ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
მეტყველების სხვადასხვა დარღვევას შორისაა „რ“ ბგერის გამოუთქმელობა. მშობლებს ზოგჯერ ჰგონიათ, ბავშვი სკოლაში რომ შევა, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება. ფსიქოფიზიოლოგები კი სხვაგვარად ფიქრობენ - სპეციალისტების აზრით, თუ ბავშვი „რ“ ბგერას 6 წლის ასაკისთვის ვერ გამოასწორებს, ამ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ რთული იქნება.
ლოგოპედებიც მეტყველების დეფექტებთან ბრძოლის კრიტიკულ პერიოდად 6-7 წლის ასაკს ასახელებენ. თუმცა, ამ ასაკამდე „რ“ ბგერის დამახინჯებულად წარმოთქმაზე ნუ იღელვებთ, ის 6-7 წლისთვის ადვილად გამოსწორდება ლოგოპედის დახმარებით და ზოგჯერ მის გარეშეც. გაცილებით სერიოზულადაა საქმე, როცა ბავშვი სიტყვაში ასოებს ან მარცვლებს ანაცვლებს ან სიტყვის ნაწილს ყლაპავს.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დედა და მამა ხშირად ყურს აჩვევენ ბავშვის დამახინჯებულ ბგერებს და პრობლემად ვეღარ აღიქვამენ მას. ამიტომ სკოლაში შესვლამდე ერთი წლით ადრე გეგმიური ვიზიტი ლოგოპედთან აუცილებელია.
სპეციალისტები გაფრთხილებენ, რომ მშობლებმა, ვის შვილებსაც მეტყველების სერიოზული პრობლემები აქვთ, ბავშვის სკოლაში შეყვანა უნდა გადადონ და პრობლემის გამოსწორებაზე იზრუნონ.
ბავშვი, რომელსაც ბგერათწამოთქმა დარღვეული აქვს, ხშირად წერილობით მეტყველებაშიც პრობლემები ექმნება. არის რისკი, რომ დამახინჯებულადაც ესმოდეს. ამიტომ სმენითი ინფორმაციის აღქმა გაუჭირდება და სწავლაში პრობლემები ადრევე დაიწყება.
მეტყველების პრობლემებზე უამრავი გარემოება ახდენს გავლენას მემკვიდრეობითობიდან დაწყებული, საშვილოსნოსშიდა განვითარებით დამთავრებული, თუმცა, მნიშვნელოვანია სიტყვათწარმოქმნა დროულად გამოსწორდეს. 6 წლამდე თანდაყოლილი პრობლემებიც კი შეიძლება გამოსწორდეს, იმდენად პლასტიურია ბავშვის ტვინი ამ ასაკამდე.
ასე რომ, მეტყველების დეფექტების გამოსწორების მიზნით, დროულად ჩართეთ ლოგოპედი და ნევროლოგი. ნუ გადადებთ და ნუ გაართულებთ პრობლემის მოგვარების გზას.