15 სექტემბერს იწყება სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და უკვე მეორე წელია, ძალიან ბევრი მოსწავლე თავის სკოლაში ვერ ისწავლის. ქალაქში არც ისე ცოტა სკოლაა დანგრეული და შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს ბავშვების მიღება არ შეუძლია. მათ უწევთ სხვა სკოლებში თავის შეფარება, სხვადასხვა ცვლაში ან ონლაინ სწავლება, რასაც საბოლოოდ განათლების ხარისხის გაუარესება მოჰყვება.
რასაკვირველია, ამ თემაზე უამრავი მშობელი წუხს და სოციალურ ქსელშიც ბევრი გამოთქვამს გულისტკივილს. ჟურნალისტი ანა მარშანია ქალაქის რამდენიმე დანგრეული სკოლის ფოტოს აქვეყნებს:
"ნაგავსაყრელი არ გეგონოთ. ახლის აშენების მოტივით, მიწასთან გასწორებული 113-ე სკოლის ტერიტორიაა, თბილისის ცენტრალურ გამზირზე, მეტროს ეზოში. ანალოგიური მდგომარეობაა მარჯვნივაც და მარცხნივაც, მთელ ქუჩაზე, სადაც რამდენიმე მეტრის მოშორებით, კიდევ 3 უზარმაზარი სკოლა არის დანგრეული. 113-ეს გარდა, ამავე, დადიანის გამზირზე, მე-4, მე-10 და მე-11 სკოლების ტერიტორიაზეც წელამდე ბალახი ბიბინებს. ზოგან უკვე მეხუთე წელია ახალი შენობის აშენებას ელოდებიან, მანამდე კი, ტერიტორია მანქანების პარკინგად არის ქცეული.
წლებია, ათასობით ბავშვსა და მშობელს ატყუებენ, რომ ტენდერი გამოცხადდა, პროექტი დამტკიცდა, მშენებლობა მალე დაიწყება. არქივს ჩავუყევი, ტყუილი დაპირებებისა და ფუჭი იმედების გარდა, არაფერი შემხვედრია. ამასობაში, ათასობით ბავშვი სხვა უბანში, სხვა სკოლაში, სხვა ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით ან ონლაინ "სწავლობს". მიწასთან გასწორებული სკოლების ტერიტორიაზე კი, მშენებლობის დაწყების არანაირი ნიშან-წყალი არ შეიმჩნევა. ადგილზე, წლიდან წლამდე მხოლოდ ბალახისა და ნაგვის რაოდენობა იზრდება. ეს მხოლოდ ამ ერთ ქუჩაზე მდებარე 4 სკოლის ამბავია. ასეთი თბილისსა და რეგიონებში უამრავია. მხოლოდ ორი კითხვა მაქვს: ვის თავში და რატომ მოიხარშა ასე ერთიანად, ასე ერთდროულად, ახლის აშენების მოტივით, მიწასთან გაესწორებინა სკოლები და მერე, წლები არაფერი გაეკეთებინა? და მეორე კითხვა - გასაგებია, რომ თქვენი შვილები კერძო სკოლებში დაგყავთ და მსგავსი პრობლემები პირადად არ გაწუხებთ, მაგრამ, როცა სხვისი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თაობები ასე გაწირეთ, ღამე როგორ გძინავთ?"
ცოტა ხნის წინ ამავე პრობლემაზე წერდა ჟურნალისტი ლელა ზურებიანი:
"აი, ასეთი ხედი მაქვს ბოლო ერთი თვეა სახლიდან - უკვე პირდაპირი მნიშვნელობით დანგრეულ-დაქცეული სკოლა. ასეთ ან უბრალოდ დაკეტილ მდგომარეობაშია თბილისში ათობით სკოლა. ეს ახლახან დაანგრიეს, მანამდე მთელი წელი დაკეტილი იყო. მინიმუმ ამ სასწავლო წლისთვისაც რომ ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას, კი ჩანს. ბოლო ორი წელია, ათასობით ბავშვი, გაურკვეველი მიზეზებით, საკუთარი სკოლის შენობებს მიღმა დარჩა და ან სხვა სკოლებშია გადახიზნული, ან ონლაინ "სწავლობს". შეგახსენებთ, ამას წინ უძღოდა პანდემიური წლები და ე.წ. დისტანციური სწავლება, რომელსაც სწავლებასაც ვერ ვუწოდებთ. ჯერ ფასადურად გამართულ სკოლებში რა სწავლა გვაქვს, ვიცით და ასეთ სიტუაციაში რა განათლებას მიიღებენ ბავშვები, გასაგებია. განათლებას, რომლის მიღების სრული უფლება აქვთ და რომელსაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს.
