როცა ბავშვი გამუდმებით სასქესო ორგანოზე იკიდებს ხელს - როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ეს ჩვევა მალე დაივიწყოს - მშობლები

როცა ბავშვი გამუდმებით სასქესო ორგანოზე იკიდებს ხელს - როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ეს ჩვევა მალე დაივიწყოს

2023-08-23 12:41:35+04:00

ამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად ეხება სასქესო ორგანოს და ინტერესით იკვლევს სხეულს? ნუ გაკიცხავთ და ნუ შეარცხვენთ მას. დელიკატური თემა დელიკატურ მიდგომას მოითხოვს.

რა სჭირს ბავშვს, რატომ იყოფს ხელებს გამუდმებით საცვლებში, როგორ გადავაჩვიოთ ის ამ ჩვევას?

სკოლამდელ ასაკში ზრდასრულობის ძირითადი წინაპირობები ყალიბდება: 3 წლის ასაკში ბავშვი სწავლობს სიყვარულს, 3-დან 7 წლამდე უყალიბდება აზრები სამომავლო ურთიერთობებზე. ფსიქოსექსუალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ასევე ადრეულ და სკოლამდელ ასაკს ემთხვევა.

სქესის კუთვნილების ცოდნა, ფიზიოლოგიისადმი ინტერესი, სხეულის შესწავლა, ნორმალური მოვლენაა. განვითარების ინტელექტუალური ნორმასთან ერთად სასქესო ორგანოებისადმი ინტერესი სწრაფად ქრება.

მაგრამ თუ ბავშვი ხშირად ეხება სასქესო ორგანოს, საცვლებს გამუდმებით აწვალებს ან საერთოდ იხდის, აკეთებს ამას საჯაროდ, ეს ნიშნავს, რომ ის განიცდის ფსიქო-ემოციურ სტრესს. შეიძლება საქმე გვქონდეს აკვიატებულ მოძრაობებთან, რომლებსაც გარკვეული პირობები აძლევს ბიძგს .

ასეთი ქმედებების მრავალი ძირითადი მიზეზი არსებობს, ისინი შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:

1. ფიზიოლოგიური პრობლემა

  1. ძალიან მჭიდრო და არასასიამოვნო საცვლები;
  2. ცუდი ჰიგიენა

2. სამედიცინო პრობლემა

  1. შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები;
  2. ენტერობიოზი;
  3. ალერგიული რეაქცია (მაგალითად, სარეცხი ფხვნილის მიმართ)
  4. გაძლიერებული ოფლიანობა ან ქავილი და ა.შ.

3. ფსიქოლოგიური პრობლემა

  1. ოჯახური მდგომარეობა (ემოციური დაძაბულობა, ყურადღების მიქცევა)
  2. ნეიროფსიქოლოგია (მოწყენილობა, ზედმეტი დაძაბვა, შფოთვა, შიში, სევდა)
  3. ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგია

4. სოციალური პრობლემა

  1. ყოველდღიური რეჟიმის შეუსრულებლობა
  2. "დავინახე, რომ ვიღაც"... (მაგალითად, მამა) აკეთებს ამას
  3. გადაძაბვა გაჯეტებზე თამაშების შემდეგ
  4. ტრავმული მდგომარეობა
  5. ძალადობის სცენების მოწმე (ძალადობის მსხვერპლი)

თუ ბავშვს სასქესო ორგანოებში წვა და ქავილი ან მჭიდრო ტანსაცმელი აწუხებს, ეს მიზეზი ადვილად აღმოიფხვრება. მაგრამ რა მოვუხერხოთ დანარჩენ მიზეზებს?

გენიტალური მიდამოში გადაჭარბებული ინტერესი დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული ორგანული დაზიანებებისთვისაც (ნაყოფის განვითარების პათოლოგია, დაბადების ტრავმა, განვითარება ერთ წლამდე). ასეთი დიაგნოზი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას ბავშვის მკურნალობისა და ადაპტაციის მიმართ.

უმეტეს შემთხვევაში, მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. ბავშვები სასქესო ორგანოების შეხებას საშვილოსნოში იწყებენ, ამას ხშირად ვხედავთ ექოსკოპიის დროს. ბავშვი ეცნობა მის სხეულს - ეხება მკლავებს, ფეხებს, თითებს, თუ ბავშვს საფენის გარეშე დატოვებთ, ის სხვა ორგანოებსაც იგრძნობს.

სკოლამდელ ასაკში ამ ქმედებებს არ აქვს სექსუალური მნიშვნელობა. ამიტომ, მშობლებმა არ უნდა შეარცხვინონ ან გაკიცხონ ბავშვი - მისთვის ეს იგივე ორგანოა, რაც ხელი ან ფეხი. მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ავხსნათ, რომ ჩვენს კულტურაში ჩვეულებრივია ტანსაცმლისა და საცვლების ტარება, სხეულის დაფარვა.

