ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
როგორ სათამაშოს არ ნახავთ დღეს ბაზარზე - ციფრული თამაშებით დაწყებული, სამეცნიერო ექსპერიმენტების ნაკრებით დამთავრებული. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ძვირი სიამოვნებაა, ბავშვები მუდამ ახალ-ახალს ითხოვენ და მშობელს გამუდმებით უწევს სოლიდური თანხის გადახდა სათამაშოებში. თუმცა აღმოჩნდა, რომ საუკეთესო სათამაშოები ტვინისა და კრეატიულობის განვითარებისთვის თეთრიც კი არ ღირს და ყველა სახლსა თუ ეზოში მოიპოვება.
ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუძლიათ საგნის ხელში დაჭერა, არასოდეს ჩაუვლიან გულგრილად გვერდს კარგ გამძლე ჯოხს. მათი ინტუიცია არ ღალატობთ - გრძნობენ, რომ ჩვეულებრივი ხის ჯოხი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე საინტერესო თამაშების წყარო გახდეს. ჯოხი შესანიშნავად აშხეფებს გუბეებს, გამოსცემს საინტერესო ხმებს, როცა სხვადასხვა საგანზე დააკაკუნებ. ასევე ის შეიძლება იქცეს ანკესად, ცხენად, შუბად, დროშად და ღმერთმა იცის, კიდევ რად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ამ თამაშების თავად მოფიქრება და ბავშვისთვის გაზიარება - მისი ტვინი თავად შექმნის საინტერესო ვარიანტებს. ზრდასრულთა ამოცანა მხოლოდ იმის ახსნაა, რომ ჯოხი უნდა მოარიდოს თვალებს, თავს. არც სხვას ატკინოს და არც თავად იტკინოს რამე. .
რთულ პრეისტორიულ ხანაშიც კი მშობლებმა მოახერხეს, თავიანთი შვილებისთვის სათამაშოები გაეკეთებინათ. ყველაზე ხშირად ეს იყო თოჯინები, რომლებსაც გადაგრეხილი მასალისგან აკეთებდნენ. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ სათამაშო, რომელიც ადამიანს წააგავს, უნივერსალური სავარჯიშოა სოციალური უნარების განვითარებისთვის. ეს კი საჭიროა როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისთვის. თოჯინასთან თამაშით ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობას, გრძნობების გამოხატვას სწავლობს და იმ უნარ-ჩვევებს იღებს, რაც ცხოვრებაში გამოადგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ბევრი ბავშვისთვის თოჯინა ნამდვილი მეგობარი ხდება, სათამაშო, რომელიც თავადაც ბავშვს განასახიერებს და ეხმარება მას ოჯახსა და სამყაროში თავისი ადგილი იპოვოს.
მიეცით თქვენს შვილს ცარიელი ყუთი (საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მასში მთლიანად ეტეოდეს) და გარანტირებული გაქვთ ხანგრძლივი გართობის მასტერკლასი ახალგაზრდა თაობისგან. ბავშვებს უყვართ სახლების აშენება, ყუთისგან თვითმფრინავის ან რობოტის გაკეთება, თავშესაფარის მოწყობა და საგანძურის ყუთში დამალვა - და ეს და სხვა იდეები მის თავში დამოუკიდებლად იბადება. სწორედ ეს არის მუყაოს ყუთის მთავარი ხიბლი: ის, პრაქტიკულად, ნაგავია, მაგრამ შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებელ კურსებზე უკეთ მუშაობს.
უფასო საგანმანათლებლო სათამაშოების რეიტინგში არ შეიძლება თოკის, ლენტის ან კაბელის გამოტოვება - ნივთის, რომელიც ბავშვს ახალ ტაქტილურ გამოცდილებას და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. მშობლებმა მხოლოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ სამ წლამდე ბავშვებისთვის თოკი სახიფათო საგანია და მისით თამაში მხოლოდ ზრდასრულთა მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება.
სინამდვილეში, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მიწა და ტალახი. ეს არის ის, რაც ნამდვილად ავითარებს ბავშვებს. უპირველეს ყოვლისა, ტალახში, მიწასა თუ გუბეში თამაში სასარგებლოა ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამ ბუნებრივ მასალებთან კონტაქტი აუცილებლად ნიშნავს ახალ მიკროორგანიზმებთან შეხვედრას, რომლებიც ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს ასტიმულირებენ. ამასთანავე, ეს თამაშები, როგორც წესი, სუფთა ჰაერზე მიმდინარეობს და დამატებით „ბონუსებს“ გაძლევთ ჯანმრთელობისთვის - ჟანგბადს და მზის სხივებს.
მეორეც, ტაქტილური შეგრძნებები, რომლებსაც ბავშვი განიცდის ფხვიერ, წებოვან ან სლიპინა მასალებთან მუშაობისას, ძალზე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის. ასე ყალიბდება ახალი ნერვული კავშირები და ვარჯიშდება ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სენსორულ მგრძნობელობაზე.
გგონიათ, მილის გამოყენება მხოლოდ საყვირად ან ჭოგრიტად შეიძლება? ნებისმიერი ბავშვი დაგიმტკიცებთ, რომ ამ სიას დიდი ჩამონათვალი აკლია. პატარა ადამიანის ტვინი შექმნილია იმისთვის, რომ მოიფიქროს, როგორ გამოიყენოს მარტივი საგნები შემოქმედებითად. ექსპერიმენტისთვის შეეცადეთ ჯოხი, მილი და თოკი თვალსაჩინო ადგილას დაუტოვოთ და ისიამოვნეთ თქვენი შვილების განმავითარებელი გართობით.