სოციალურმა ქსელებმა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელებამ თვითმკურნალობა და მედიკამენტების თვითნებურად მიღების პრაქტიკა დაამკვიდრა. გამონაკლისი არც მშობლები არიან, რომლებიც ზოგჯერ არა ექიმის დანიშნულებით, არამედ სიფრთხილის და თავის დაზღვევის მიზნით იყენებენ ბავშვებში წამლებს. ერთ-ერთი ასეთი ხშირად გამოყენებადი მედიკამენტია დექსამეთაზონი. მწერის ნაკბენსა თუ ალერგიის სხვადასხვა რისკების დროს მას ბავშვებს წინასწარაც აძლევენ. ამიტომ ვფიქრობთ, საინტერესოა სოციალურ ქსელში გავრცელებული სალომე კვარაცხელიას პოსტი, რომელიც ფარმაკოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, გასაგები ენით გადმოსცემს ამ წამლის მოქმედების რეალურ ძალას.
გთავაზობთ ამ პოსტს.
"სულ მინდოდა ამ ძალიან რაკა-რუკით გამოყენებად წამალზე დამეწერა, რომელიც, რატომღაც, ისეთი სიხშირით და ისე მარტივად გამოიყენება, გეგონება, ისეთი არაფერიაო.არადა, ძალიანაც ფერი...
განსაკუთრებით, ხშირად, დანიშნულების გარეშე და ზედმეტი რაოდენობით გამოყენებისას.
განსაკუთრებით, პედიატრიულ და გერიატრიულ პოპულაციაში.
განსაკუთრებით, უკვე არსებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე.
დექსამეთაზონი არის კორტიკოსტეროიდი, უფრო ზუსტად გლუკოკორტიკოსტეროიდი.
კორტიკოსტეროიდი ანუ თირკმელზედა ჯირკვალის ქერქში დასინთეზირებული ჰორმონის ხელოვნურად დამზადებული ანალოგი. (cortico-steroid = cortex-ქერქი).
გლუკო-კორტიკოსტეროიდი ანუ უჯრედებში სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებზე პასუხისმგებელი ჰორმონის ანალოგი.
ჩვენი ორგანიზმი დექსამეთაზონის ანალოგ ჰორმონს - კორტიზოლს - ბუნებრივად ისედაც გამოიმუშავებს ხოლმე.
კორტიზოლი სტრესის დროს გამოთავისუფლებული ჰორმონია.სტრესის დროს რომ გამოთავისუფლდება, ე.ი. ლოგიკურად, იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმი მოვიდეს მებრძოლ მდგომარეობაში და გაუმკლავდეს არაბუნებრივ მდგომარეობას.
სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: დაავადება, ჭრილობა, ტრამვა, ალერგიული რეაქცია, გარემოში მაღალი ტემპერატურა, უეცრად ცივ წყალში ჩახტომა, გადამეტებული სიხარული და ა.შ. ანუ ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ბედნიერებისას სულ კარგად ვართ, მაგრამ ორგანიზმისთვის, თუ ის ნორმალური მდგომარეობიდან გადახრაა, ხშირად სტრესად ითარგმნება ხოლმე.
დექსამეთაზონის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორები ძალიან ბევრ უჯრედს აქვს ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად, ბევრი ორგანული სისტემა იკავშირებს მას და შემდეგ რეაგირებს კიდევაც.
ყველაზე ხშირად ანთების საწინააღმდეგოდ - რადგან მას შეუძლია, ანთებაზე მორეაგირე უჯრედების ექსპოზიცია დაბლოკოს და შესაბამისად, შეანელოს პროცესი კონკრეტულ ადგილას და ორგანიზმს უფრო სწრაფი რეგენერაციის საშუალება მისცეს.
ასევე გამოიყენება ართრიტების, ასთმის, ლიმფომების, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციების, მრავლობითი სკლეროზის დროს და ა.შ.
რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, უმეტესობა უჯრედები იკავშირებენ და შემდეგ რეაქციაც აქვთ ამ პრეპარატზე.ცხადია, სხვადასხვანაირი და თავიანთი ფუნქციების შესაბამისად.მაგალითად, უაზროდ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ჰიპერგლიკემია - შესაბამისად, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სახიფათოა;
ხალხში ყველაზე პოპულარულია, ბავშვებში ცრუ-კრუპის შეტევის დროს და დიდებში, ალერგიული რეაქციისას საყლაპავი მილის შესიება რომ იწყება და ადამიანებს სუნთქვა უჭირთ.
ბავშვებში ცრუ-კრუპის დროს საუკეთესო ვარიანტია, რომ ინჰალატორით მივაწოდოთ, მაგრამ ნუ, პრაქტიკაში, პირდაპირ ხახაში ასხამენ ხოლმე.
დიდებშიც, იგივე ხდება.
სამწუხაროდ, დიდებში, ეგეთი მწვავე ალერგიული რეაქციის დროს დექსამეთაზონი კი არა, ეპინეფრინის (ადრენალინის) ავტოკალამია ხსნაც და ყველაფერიც, მაგრამ ჩვენს ბაზარზე არ არის და სადაც არის, ძალიან ძვირია. ამიტომ, რაც არის იმის გამოყენება უწევთ ადამიანებს.
უბრალოდ, აქ სასურველი იქნებოდა, ენის ძირის მოღიტინებაზე, ეგრევე ყანწებით თუ არ დავლევდით დექსამეთაზონს და ორგანიზმს მთლად შოკურ ჰორმონალურ მდგომარეობაში არ ჩავაგდებდით.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ დექსა არის ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი. ანუ ეფექტი აქვს სწრაფი და ორგანიზმში რჩება დიდხანს, 3 დღემდე. მისი ნახევარი დოზა გამოყოფა ორგანიზმიდან 36 საათში და სრულად 54-72 საათში. შესაბამისად, ყოველ ცისმარე დღეს რომ დექსამეთაზონს ყლურწავს ოდნავ წამოხველებაზეც კი ადამიანი, მის უჯრედებში რა პანიკა ტრიალებს, ხომ წარმოგიდგენიათ? (იმედია, ამ პოსტის შემდეგ მაინც ოდნავ ნათლად წარმოგიდგენიათ...)
ჰოდა, განა იმას ვამბობ, რომ არასოდეს უნდა გამოვიყენოთ.
გამოუვალ მდგომარეობაში, მეტი არაფერი რომ გვიჭირავს ხელში და ადამიანს საყლაპავი მილი ეკეტება, კი, უნდა ჩაასხათ, მაგრამ წვივზე ყვავილი გაედო და ოდნავ შეუწითლდაზე, არაა აუცილებელი დექსათი ვბომბოთ.
ყველა წამალი შხამია, როცა არასწორი დოზით გამოვიყენებთ.
სწორედ ამიტომაა საჭირო ფარმაკოლოგიის ცოდნა და ზოგადი სურათის ანალიზი ხოლმე, რომელიც მეეჭვება, ექიმების და ფარმაცევტების გარდა, ასე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს.
პ.ს. დექსამეთაზონის მიღების სასურველი ხანგრძლივობა, როცა ამას ექიმი ნიშნავს, არის 2 კვირა. კი, არის გამოუვალი გამონაკლისებიც, მაგრამ ზოგადი წესი ესაა. და კიდევ, ნებისმერი ჰორმონის წესი ამაზეც ვრცელდება - ერთბაშად არასოდეს წყდება მიღება.