სახლიდან გაქცევის მიზეზი ძირითადად, მშობლებთან დაძაბული ურთიერთობაა ერთ მშვენიერ დღეს თქვენი მოსიყვარულე ვაჟიშვილი ან გოგონა უხეში და ნერვიული ხდება. არ ესმის არც რჩევა, არც შენიშვნა. ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება ეს პრობლემა, როცა შვილი 12-13 წლის ხდება. ზოგიერთი შვილი ამ ასაკშიც ახარებს თავის მშობლებს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც იშვიათია.
გახსოვდეთ, თქვენი მოზარდი შვილი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომელიც მოზრდილთა სამყაროში საკუთარ ადგილს ეძებს. ყოველი მოზარდი სხვადასხვანაირად ცდილობს ამას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. ზოგიერთს უფრო ადვილად უგებენ ოჯახში, ზოგიერთი კი თანამოაზრეებს სხვა სამყაროში ეძებს, სადაც ყოველთვის კარგი რჩევებით არ "უმასპინძლდებიან". გახსოვდეთ, რომ მოზარდების ბევრ უცნაურ ახირებას ფსიქოლოგები "ნორმალურ საყმაწვილო სინდრომს" უწოდებენ.
რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე ხშირად მოზარდებს და რით გამოხატავენ გარდატეხის ასაკის ნიშნებს.
ამბოხი
გარდატეხის ასაკში მყოფი გოგო-ბიჭები საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს პოულობენ და საკმაოდ რაციონალურად აზროვნებაც შეუძლიათ. მათ ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ და დასაბუთებულადაც მსჯელობენ. ისინი ყველაფერს გააპროტესტებენ, რასაც თავს მოახვევთ. არ აღიარებენ საზოგადოებაში მიღებულ წესებს. ყველაფრით უკმაყოფილოები არიან - აკრიტიკებენ მშობლებს და მასწავლებლებს, თან მზად არიან, ბოლომდე გაიტანონ თავისი.
მშობლებმა ამ დროს მაქსიმალური სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და მშვიდად, რბილად მიუთითონ სწორი პოზიციისკენ. გახსოვდეთ, არც ისე ცუდია, თუ ამ ასაკში ბავშვი დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობისკენ მიისწრაფვის. მოვა დრო და ხასიათის ეს თვისებები უკეთეს გამოხატულებას იპოვის.
არასტაბილურობა და არაორგანიზებულობა
ერთ დროს დამჯერი, აკურატული და მოწესრიგებული ბიჭი ოთახში ნივთებს აღმა-დაღმა ისვრის, აგვიანებს და კატეგორიულ უარს აცხადებს კბილების გახეხვაზე ძილის წინ. ხასიათი ელვისებული სისწრაფით ეცვლება - ან უზომოდ ბედნიერია, ან ყველაზე უბედური.
ასეთი ქცევა გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელია. მოზარდი მის ცხოვრებაში მომხდარ ყველა ცვლილებას ზედმეტად განიცდის: სიყვარულს, შეცდომებს, წარმატებასაც და იმედგაცრუებას.
დამუხრუჭებული ემოციები
მოზარდს მოზრდილის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს და მზადაა, ცხოვრებაზე თავისი წარმოდგენა რეალობად აქციოს. არადა, ყველაფერში ზღუდავენ, ვალდებულებებს ახსენებენ და წესების დაცვას აიძულებენ.
შედეგად იმედგაცრუებას ვიღებთ, რამაც შეიძლება მოზარდის ქცევის ერთგვარი შეზღუდვა და ბლოკირება მოახდინოს.
თუ დროულად არ ამოუდგებით მხარში თქვენს შვილს, შეიძლება პრობლემები სწავლაშიც შეექმნას და ურიერთობებშიც.
მფრთხალი და მორიდებული
ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მოზარდებში, რადგან ხშირად არიან უკმაყოფილოები საკუთარი გარეგნობით, სიმაღლით, წონით, ცხვირის ფორმითა თუ მკერდის გარშემოწერილობით. ერთი სიტყვით, ყველაფრით, რაც მათი აზრით იდეალურისგან შორსაა.
მოზარდისთვის სიმფრთხალე მტანჯველი პრობლემაა, ამას მორცხვობაც ერთვის, რაც დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული. ეს ყველაფერი მოზარდს გარშემო მყოფებთან სრულფასოვან ურთიერთობაში ხელს უშლის.
სახლიდან გაქცევა
სახლიდან გაქცევის მიზეზი ძირითადად, მშობლებთან დაძაბული ურთიერთობაა. მოზარდისთვის აუცილებელია, რომ ყველაფრის მიუხედავად, აგრძნობინონ, როგორ უყვართ და აფასებენ. გაქცევის მეორე მიზეზი დამოუკიდებლობის დამტკიცების სურვილია. როცა დაბრუნდება, აუცილებლად უნდა მოგვარდეს უთანხმოების ყველა მიზეზი.
ალკოჰოლი და ნარკოტიკები
აკრძალული ხილი გარდატეხის ასაკში უფრო გემრიელია. ბევრი იწყებს ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკის გასინჯვას სწორედ გარდატეხის ასაკში. ამას ზოგჯერ ნარკოდამოკიდებულებაც მოყვება. ამიტომ მშობლებს გაათმაგებული ყურადღება მართებთ.
ნარკოდამოკიდებულობის ნიშნები
- უეცარი მოდუნება სწრაფად იცვლება ეიფორიითა და ჰიპერაქტიულობით
- განწყობის მუდმივი ცვალებადობა და უმადობა
- მკევთრად გაფართოებული ან შევიწროვებული გუგები.
- მეტყველების დარღვევა
- კანკალი და ცხვირის გარშემო კანის გაღიზიანება
- მუდმივად ფულის მოთხოვნა
- მეგობრებისა და გარემოცვის მკვეთრი ცვლილება.
თუ მსგავს პრობლემას შეეჩეხნენ, მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ. პირიქით, სრული მობილიზებით უნდა მოახერხონ, რომ დროულად უმკურნალონ შვილს. ამ ასაკში კი ყველაზე კარგი მკურნალი სიყვარულია.
არა მარტო ამ პრობლემას, ყველა ასაკობრივ პრობლემას მოზარდი ყველაზე უკეთ მშობლის გვერდში დგომით გადალახავს - ახსნით, საუბრით, ურთიერთგაგებით. და არა იგნორირებით, ყვირილით, ცემა-ტყეპით და ნათესავ-მეგობრების ჩარევით. მაქსიმალურად ახლოს იყავით შვილებთან ნებისმიერ ასაკში, მას თქვენი ნდობა უნდა ჰქონდეს, თქვენი იმედი და სურვილი, ყოველთვის ყველაფერი გაგიზიაროთ.