როგორ უნდა მიხვდეთ, რამდენ ხანში დაეწყება გოგონას მენსტრუაცია და როგორ უნდა შეამზადოთ ბავშვი  ამისთვის - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რამდენ ხანში დაეწყება გოგონას მენსტრუაცია და როგორ უნდა შეამზადოთ ბავშვი  ამისთვის

2023-09-13 12:02:14+04:00

მენსტრუაცია ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და რაც უფრო მომზადებული იქნება გოგონა, ნაკლებად ტრავმული იქნება მისთვის პირველი სისხლდენა. მენსტრუაცია საშუალოდ 12 წლიდან იწყება, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია: ზოგიერთი გოგოსთვის ის შეიძლება დაიწყოს 9 წლის ან 15 წლის ასაკში.

რაც უფრო მალე უამბობთ გოგონას ამ პროცესის შესახებ, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის ყველაფრის გამკლავება. მენსტრუაციას ხომ ყოველთვიურად არა მხოლოდ სისხლდენა, არამედ ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებებიც ახლავს.

მაშ, როგორ და როდის უნდა უთხრათ გოგონას მენსტრუაციის შესახებ?

ბავშვი შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკში დაინტერესდეს ამ თემით. მაგალითად, შეიძლება თქვენს ჰიგიენურ საშუალებებს მოჰკრას თვალი და კითხვები დაგისვათ. არ არის საჭირო მათი ალტერნატიული გამოყენების გამოგონება, ჯობია მისი ასაკის გათვალისწინებით, აუხსნათ, რისთვის არის განკუთვნილი.

საუბრის დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს ფილმის ეპიზოდი, წიგნი ან თუნდაც რეკლამა. დიდხანს ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც თქვენი ქალიშვილი თავად გკითხავთ - ბავშვი შეიძლება მორცხვი იყოს ან საერთოდ არ ფიქრობდეს ამაზე. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქალიშვილში მომხდარ ცვლილებებს. ისინი დაახლოებით განიშნებენ, როდისაა მენსტრუაციის დაწყება მოსალოდნელი - არსებული სამედიცინო მონაცემებით, მკერდი იწყებს ზრდას პირველ მენსტრუაციამდე ორი წლით ადრე, ხოლო მასზე ექვსი თვით ადრე ბოქვენსა და იღლიებში თმა საგრძნობლად იზრდება. თუ შეამჩნევთ ამ ცვლილებებს, დროა დაიწყოთ საუბარი.

1. წინასწარ მოემზადეთ

ეცადეთ წინასწარ მოემზადოთ ამ საუბრისთვის, როგორც სიტყვიერად, ისე განწყობით.

მოემზადეთ იმისთვის, რომ შვილმა შეიძლება ბევრი შეკითხვა დაგისვათ და შეეცადეთ გულწრფელად უპასუხოთ მათ.

2. გაიხსენეთ ბავშვობა

გაიხსენეთ, როდის დაიწყო თქვენი პირველი მენსტრუაცია და როგორ ჩაიარა. მემკვიდრეობითი ფაქტორი მნიშვნელოვანია და დიდი შანსია, ყველაფერი იმავე ასაკში დაიწყოს და მსგავსად წარიმართოს. უთხარით თქვენს ქალიშვილს, როგორ გრძნობდით თავს, რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი მენსტრუაცია და როგორ გაუმკლავდით.

3. ისაუბრეთ ჰიგიენაზე

მას შემდეგ რაც ქალიშვილს მენსტრუაციის შესახებ ეტყვით, არ დაგავიწყდეთ ასწავლოთ ჰიგიენის წესები. აჩვენეთ ყველანაირი საფენი და დაეხმარეთ, აარჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული. ასწავლეთ გაჟონვისგან დაცვის მეთოდები.

4. წააკითხეთ სანდო რეკომენდაციები

ზოგიერთ ბავშვს დეტალურად აინტერესებს, რა და როგორ მიმდინარეობს მის სხეულში. ამიტომ, თუ საჭირო გახდება, შეგიძლიათ აარჩიოთ რომელიმე სანდო წყარო და მას დაწვრილებით წააკითხოთ ყველაფერი მენსტრუაციის შესახებ.

5. შთააგონეთ, რომ მენსტრუაცია სირცხვილი არ არის

წლების განმავლობაში ქალებს რცხვენოდათ მენსტრუაციის გამო: რეკლამებში მხოლოდ ისეთი ფრაზები გამოიყენებოდა, როგორიცაა „ეს დღეები“, ხოლო სკოლაში ტანსაცმელზე ლაქები შეიძლება დაცინვის და გოგონას საშინელი დისკომფორტის მიზეზი გამხდარიყო. დრო იცვლება და დღეს ქალებს შეუძლიათ უფრო ღიად ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე. ასწავლეთ გოგონას, არ შერცხვეს იმის, რაც მის სხეულში ხდება, რადგან ზრდა მშვენიერი პროცესია და მენსტრუაციაში არაფერია სამარცხვინო.

რა არ უნდა გააკეთოთ გოგონას ან ბიჭის ინტიმური ჰიგიენის დაცვისას
რომელ ასაკშია მენსტრუაცია ნაადრევი ან დაგვიანებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა გოგონას ინტიმურ ჰიგიენაზე - კომპეტენტური პასუხები აქტუალურ თემაზე
გოგონას ინტიმური ჰიგიენა - რჩევები დედებს