერი. იქნებ მათგან რაიმე ახალს აწყობს, ან უბრალოდ, სიამოვნებს იმ ნივთებთან კონტაქტი, რომლებისგანაც ბევრი კარგი თამაში ახსოვს.
ბავშვის ოთახი მისი სამყაროა, იყოს ის, რაც მას სჭირდება, თუნდაც დამტვრეული ჯარისკაცები ან გაპუტული თოჯინა, სათამაშო ჭურჭლის გადარჩენილი თეფში თუ ქუჩაში ნაპოვნი ქვა!