სხეულისადმი ხელახალი ინტერესი პუბერტატის პერიოდში იწყება. მოზარდების მშობლები ტაქტიანები უნდა იყვნენ. რადგან ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ნორმალური სექსუალობის ჩამოყალიბებაში.

ეს ძალიან დელიკატური თემაა, რადგან ლიბიდოს განვითარებას, ჯანსაღ სექსუალურ ენერგიას, ბავშვთა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს უკავშირდება. ფსიქოლოგიურ ნორმად ითვლება, როცა ბავშვი ამით ავლენს ინტერესს საკუთარი თავის, სხეულის მიმართ: ეს ინტერესი მალკე დაკმაყოფილდება და გაივლის.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ეს ინტერესი დროში გაჭიანურდა?

  • მშობლებმა უნდა ისაუბრონ შვილთან, აუხსნან ქცევის სოციალური ნორმები ზღაპრის ან თამაშის საშუალებით. თუ ხედავთ, რომ ბავშვს საცვლებში ხელი აქვს, გადაიტანეთ მისი ყურადღება, არ შეარცხვინოთ და ეს პრობლემად არ დაანახოთ.
  • შეარჩიეთ კომფორტული რბილი ტანსაცმელი თქვენი ბავშვისთვის.
  • ასწავლეთ დაიძინონ ხელებით ზემოთ, ჯდომისას კი(ზღაპრების მოსმენა ან მულტფილმის ყურება) მუხლებზე დაიწყონ ისინი.
  • გადახედეთ ბავშვის ყოველდღიურობას, ხომ არ არის შეუფერებელი მისი დღის რეჟიმი?
  • ასწავლეთ ბავშვს გრძნობების მიღება. ფაქტია, რომ 6-7 წლამდე ბავშვები შეგნებულად არაფერს აკეთებენ, ყველა პროცესი უნებურად, გარემოების კარნახით ხდება, ჩვევაც უნებურად ფიქსირდება. ამიტომ ბავშვის აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს არა აკრძალვებს, არამედ ემოციების გამოხატვის უნარს. მაგალითად, ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობთ, როცა ამას აკეთებს. თუ დავადგინეთ, რომ ბავშვი ამ დროს გაბრაზებულია ან დაძაბულია, ვეხმარებით, რომ ეს ემოცია სხვანაირად გამოხატოს.

თუ ამას საჯაროდ აკეთებს?

მშობლებს შეიძლება გაუჭირდეთ ემოციებთან გამკლავება, როდესაც მათი შვილი საჯაროდ აკეთებს რაიმე უხამსს. მაგრამ უნდა შეძლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.

ნუ დაუყვირებთ და შეარცხვენთ. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. შეიძლება ამ დროს მოშარდვა უნდა და საპირფარეშოში წაიყვანეთ.

დააკავეთ თქვენი ბავშვის ხელები თამაშით. თუ ბავშვი გაბრაზებულია და აგრესიას იჩენს, ეს დაძაბულობა მარტივი აქტივობით მოიხსნება - მაგალითად, ქაღალდის ფურცელი წვრილად დაჭრას, წრეები დახატოს. ძალიან მნიშვნელოვანია დედის რეაქცია ასეთ ქცევაზე. თუ დედა თავს ვერ იკავებს, მაშინ პრობლემები გაგრძელდება. ამ დროს მშობლებთან მუშაობაა საჭირო.

სამომავლოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ჩააცვით ბავშვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხელს შეუშლის ადვილად წვდომას ტრუსებზე - კომბინიზონი, შარვალი თასმებით.

6 წლის ასაკში ბიჭებში, შეიძლება მასტურბაცია და ერექციაც კი გამოვლინდეს, თუნდაც ძილში, და ეს ასაკობრივ ნორმად ითვლება. შეიძლება მასტურბაციისას მშობლებმა ოთახში შეუსწრონ. იმ წუთას ჯობია, ეს საერთოდ არ შეიმჩნიოთ, თორემ ბავშვს საშინელი სირცხვილის გრძნობა დატანჯავს.მოგვიანებით კი აუხსენით, რომ ეს ნორმალურია, ეს სხეულის გაცნობაა და ეს შეგრძნებები ყველას ემართება, მაგრამ საჭიროა თავის კონტროლი. 6 წლის ასაკში უკვე შეგიძლიათ ბავშვს ზრდასრულივით ესაუბროთ.

თუ პრობლემა დიდხანს დარჩა, ბავშვს დაემატა უცნაური ქცევა, ცრემლდენა, აგრესია, ძილის დარღვევა, გაუქრა დაინტერესები იმის მიმართ, რაც ადრე აინტერესებდა, საჭიროა ფსიქოლოგს დაუკავშირდეთ: ეს არის ასაკისთვის უჩვეულოდ გაზრდილი სტრესის ნიშნები, რომელსაც ბავშვის ფსიქიკა ვერ უმკლავდება.