სახელმწიფო ამის ნაცვლად, 12 კლასის შემდეგ ბავშვებს უწესებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სადაც გრანტის მოსაპოვებლად ყოველ წელს ართულებს დავალებებს და სთხოვს ცოდნას, რომელიც თავად არ მიუცია, არც უზრუნია ამაზე, არც თავი შეუწუხებია. პირიქით, ყველანაირად წაახალისა, რომ სკოლის გარეთ მოეძებნა ეს ცოდნა, მშობლებს წელებზე ფეხი დაედგათ და სიმწრით ნაშოვნი ფული რეპეტიტორებისთვის ჩაეთვალათ, შვილები რომ უნივერსიტეტებში მოეხვედრებინათ. უნივერსიტეტებში, რომელთა 80% ასევე არ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს და 4 წლის შემდეგ უბრალოდ, დიპლომი გიჭირავს ხელში, როგორც 12 წლის შემდეგ - ატესტატი, და შუა ზღვაში გიშვებენ ცურვის არმცოდნეს, თუ გადარჩები, გადარჩი...
ამ პირობებში და ამ სასტიკ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, გვიკვირს არასრულწლოვნების მიერ გაჩენილი თუ უპატრონოდ დაგდებული ბავშვები? მოზარდების დანაშაულები თუ შუა ქუჩაში გამართული კრიმინალური გარჩევები? წიგნებისა და დროშების დაწვა და საარსებო ფულის საშოვნელად ყველანაირი ღირსების დაკარგვა? გასაკვირი არაა, თავში აქვს ხელები წასაშენი იმას, ვინც ყველანაირად ხელს უწყობს, რომ სწორედ ასეთ გარემოში ვიცხოვროთ და გავზარდოთ ან ვერ გავზარდოთ შვილები".
ჯერ კიდევ შარშან გამოვაქვეყნეთ ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორის, მეგი კავთუაშვილის საჯარო პოსტი ამავე თემაზე:
"ის სკოლები ხომ გახსოვთ, სექტემბერში რომ თქვეს, ორ კვირაში დასრულდება რემონტი და განვაახლებთ პირისპირ სწავლასო. ისევ რემონტშია და კუს ნაბიჯით მიიწევენ წინ. ახალ სემესტრამდე აღარც არავინ ელის, რომ სკოლებს გახსნიან. იანვარშიც თუ გახსნეს, მაგის იმედიც კი არ აქვთ ბავშვებს და მშობლებს. ერთ სკოლაში მშობლები აპირებენ სკოლის შენობასთან მაინც შეიკრიბონ, გააპროტესტონ გაჭიანურებული რემონტი და იძულებითი Online "სწავლა". მასწავლებელი აფრთხილებთ თავი შეიკავონ "ასეთი გამოსვლებისგან, რადგან ყველგან ასე ხდება". ამასობაში, კლასიდან ერთადერთი გოგონა, რომელიც მუდამ მოწესრიგებული ესწრებოდა online გაკვეთილებს, აღარც ლოგინიდან დგება და აღარც კამერას რთავს. ხელი ჩაიქნია ბავშვმა, როგორც ყველამ. ეს ისტორია დაიმახსოვრეთ. მომავალში, როცა დასვამთ შეკითხვას, რა არ გააკეთეთ სწორად, ეს გოგონა და მისი თანატოლები გაიხსენეთ".
მაშინ აღნიშნულ თემაზე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ წერილში ეწერა:
"გაცნობებთ, რომ ფონდის დაკვეთით ხორციელდება საქართველოს რიგი საჯარო სკოლების სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტები. ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს 19 სკოლის სარეაბილიტაციო და ასევე, 6 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები, რომელთაგან ერთი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი 5-ის - 2023-2024 წლებში. ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით აგრეთვე მიმდინარეობს 8 სკოლის სამშენებლო სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთაგან 3 სკოლის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო დანარჩენი 5-ის - 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში".
ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ თითოეული სკოლისთვის ინდივიდუალური პროექტია შექმნილი და შესაბამისად, სამუშაობის დაწყებისა და დასრულების თარიღი განსხვავებულია. მათივე თქმით, თითოეული მშობელი აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმირებულია, ბავშვები გადანაწილებულნი არიან სხვა სკოლებში და მათი განათლების უფლება არ იზღუდება. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, კონკრეტულ მაგალითთან დაკავშირებით, მშობელს შეუძლია, დირექციას დაუკავშირდეს და სკოლის მშონებლობისა თუ რეაბილიტაციის შესახებ მათგან მიიღოს პასუხი...